გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23--3 - 2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - ზა------------–---–ი.
წარმომადგენლები - ნი----–---------–----ე, რო----------–---ი.
მოპასუხე - კა---------------ი.
მოპასუხე - შპს ,,მა---------------------ა’’
წარმომადგენელი - ქეთ----------------–ი.
დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, წილის საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 20---–-–------------–ის კრების ოქმი, რომლითაც ზა------------–---–მა შპს ,,მა---------------------ა’’-ში მისი კუთვნილი 49% წილი უსასყიდლოდ გადასცა კა---------------ს
1.2. ზა------------–---–ი ცნობილი იქნას შპს ,,მა---------------------ა’’-ს 49% წილის მესაკუთრედ.
სარჩელის თანახმად ზა------------–---–მა 2013 წლის 23 სექტემბერს, აზარბაიჯანის მოქალაქე კა---------------თან ერთად დაარსა შპს ,,მა---------------------ა’’, სადაც მხარეთა შეთანხმებით წილები გადანაწილდა შემდეგი პროპორციით: 51% წილი კა---------------ი და 49% წილი ზა------------–---–ი. კომპანიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების და სხვა სახის პროდუქციის (ე/წ კონტეინერების, ბიო-ტუალეტების, ხელსაწყოების და ა. შ.) გაყიდვა-გაქირავება. 2013 წლის 23 სექტემბრიდან 20---–-–------------–ამდე კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა ზა------------–---–ი და მასზედ იყო დამოკიდებული შპს ,,მა---------------------ა’’-ს განვითარება. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ კა---------------ი საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. კომპანიამ სერიოზული განვითარება დაიწყო 2015 წლიდან და მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სწორედ ზა------------–---–მა. 20---–-–------------–ს კა---------------ის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის გამო ზა------------–---–ი იძულებული გახდა კუთვნილი 49% წილი უსასყიდლოდ დაეთმო კამ--------------ისათვის.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მას აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ინტერესებისათვის დასჭირდა გარკვეული ოდენობის თანხა. იმის გათვალისწინებით, რომ 2015-2017 წლების კომპანიის მოგებიდან კუთვნილი დივიდენდი მიღებული არ ჰქონდა, ზა------------–---–მა კომპანიიდან გამოიტანა თანხა, რითაც საწარმოსათვის ზიანი არ მიუყენებია. აღნიშნულის შესახებ კი მან პარტნიორს თავად შეატყობინა ქალაქ ბაქოში სტუმრობის დროს. კა---------------ს აღნიშნულზე არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა რამდენიმე დღეში კა---------------ი თავად ჩამოვიდა თბილისში და ზა------------–---–ს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება თანხის კომპანიიდან გატანის, რომ აღნიშული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და რომ აპირებდა საჩივრით მიემართა პროკურატურისათვის. კა---------------მა ფსიქოლოგიური ზეწოლით, შანტაჟითა და მუქარით აიძულა ზა------------–---–ი უსასყიდლოდ დაეთმო კომპანიაში მისი კუთვნილი 49% წილი.
2. მოპასუხეების პოზიცია.
2.1. შპს ,,მა---------------------ა’’ -ს და კა---------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით კომპანიის წარმატებული საქმიანობა უკავშირდება არა ზა------------–---–ს დირექტორად მუშაობას, არამედ კა---------------ის ხელშეწყობით, აზარბაიჯანის რესპუბლიკაში მიღებულ კონტრაქტს, რომლის ღირებულება აღემატებოდა 1 000 000 აშშ დოლარს. სამუშაოები შესრულდა შპს ,,მა---------------------ა’’ სუბკონტრაქტორების მიერ და კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში ჩართული იყო თავად კა---------------ი. დეკლარაციის შესაბამისად, კომპანიის მოგებამ შეადგინა 258 763 ლარი, თუმცა პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილებაზე რაიმე შეთანხმება არ გაფორმებულა და შესაბამისად კა---------------ს არ მიუღია კომპანიიდან დივიდენდი. 2017 წელს კვლავ კა---------------ის ძალისხმევით კომპანიამ მიიღო კონტრაქტი აზარბაიჯანში სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებაც აღემატებოდა 2 000 000 აშშ დოლარს. კონტრაქტი კვლავ შპს ,,მა---------------------ა’’ სუბკონტრაქტორების მიერ შესრულდა და მისი შესრულების პროცესში ისევ კა---------------ი იყო ჩართული, ხოლო ზა------------–---–ის მონაწილეობა ატარებდა ფორმალურ ხასიათს. იმ ვითარებაში, როდესაც პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილების თაობაზე შეთანხმება არ გაფორმებულა, ზა------------–---–ს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან პერმანენტულად გაჰქონდა და პირადი მიზნებისთვის მოიხმარდა ათეულ ათასობით აშშ დოლარს. კა---------------ს წლების მანძილზე ჰქონდა ზა------------–---–ის მიმართ ნდობა და კომპანიის მიმდინარე ფინანსურ საკითხებს არ აკონტროლებდა. 2018 წლის დასაწყისში კა---------------მა კომპანიის მატერიალურ ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად მოითხოვა სხვადსხვა მოწყობილობების შეძენა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ კომპანიის ანგარიშზე თანხები ფაქტიურად არ იყო, თუმცა კომპანიას გააჩნდა ასეულ ათასობით ლარის გაუნაწილებელი მოგება. იმის გათვალისწინებით, რომ ზა------------–---–ი იძულებული გახდა აეხსნა თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა კომპანიისათვის სხვადასხვა მოწყობილობების შეძენა, 2018 წლის აპრილში იგი ჩავიდა ქ. ბაქოში და კა---------------ს განუმარტა, რომ დაახლოებით 95 000 აშშ დოლარი მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის. ამასთან ზა------------–---–მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ კომპანიისათვის მიყენებული მორალური და ფინანსური ზიანის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ დაეთმო კომპანიაში მისი კუთვნილი 49% წილი და უარი ეთქვა დირექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას არ უძღოდა არანაირი შანტაჟი, მუქარა და იძულება. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ კა---------------მა ზა------------–---–თან შეინარჩუნა ნორმალური ურთიერთობა და იგი დანიშნა დირექტორის მოადგილედ, ამასთან ხელფასი განუსაზღვრა იმავე ოდენობით, როგორც ეს იყო დირექტორის პოზიციაზე მუშაობის დროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,მა---------------------ა’’ რეგისტრირებულია 2013 წლის 23 სექტემბერს. კომპანიის პარტნიორები იყვნენ: ზა------------–---–ი - 49% წილი, კა---------------ი - 51% წილი. კომპანიის დირექტორი - ზა------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.1.2. დადგენილია, რომ 20---–-–------------–ს შედგა შპს ,,მა---------------------ა’’-ს პარტნიორთა კრება, სადაც მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ზა------------–---–მა კუთვნილი 49% წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა კა---------------ს. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ზა------------–---–ი გათავისუფლდა შპს ,,მა---------------------ა’’-ს დირექტორის თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორად დაინიშნა კა---------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,მა---------------------ა’’-ს 20---–-–------------–ის კრების ოქმი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მხარეთა შორის დავას იწვევს გარემოება - დადებულია თუ არა 20---–-–------------–ს შპს ,,მა---------------------ა’’-ს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება იძულებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზა------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 85-ე, 86-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას, რომელზედაც ვრცელდება გარიგებათა შესახებ სსკ-ის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად კი გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ხოლო ამავე კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს იძულების ფაქტი, რაც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ იძულებასაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. ამასთან იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზა------------–---–მა მასზედ განხორციელებული მუქარასა და შანტაჟის გამო დაუთმო შპს ,,მა---------------------ა’’-ში კუთვნილი 49% წილი კა---------------ს. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზა------------–---–ის მიერ კომპანიიდან თანხის გატანის შემდეგ, კა---------------ი აპირებდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, არ ნიშნავს, რომ კა---------------ის მხრიდან ისეთი სახის ქმედების განხორციელებას ჰქონდა ადგილი, რაც ზა------------–---–ს აფიქრებინებდა, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ზა------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე 50 ლარის ოდენობით. გათვალისწინებით იმისა, რომ ზა------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს არ დაეკისრებათ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმომადგენელი შუამდგომლობს დაეკისროს მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს-246-244(კ-17) საქმეზე განმარტა შემდეგი: რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე: „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315 (კ-11); 30.10.15წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ. გადაწყვეტილებები). მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის რაიმე დასაბუთებას. განჩინებაში არ არის ახსნილი თუ რა გათვლას, საქმის გარემოებების რა შეფასებას ეფუძნება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა“.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მოითხოვს დაეკისროს მოსარჩელეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხეთა სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 250-250 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ზა------------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დაედო შპს ,,მა---------------------ა’’-ში (ს/კ 4--------) კა---------------ის სახელზე რეგისტრირებული 100% წილიდან 49%-ს.
გათვალისწინებით იმისა, რომ ზა------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ზემოაღნიშნული განჩინებებით გამოყენებული სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზა------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. დაეკისროს ზა------------–---–ს შპს ,,მა---------------------ა’’-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დაეკისროს ზა------------–---–ს კა---------------ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაკმაყოფილდა ზა------------–---–ის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო შპს ,,მა---------------------ა’’-ში (ს/კ 4--------) კა---------------ის სახელზე რეგისტრირებული 100% წილიდან 49%-ს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე