განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002771526
საქმე N1-1096/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09.01.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------------–---–ი
ბრალდებული: ჰუ---------------------ი
მამის სახელი: ნე---------ი
დაბადებული: 0-.04.1960 წელი
პირადი ნომერი: 5---------0
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ორ----------–-----------------------------------–------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ბათუმი, ალ--------------------------------
ბრალდებულის ადვოკატი - პა---------–---ძე
თარჯიმანი - მზ-------------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171251018003
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ.ბათუმში, ალ. ყაზბეგის ქუჩა N11, ბინა N10-ში ყოფნისას, ჰუ---------------------იმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმითა და კისრისა და მკვლავის არეში ხელის მოჭერით, ასევე ხელის კვრით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - დი-–---------------ას, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც დი-–---------------ას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა ჰუ---------------------იმ დაადასტურა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დი-–---------------ას, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი)
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, დი-–---------------ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთების. არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.6. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ჰუ---------------------ი და დი-–---------------ა მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.8. ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: დი-–---------------ას, ნა-----–-–--–---------------–--------–---------------–--ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერი ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჰუ---------------------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჰუ---------------------იმ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია; ბრალდებული ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მომავალში გამორიცხავს რაიმე სახის კონფლიქტს, საქართველოში ცხოვრობს უკვე თითქმის სამი წელია, აქვს თავისი საწარმო, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია და იხდის გადასახდებს; არ აპირებს საქართველოს დატოვებას;
დაცვის მხარის განმარტებით ბრალდებულს წარსულში არა აქვს ნასამართლობა და მისი ასკიდან გამომდინარე მართლსაწინააღმდეგო ქცევის განმეორებაც აღარ უნდა მოხდეს;
5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ჰუ---------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი და არის 58 წლის, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ჰუ---------------------ის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - მინიმალური თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ჰუ---------------------ის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჰუ---------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ჰუ---------------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ჰუ---------------------ის დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;
ნივთიერი მტკიცებულება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე