გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2166-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.12.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - მ----- გ-------ე
წარმომადგენელი - ც-–---- ბა-----–---–ი
მოპასუხე - თ-----ი გ-------ე
წარმომადგენელი - მ--–-----ნ გო--------ე
დავის საგანი - თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქუთაისი დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10, თ-----ი გ-------ის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა მ-----ი გ-------ის მიმართ და მოპასუხე თ-----ი გ-------ეზე, მ-----ი გ-------ის მიმართ, შემდგომი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 21 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მ-----ი გ-------ეს და თ-----ი გ-------ეს შორის დაამტკიცა მორიგების აქტი, რომლითაც გაიმიჯნა მ-----ი გ-------ის უფლება ნაკვეთ №2-ზე, ხოლო ნაკვეთი №1 გადაეცა თ-----ი გ-------ეს. ნაკვეთი №3 დარჩა საერთო საკუთრებაში.
მოპასუხე თ-----ი გ-------ის მიერ უგულვებელყოფილია სასამართლო განჩინება და კანონი. მოპასუხე მხარე ახდენს საზიარო უფლების თვითნებურად მართვას, რომლითაც ხელს უშლის მოპასუხე მ-----ი გ-------ეს თანაზომიერად საერთო ქონების მართვაში. კონკრეტულად კიბის საფეხურებზე ჩაასო ძელები მ-----ი გ-------ესთან შეთანხმების გარეშე, რითაც შეეზღუდა უფლება მ-----ი გ-------ეს თავისუფლად ისარგებლოს კიბის უჯრედით. აგრეთვე ბორდიურზე გრანიტის ფილები ააკრა, რომელიც ხელს უშლის ავტომობილის ჩასვლას.
მოპასუხე ზღუდავს და ცდილობს მოსარჩელეს ხელი შეუშალოს ეზოში ავტომობილით შესვლისას. აგრეთვე ეზოში აწყობს ნივთებს და ზოგჯერ ადგილი აქვს მიკროავტობუსით ეზოს ჩახერგვას. მოსარჩელემ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს 2016 წლის 31 მარტს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის და საზიარო ფართში უკანონო ქმედების გამო. პოლიციის მე-2 განყოფილებიდან კი მოსარჩელემ მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული დავა წარმოადგენდა სამოქალაქო დავას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მ-----ი გ-------ეს და თ-----ი გ-------ეს შორის დაამტკიცა მორიგების აქტი, რომლითაც საამზომველო კომპანია შპს ,,ინტელექტ კადასტრ ჯგუფი“-ს მიერ ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში გაიმიჯნა მ-----ი გ-------ის უფლება ნაკვეთ №2-ზე, ხოლო ნაკვეთი №1 გადაეცა თ-----ი გ-------ეს. ნაკვეთი №3 დარჩა საერთო საკუთრებაში. უფლება აღნიშნული ფორმით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
მტკიცებულება:
2011 წლის 21 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ.16-18);
3.1.2. დადგენილია, რომ მოდავე მხარეები (ძმები) - ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, მ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N2/728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 308.54 კვ.მ. და დამხმარე ნაგებობა - 6.75 კვ.მ).
ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, თ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N1/368.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 377.36 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა - 2.40 კვ.მ).
მტკიცებულება:
საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ; 14-15);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ზღუდავს და ცდილობს მოსარჩელე მხარეს ხელი შეუშალოს თანასაკუთრებით სარგებლობაში; კერძოდ, ეზოში ავტომობილით შესვლისას. აგრეთვე ეზოში აწყობს ნივთებს და ზოგჯერ ადგილი აქვს მიკროავტობუსით ეზოს ჩახერგვას. მოსარჩელემ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს 2016 წლის 31 მარტს, თუმცა უშედეგოდ.
მტკიცებულება:
სარჩელი. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი). (ტ.1. ს.ფ. 1-11);
3.2.2. მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდა ადგილზე დათვალიერება. ოქმით დადგენილია, რომ მოდავე მხარეები - ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, მ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N2/728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 308.54 კვ.მ. და დამხმარე ნაგებობა - 6.75 კვ.მ). ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, თ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N1/368.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 377.36 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა - 2.40 კვ.მ).
2011 წლის 21 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს N2/ბ-537 განჩინებით საერთო საკუთრებაში არსებული N3 ნაკვეთი, წარმოადგენს მოსარჩელის და მოპასუხის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ ეზოს ნაწილს. (ტ.1. ს/ფ. 16. მიწის ნაკვეთის გაყოფის საკადასტრო აზომვითი ნახაზი). ადგილზე დათვალიერებისას მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ კიბის საფეხურზე ჩაასო ძელები, რაც ხელს უშლის კიბეზე გადაადგილებაში. მისივე განმარტებით, მოპასუხე მომავალში აპირებს საერთო საკუთრების ეზოს გაყოფას. ასევე ბორდიურზე ააკრა გრანიტის ფილები, რაც ხელს უშლის ეზოში ავტომობილით ჩასვლას. მოპასუხემ კატეგორიულად უარყო მოსარჩელის განმარტება და აღნიშნა, რომ მისი მოქმედება არ სცდება თანასაკუთრებით სარგებლობის უფლებას და მოსარჩელე უსაფუძვლოდ ედავება.
მტკიცებულება: ადგილზე დათვალიერების ოქმი. მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია საერთო საკუთრების უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთა, რაც გამომდინარეობს საკუთრების შინაარსიდან და სახეზეა თანასაკუთრებიდან გამომდინარე დავა.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან.
სასარჩელო წარმოებისას მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხისგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს მესაკუთრის (თამამესაკუთრის) ფუნდამენტურ უფლებას და მისი მხრიდან ხომ არ ხდება უფლების ბოროტად გამოყენება. (ს.კ.170-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხი.
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლა არ დასტურდება, შესაბამისად არ არსებობს ქმედება, რაც უსაფუძვლოდ ხელყოფს მოსარჩელის (თანამესაკუთრის) უფლებას, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა აღიკვეთოს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი N1 პარიზი, 1952 წლის 20 მარტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-, 172-ე, 311-312-ე, 953-954-ე, 958-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო მხარეებს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა.
როგორც აღინიშნა, მესაკუთრეს (თანამესაკუთრეს) ეკრძალება საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სსკ 115-ე მუხლი). აქ ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. თუ მესაკუთრეს (თანამესაკუთრეს) არ ადგება ზიანი და ის მაინც იყენებს მის უფლებამოსილებას, ეს უკვე იქნება უფლების ბოროტად გამოყენება.
-ამ მიმართებით საყურადღებოა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მოხმობილი მუხლით, გარანტირებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ამ კონსტიტუციური უფლების სამოქალაქო-სამართლებრივ რეალიზაციას წარმოადგენს მესაკუთრისათვის საკუთრებით სარგებლობის იმგვარი უფლების მინიჭება, როდესაც უფლების მქონე ამ უფლების ობიექტს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, გამოიყენებს ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სხვის უფლებას.
6.2. როგორც აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა თანასაკუთრებიდან გამომდინარე დავა. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დანაწესიდან.
-სასამართლო კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მსჯელობამდე, აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს საკუთრების, როგორც მოქალაქის ფუნდამენტური უფლების იურიდიული ბუნება.
6.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის N-1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით - ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი N1 პარიზი, 1952 წლის 20 მარტი).
6.4. საკუთრების უფლებაზე დავისას, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს საკუთრების უფლების შინაარსი: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ის არ არის სრულიად აბსოლუტური უფლება. მესაკუთრის უფლებამოსილება შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით. თითოეული სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას, მესამე პირს. საკუთრების უფლების გამოყენებით არ უნდა დაზარალდეს სხვა. აღნიშნული უფლება ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული.
თვით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც სხვა თანამესაკუთრეს ადგება ზიანი. გამოკვეთილი არ არის თანამესაკუთრის, მოპასუხე - თ-----ი გ-------ის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ხელს უშლის მეორე მესაკუთრეს, მოსარჩელე, მ-----ი გ-------ეს საკუთრებით სარგებლობაში. აღნიშნულმა ფაქტმა ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა ადგილზე დათვალიერებისას. მოსარჩელის მითითება მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის არსებობის შესახებ არ დადასტურდა და იგი უფრო მოსარჩელის ვარაუდს წარმოადგენს ვიდრე რეალურ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე განმარტა, ,,საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს. ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით“. (ას-439-415-2013).
6...ამ მხრივ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე (AFFAIღE შPOღღONG Eთ LÖNNღOთH ც. შUEDE), რომლის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი საკუთრების უფლების არსი. ამით საკუთრების უფლება ხდება პირობითი და გაუქმებადი. შესაბამისად ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
6.7. ამდენად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ ხელშეშლის არარსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე, მოპასუხე თ-----ი გ-------ესთან (მესაკუთრე) ერთად, თანასაკუთრების უფლებით ფლობს ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, 108.13 კვ.მ. ნაკვეთს. ასევე საკუთრების უფლებით ფლობს N2/728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 308.54 კვ.მ. და დამხმარე ნაგებობა - 6.75 კვ.მ). ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, თ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N1/368.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 377.36 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა - 2.40 კვ.მ). დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს N2/ბ-537 განჩინებით საერთო საკუთრებაში არსებული N3 108.13 კვ.მ. ნაკვეთი, წარმოადგენს მოსარჩელის და მოპასუხის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ ეზოს ნაწილს. (ტ.1. ს/ფ. 16. მიწის ნაკვეთის გაყოფის საკადასტრო აზომვითი ნახაზი).
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე - როგორც მესაკუთრე (თანამესაკუთრე), უფლებამოსილია მოითხოვოს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთა სხვა პირებისაგან, მათ შორის მესაკუთრე (თანამესაკუთრე) თ-----ი გ-------ისგან იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად დადგინდება მოპასუხის მხრიდან ხელყოფა, ან/და უფლებით ბოროტად სარგებლობა. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, შეისწავლა მოპასუხის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების საკითხი და მიაჩნია, რომ თ-----ი გ-------ის მხრიდან მოსარჩელე მ-----ი გ-------ის მიმართ, უფლების დარღვევა, კერძოდ, თანასაკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა არ დასტურდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესების უპირატესობა გამოკვეთილი არ არის და სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.
6.8. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლით - თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. იმავე კოდექსის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე თ-----ი გ-------ესთან (მესაკუთრე) ერთად, თანასაკუთრების უფლებით ფლობს ქ. ქუთაისში დ. კლდიაშვილის მე-8 შესახვევი N10-ში, 108.13 კვ.მ. ნაკვეთს.
სამოქალაქო კოდექსის 956.1 მუხლით - საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. მოდავე მხარეები გარდა იმისა, რომ არიან მეზობლები, არიან ძმები და თანამესაკუთრეები. თანამესაკუთრეებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს საკუთრებით სარგებლობაში. ამისათვის აუცილებელია მხარეებმა გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა. შესაბამისად ამ სიკეთის წყალობით ერთმანეთთან ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ თანასაკუთრებით სარგებლობაში. სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესების დაცვა მაშინ იქნება სავალდებულო და აუცილებელი, თუ მხარეები არ გამოიჩენენ ერთმანეთის პატივისცემას, სამოქალაქო მოვალეობისადმი სწორ დამოკიდებულებას, კულტურას და მაღალ შეგნებას.
- ამ მხრივ საყურადღებოა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ძალაშია 1976 წლის 3 იანვრიდან) მე-11 მუხლი - წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. (თავის მხრივ, საცხოვრისის უფლება სხვა მცნებებთან ერთად მოიცავს ძირითად საბაზისო კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობასაც (გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის ზოგადი განმარტება N4).
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის არსებობა, ამდენად მისი პოზიცია უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან არ არის გამოკვეთილი მისივე ინტერესის უპირატესობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად მიჩნეული გარემოებები იძლევა ზუსტი სამართლებრივი დასკვნის შესაძლებლობას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტის არარსებობის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - 1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სს კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მ-----ი გ-------ის სარჩელი თ-----ი გ-------ის მიმართ - ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე