გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
330310017002213163
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3/8401-17 16 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - ბ---------------------ი

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - თ--------–--ე, ბ---------------ე

მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენლები - გ---------------ე, ი-------------–----ი

მესამე პირი - ალ---------ე ბე----ე

წარმომადგენელი - შ---------------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ნოემბრის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2016 წლის 28 დეკემბერს ალ---------ე ბე----ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს N--1------ განცხადებით მიმართა, რომლითაც მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ნ-----–----ის ქუჩა N6-ში მდებარე ბინა N8-ზე უნებართვოდ მიშენებული ფართის (აივნის) ლეგალიზება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოს ფოტოები, ამხანაგობის კრების ოქმი, საჯარო რეესტრის ამონაწერი და შიდა აზომვითი ნახაზი წარედგინა.

მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 და 30 იანვრის N3-----8 და N3------ ბრძანებები (ტომი 1, ს.ფ. 120-121, 160-161), განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 122), ფოტოები, კრების ოქმი, ორთოფოტო, საჯარო რეესტრის ამონაწერი, შიდა აზომვითი ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 123-130, 131-132, 133, 134, 135).

 

4.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანებით ალ---------ე ბე----ის 2016 წლის 28 დეკემბრის N--1------ განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ნ-----–----ის ქუჩა N6-ში მდებარე ბინა N8-ზე უნებართვოდ მიშენებული ფართი (აივანი) ლეგალიზებულად ჩაითვალა.

მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 160-161).

 

4.3. 2017 წლის 9 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ბ---------------------ის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის მიხედვით, ამხანაგობის კრების ოქმი, რომლის მიხედვით, ამხანაგობა თანახმა იყო სადავო ლეგალიზებაზე, არ არის სათანადოდ შევსებული, გაურკვეველია ამხანაგობის კრების ჩატარების თარიღი, ოქმის ნომერი, ამასთან, ოქმი ხელმოწერილია რ------------–---–ის მიერ, რომელიც არ იყო ამხანაგობის თავმჯდომარე და რომელმაც მოგვიანებით გაკეთებული განცხადებით განმარტა, რომ ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, ვინაიდან არ იცოდა ქართული ენა. საჩივარში მითითებულია მასზეც, რომ გასაჩივრებული აქტით ლეგალიზებული აივანი მიშენებულია არა 2003 წელს, არამედ 2008 წელს და იგი ხელყოფს ბორის ხაჩატუროვის, როგორც ლეგალიზებული ფართის მეზობელი ბინის მესაკუთრის ინტერესებს.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 149-154).

 

4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ნოემბრის N1----- ბრძანებით ბ---------------------ის 2017 წლის 9 მარტის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანება. ბრძანების თანახმად, არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მოთხოვნილი სალეგალიზებო ობიექტის ანუ მიშენების 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელების ფაქტს ან/და ლეგალიზების მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობას.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ნოემბრის N1----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 40-45).

 

4.6. საქმის მასალებიდან, კერძოდ, 2005 წლის ორთოფოტოდან ირკვევა, რომ 2005 წელს სადავო აქტით გათვალისწინებული აივანი უკვე აშენებული იყო. ამასთან, აღნიშნული ფართი ასახულია 2008 წლის 21 იანვარს მომზადებულ აზომვით ნახაზზე და მისი შემადგენლობით ბინის მთლიან ფართზე - 100,91 კვ.მ-ზე ალ---------ე ბე----ის უფლება აღრიცხულია საჯარო რეესტრში 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით.

მტკიცებულება: ორთოფოტო, შიდა აზომვითი ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 347, 348, 349), ტექნიკური ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 350-352), საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 355).

 

4.7. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანებით ლეგალიზებული მიშენება ავარიულია ან/და საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას.

სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტის პ---------------–---–ის მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს თბილისში, ნ-----–----ის ქუჩა N6-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით მომზადებული N0--------------- ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ: ვიზუალური დათვალიერებით შენობის გარე მზიდ კედლებზე, როგორც ქუჩის, ასევე ეზოს მხარეს და ტორცულ კედელზე შეინიშნება დახრილი და ვერტიკალური ბზარები. მესამე სართულის ღიობების თავზე მოწყობილ რკინაბეტონის სარტყელში, რამდენიმე ადგილზე, როგორც ქუჩის, ასევე, ტორცულ კედელზე აღინიშნება ვერტიკალური ბზარები. ეზოს მხრიდან მარჯვენა კუთხეში პირველ სართულზე ფანჯრის ღიობთან შეინიშნება 5-7 სმ გახსნილობის გამჭოლი დახრილი ნაპრალი, 1-2 სმ გახსნილობის ჰორიზონტალური ბზარები. შენობის ამ კუთხის ჯდენა, დეფორმაციები და განვითარებული ბზარები სავარაუდოდ გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების ჩადინებით სარდაფში, საძირკველების ფუძე-გრუნტის დასველებით, რის გამოც შემცირდა გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და შესაბამისად გრუნტის საანგარიშო წინაღობა, რამაც გამოიწვია შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარება და მზიდ კედლებში ბზარების წარმოქმნა. ჯდენის მიზეზი შეიძლება იყოს შენობის ამ ნაწილში რამდენიმე წლის წინ მოქალაქე ვიოლა მათიაშვილის საკუთრებაში არსებული N13ა ბინაში სამშენებლო ნორმების დარღვევით ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ეს ნაწილი დაკეტილია და ვერ მოხერხდა რეკონსტრუირებული ფართის დათვალიერება ფანჯრის ღიობიდან ჩანს არასწორად ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად (სარდაფის სართულის მოწყობის დროს) დაზიანებული შენობის მზიდი კონსტრუქციები: დეფორმირებული და დაბზარული სვეტები, ზღუდარები და კედლები, ლითონის საყრდენი სვეტი ეყრდნობა ხის კარადას, გაუქმებულია საკანალიზაციო ქსელის ჭა. შენობის ეს ნაწილი ამჟამად არ ფუნქციონირებს. ამრიგად, ნ-----–----ის ქუჩა N6-ში მდებარე სახლის მარცხენა ნაწილში მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. საჭიროა შენობის ამ ნაწილის დეტალური ტექნიკური მდგრადობის გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გაძლიერების პროექტის საფუძველზე შენობის გამაგრება.

2015 წლის 14 იანვრის N0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ნ-----–----ის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგენილია, რომ მთლიანად შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შესაძლებელია უმოკლეს ვადებში კომპეტენტური სამშენებლო ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული იქნას მთლიანად შენობა და მიღებულ იქნას კონკრეტული ღონისძიებები და გადაწყვეტილებები შენობის რღვევისა და დეფორმაციების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიუხედავად ადრე გაცემული ექსპერტიზის დასკვნებისა და მითითებებისა, დღემდე აღნიშნულ შენობას არ ჩატარებია არანაირი სარეკონსტრუქციო და გამაგრებითი სამუშაოები, რის გამოც შენობის ტექნიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მივიდა დაზიანებული ნაწილების რღვევამდე.

მტკიცებულება: სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს 2011 წლის 14 დეკემბრის N0--------------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 22-30); 2015 წლის 14 იანვრის N0-------- ექსპერტის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 31-33).

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’.

 

7. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ნოემბრის N1----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის N3------ ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის მიერ ქალაქ თბილისში, ნ-----–----ის ქუჩა N6-ში მდებარე ბინა N8-ზე უნებართვოდ მოწყობილი აივნის ლეგალიზებით შეილახა თუ არა ბ---------------------ის უფლება და შესაბამისი ბრძანებით დაირღვა თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცდა. აღნიშნული წესის მიხედვით, ლეგალიზება დაიშვება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ან დაწყებული მშენებლობების მიმართ (წესის პირველი მუხლი). ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას (წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი).

ამავე წესის მიხედვით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (წესის მე-2 მუხლი).

ამავე წესის მიხედვით, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენებება, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას) – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენებება, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას) - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ (წესის მე-3 მუხლი).

ამავე წესის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57(29.06.2011 N 340) დადგენილების მოთხოვნებისა).

???????????????? ??????????? ?????? ???????????? ??????????? ???????? ??????? ???????????? ???????? ადგენს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მრავალბინიან სახლზე განხორციელებული მიშენების ლეგალიზება დაიშვება, თუ მიშენება განხორციელებულია 2007 წლამდე და არ ეწინააღმდებება კანონმდებლობის მოთხოვნებს. დასრულებული მშენებლობის ლეგალიზებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის საჭიროებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არამედ, ასეთი თანხმობის საჭიროება გათვალისწინებულია დაუსრულებელი მშენებლობის ლეგალიზების შემთხვევაში იმ პირობებში, თუ მშენებლობა გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტით განხორციელდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული დასრულებული მიშენების ლეგალიზება, ამასთან, დადგენილია, მშენებლობა განხორციელდა 2007 წლამდე და არ დასტურდება მშენებლობის პერიოდში მასთან დაკავშირებით ამხანაგობის ან/და მისი წევრების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფაქტი, ასევე, მიშენების უარყოფით გავლენა კორპუსისა თუ მისი ნაწილის მდგრადობის მიმართ. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო მიშენება განაპირობებს კორპუსის ავარიულობას (პუნქტი 4.7). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლეგალიზების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

7.2. ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ნოემბრის N1----- ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს (პუნქტი 7.1).

 

8. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბ---------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია