გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.12.2018
საქმის ნომერი
080310116001615825
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 080310116001615825

საქმე №3/2168-2016 18 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თ----------------ე

 

მოპასუხე - შპს ,,კ------------’’

მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’

მოპასუხე - შპს ,,--------’’

მოპასუხე - გ------–----–-------ე

მოპასუხე - მ---------–-------ე.

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,კ------------ს’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ის’’, შპს ,,--------ს’’, გ------–----–-------ის და მ---------–-------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შ.პ.ს. „კ------------ს“ (ს/ნ 4196183--) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 34934,17 ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „კ------------ს“ ქონებაზე, 2014 წლის 21 ოქტომბერს №026-952 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 22 ოქტომბერს. ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 06 თებერვალს შპს „კ------------ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №026–6 ბრძანება, რომელიც შპს „კ------------ა“ დირექტორს გ------–----–-------ეს (პ/ნ 60001160340) ჩაბარდა 2015 წლის 13 თებერვალს. შპს „კ------------ს“ ერიცხებოდა მოძრავი ქონება: საკონტროლო სალარო აპარატები, ღუმელები, კონდიციონერები და სხვა. შედგა ყადაღის აქტი 2015 წლის 18 თებერვალს და ყადაღადადებული მოძრავი ქონება შეფასდა 6640 ლარად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით სხვა რაიმე სახის უძრავ–მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მოცემული პერიოდისათვის შ.პ.ს. „კ------------“–ს საკუთრებაში არ გააჩნია.

 

შპს „კ------------“–ს მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარირების შედეგად, 2014–2016 წლებში წარმოდგენილი საშემოსავლოს და დღგ–ს ყოველთვიური და მოგების წლიური დეკლარაციებით. ამასთან, ყადაღის ბრძანების გამოცემის მომენტში გადამხდელის დავალიანება შეადგენდა 7021.59 ლარს, ხოლო დღეისათვის 33893.08 ლარს. დავალიანების ოდენობა გაზრდილია დეკლარირების საფუძველზე, ხოლო ბიუჯეტში მოცემულ პერიოდში შეტანილია მხოლოდ 8013.64 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით საწარმოს ბრუნვა 2014 წელს შეადგენდა 335057 ლარს, 2015 წელს 330075.5 ლარს, ხოლო 2016 წელს ცხრა თვის მონაცემებით 112932 ლარს.

 

2016 წლის 01 ივნისს შპს „კ------------მ“ რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №20, აღნიშნული საკონტროლო სალარო აპარატი 2016 წლის 03 ივნისს (ორი დღის შემდეგ) დარეგისტრირდა იგივე მისამართზე – ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №20-ში ი/მ „გ---------–-------ეს“ სახელზე და გაგრძელდა ანალოგიური საქმიანობა. გ---------–-------ეს 2016 წლის 04 ოქტომბრის ახსნა-განმარტების თანახმად, გ------–----–-------ე არის მისი ბიძაშვილის მურმანი ლომთაძის (პ/ნ 41001004075) მეუღლე.

 

შ.პ.ს. „ს-------ს“ (ს/ნ 419620155) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა 2016 წლის 04 ოქტომბერს. (სალარო აპარატის რეგისტრაციამდე ცხრა დღით ადრე), რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია მ---------–-------ე.

 

2016 წლის 20 ოქტომბრიდან შპს „ს-------" ასევე ახორციელებს ანალოგიური პროდუქციის ზედნადებებით მიწოდებას თავისი ობიექტიდან შპს „კ------------ს“ მეორე ობიექტამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შ.პ.ს „კ------------ს“ მიერ დეკლარირებით დავალიანების გაზრდა, შემდგომ ერთი ობიექტის შეჩერება და იმავე ობიექტში ახალი მეწარმის (ი/მ გ---------–-------ე) ფუნქციონირება, რომელიც ახორციელებდა ანალოგიურ საქმიანობას, შემდგომ ამისა ი/მ გ---------–-------ის საქმიანობის შეწყვეტა და ახალი საწარმოს შპს „ს-------ს“ ფუნქციონირება - მიზნად ისახავს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებს - შპს ,,კ------------ს’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ეს’’, შპს ,,--------ს’’, გ------–----–-------ეს და მ---------–-------ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. მოპასუხეები არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან, რომლებსაც სხდომის დღის თაობაზე ეცნობათ და მოწვეული იყვნენ საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეებს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 11 დეკემბრიდან შპს ,,კ------------’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, იურიდიული მისამართი - ტყიბულის რაიონი, სოფელი კ---------ი, სხვა მისამართი - ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N38/18, კომპანიის დირექტორი - გ------–----–-------ე; ს/კ 4196183--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 23);

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,კ------------ს’’ სახელზე 2013 წლის 18 დეკემბრიდან რეგისტრირებულია - საკონტროლო სალარო აპარატი DY00086581, მისამართი - ქ. ქუთაისი. ბუხაიძის ქ. N20, ხოლო 2014 წლის 26 სექტემბრიდან საკონტროლო სალარო აპარატი DY00084063, მისამართი - ქ. ქუთაისი, ფალიაშვილის N21).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხდელის ფაილი (იხ. ს.ფ. 33);

- საკონტროლო სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი (იხ. ს.ფ. 34);

 

3.1.3. დადგენილია, რომ შპს „კ------------ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა დეკლარირების შედეგად, 2014–2016 წლებში წარმოდგენილი საშემოსავლოს და დღგ–ს ყოველთვიური და მოგების წლიური დეკლარაციებით.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N026-6 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,კ------------ს’’ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დეკლარაციები (იხ. ს.ფ. 43-53);

- N026-6 ბრძანება (იხ. ს.ფ. 42);

 

3.1.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 მაისიდან მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’, იურიდიული მისამართი - ქ. ქუთაისი, დ. კლდიაშვილის ქ. მე-7 შესახვევი N12, ს/კ 60001108241.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 35);

 

3.1.5. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ის სახელზე 2016 წლის 3 ივნისიდან რეგისტრირებულია - საკონტროლო სალარო აპარატი DY00086581, მისამართი - ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. N20.

 

დადგენილია, რომ შპს ,,კ------------მ’’ საკონტროლო სალარო აპარატი DY00086581 უსასყიდლოდ გადასცა ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ეს’’, რომელიც ასევე უსასყიდლოდ დაუბრუნა შპს ,,კ------------ს’’ 2016 წლის ოქტომბერში ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ემ’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონტროლო სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი (იხ. ს.ფ. 36);

- განცხადება (იხ. ს.ფ. 24);

 

3.1.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ოქტომბრიდან შპს ,,--------’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, იურიდიული მისამართი - ტყიბულის რაიონი, სოფელი კ---------ი, სხვა მისამართი - ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. N20, კომპანიის დირექტორი არის მ---------–-------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 27-28);

 

3.1.7. დადგენილია, რომ საკონტროლო სალარო აპარატი DY00086581 2016 წლის 13 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია შპს ,,--------ს’’ სახელზე, მისამართი - სამტრედია, ჭ-------ის ქ. N1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონტროლო სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი (იხ. ს.ფ. 26);

 

3.1.8. დადგენილია, რომ შპს ,,--------მ’’ 2016 წლის 20 ოქტომბერს №0268510513 სასაქონლო ზედნადებით 204 ლარის ღირებულების საქონელი (ლობიანი, ხაჭაპური, პონჩიკი, პერაშკი, ჰამბურგერი, ბუტერბროდი) გადასცა შპს ,,კ------------ს’’.

 

დადგენილია, რომ შპს ,,--------მ’’ 2016 წლის 25 ოქტომბერს №0269372707 სასაქონლო ზედნადებით 70 ლარის ღირებულების საქონელი (პონჩიკი, პერაშკი, ჰამბურგერი, კრუასანი) გადასცა შპს ,,კ------------ს’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხდელის ფაილი (იხ. ს.ფ. 29-30);

 

3.1.10. საქმეში წარმოდგენილი გ---------–-------ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ შპს ,,კ------------ს’’ დირექტორი გ------–----–-------ე და შპს ,,--------ს’’ დირექტორი მ---------–-------ე არიან ცოლ-ქმარი, ხოლო თავად არის მ---------–-------ის ბიძაშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 64-65);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,კ------------’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’, შპს ,,--------’’, გ------–----–-------ე და მ---------–-------ე წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.

 

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, შპს ,,კ------------ს’’ დირექტორი გ------–----–-------ე არის შპს „ს-------ს’’ დირექტორის მურამ ლომთაძის მეუღლე, ხოლო ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე“ არის შპს „ს-------ს’’ დირექტორის მურამ ლომთაძის ბიძაშვილი.

 

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „კ------------ს“ (ს/ნ 4196183--) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 34934,17 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „კ------------ს“ ქონებაზე 2014 წლის 21 ოქტომბერს №026-952 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 06 თებერვალს შპს „კ------------ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №026–6 ბრძანება.

 

შპს „კ------------ს“ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარირების შედეგად, 2014–2016 წლებში წარმოდგენილი საშემოსავლოს და დღგ–ს ყოველთვიური და მოგების წლიური დეკლარაციებით. ამასთან, ყადაღის ბრძანების გამოცემის მომენტში გადამხდელის დავალიანება შეადგენდა 7021.59 ლარს, ხოლო დღეისათვის 33893.08 ლარს. დავალიანების ოდენობა გაზრდილია დეკლარირების საფუძველზე, ხოლო ბიუჯეტში, მოცემულ პერიოდში, შეტანილია მხოლოდ 8013.64 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით საწარმოს ბრუნვა 2014 წელს შეადგენდა 335057 ლარს, 2015 წელს 330075.5 ლარს, ხოლო 2016 წელს ცხრა თვის მონაცემებით 112932 ლარს.

 

2016 წლის 01 ივნისს შპს „კ------------მ“ რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №20. აღნიშნული საკონტროლო სალარო აპარატი 2016 წლის 03 ივნისს (ორი დღის შემდეგ) დარეგისტრირდა იგივე მისამართზე – ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №20-ში ი/მ „გ---------–-------ეს“ სახელზე და გაგრძელდა ანალოგიური საქმიანობა. გ---------–-------ის 2016 წლის 04 ოქტომბრის ახსნა-განმარტების თანახმად, გ------–----–-------ე არის მისი ბიძაშვილის მურმანი ლომთაძის (პ/ნ 41001004075) მეუღლე.

 

შპს „ს-------ს“ (ს/ნ 419620155) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 04 ოქტომბერს (სალარო აპარატის რეგისტრაციამდე ცხრა დღით ადრე), რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია მ---------–-------ე. 2016 წლის 20 ოქტომბრიდან შპს „ს-------" ასევე ახორციელებს ანალოგიური პროდუქციის ზედნადებებით მიწოდებას თავისი ობიექტიდან შპს „კ------------ს“ მეორე ობიექტამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვლათმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,კ------------’’, შპს ,,-------- და ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

რაც შეეხება გ------–----–-------ეს და მ---------–-------ეს სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მართალია გ------–----–-------ე წარმოადგენს შპს ,,კ------------ს’’ დირექტორს, ხოლო მ---------–-------ე შპს ,,--------ს’’ დირექტორს, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ გ------–----–-------ე და მ---------–-------ე, როგორც ფიზიკური პირები გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს ,,კ------------ს’’, შპს ,,--------ს’’ და ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ეს’’ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მხარემ ვერ დაასაბუთა და ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელთა გამო წინამდებარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება არ დგას საფრთხის ქვეშ და მისი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 270-ე, 3---ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,კ------------’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’ და შპს ,,--------’’ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

3. შპს ,,კ------------ს’’, ინდ. მეწარმე გ---------–-------ეს და შპს ,,--------ს’’ თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150.

4. უარი ეთქვას სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

6. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი