გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/8817-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ც--------------ე
წარმომადგენელი - ლ--–--------–---–ია
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ი-------------------ე
მესამე პირები (16.2) - ქ--–------------ი, რ---------------–-ა, გ--------–----–---–ი
მესამე პირები (16.1) - ე------------–---–---–ი, დ------------–---ი
მესამე პირის დ------------–---ის წარმომადგენელი - ი-----–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის №--------- გადაწყვეტილება რ---------------–-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 137-142);
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 04 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება გ--------–----–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 137-142);
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 137-142);
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 137-142);
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 137-142).
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1.1. მესამე პირს - დ------------–---ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ც--------------ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.
3.1.2. მესამე პირს - გ--------–----–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ც--------------ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელი არ ცნო და დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.1.3. მესამე პირებს - ქ--–------------ს, რ---------------–-ას და ე------------–---–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ც--------------ის სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზეც. შესაბამისად, მათი პოზიცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 1999 წლის 11 დეკემბერს გ----------------------------–-----ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ გაცემულ იქნა №--- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ც-------–-------------–--------ეს საკუთრებაში გადაეცა ს------–-----ში მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ს------–-----ში მდებარე 1000 კვ.მ. (დაუზუსტებელი ფართობი) მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №------------) ც--------------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 07 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1999 წლის 11 დეკემბრის №--- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 22-38);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 07.08.2006 (ტომი 1, ს.ფ. 132).
4.1.2. 2001 წლის 10 აპრილს გ----------------------------–-–-----ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ გაცემულ იქნა №--- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, რ------------–---------–------–--ს საკუთრებაში გადაეცა ს------–-–-----ში მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის №--------- სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გ----------------------------–-–-----ში მდებარე 1000 კვ.მ. (დაუზუსტებელი ფართობი) მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №------------) დარეგისტრირდა რ---------------–-ას საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2001 წლის 10 აპრილის №--- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 232);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის №--------- გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 66-67).
4.1.3. 2007 წლის 27 აგვისტოს, რ---------------–-ასა და გ--------–----–---–ს შორის გ----------------------------–-–-----ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №------------) დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 04 სექტემბერს გ--------–----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ტ-------–---------–--–-----ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებული ფართობი: 0,10 ჰა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 247-248);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04.09.2007 (ტომი 1, ს.ფ. 259-260).
4.1.4. 2008 წლის 22 იანვარს გ--------–----–---–მა №------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა უძრავ ნივთზე, მდებარე: ტ-------–----------–--–-----ი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილებით გ--------–----–---–ის 2008 წლის 22 იანვრის №------------ განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ტ-------–-, ს------–-----ი, განხორციელდა გ--------–----–---–ის საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია.
შესაბამისად, ტ-------–-, ს------–-–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №------------, 2008 წლის 23 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------–----–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1001.00კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ--------–----–---–ის 2008 წლის 22 იანვრის №------------ განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 265-266);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 261);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04.09.2007 (ტომი 1, ს.ფ. 262-263).
4.1.5. 2008 წლის 23 ივნისს გ--------–----–---–სა და ქ--–------------ს შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე მდებარე: თბილისი, ტ-------–----------–--–-----ი, დაზუსტებული ფართობი - 1001 კვ.მ; უფლება - კერძო საკუთრება; ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი №------------
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ქ--–------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ტ-------–-, ს------–-–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ--–------------ის სახელზე. ამავე ამონაწერის თანახმად, 25.01.2008 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარებად ფიქსირდებიან: ე------------–---–---–ი და დ------------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 23 ივნისის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 293-297);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 301);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04.09.2007 (ტომი 1, ს.ფ. 359-360).
4.1.6. 2016 წლის 15 ნოემბერს ც--------------ემ №------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შესაბამისი ელექტრონული ვერსიით) და თანხმობა მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის თაობაზე.
4.1.7. 2016 წლის 21 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №-------------03 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №------------, მესაკუთრე ქ--–------------ი) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ; დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ მხარის (მხარეების) მიერ დავის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თუ არ შეარჩევდა მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს, მედიატორის/მედიატორ ნოტარიუსს ირჩევდა სააგენტო.
4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №-------------14 გადაწყვეტილებით განმცხადებელს კვლავ განემარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა, კერძოდ, -№------------ განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაში იყო №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი ქ----------–-----–---–ი. ამასთან, მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან შესაბამის საკითხზე შეხვედრა დანიშნული იქნა 2017 წლის 01 თებერვალს 15:00-15:30 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, მ-–---------------- და განემარტა, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულო იყო.
4.1.9. მედიატორი/ნოტარიუსის ქ----------–-----–---–ის 2017 წლის 01 თებერვლის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნულ მედიაციაზე ერთ-ერთი მხარე არ გამოცხადდა (ქ--–------------ი), მედიაციის პროცესი ვერ შედგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ც--------------ის 2016 წლის 15 ნოემბრის №------------ განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 139-140);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 146-147);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №-------------14 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 181-182);
- მედიატორი/ნოტარიუსის ქ----------–-----–---–ის 2017 წლის 01 თებერვლის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 202).
4.1.10. 2017 წლის 21 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ც--------------ეს ეცნობა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, №------------ საკადასტრო კოდის საზღვრებში, დამატებით წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 213).
4.1.11. 2017 წლის 24 თებერვალს ც--------------ემ №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 21 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ც--------------ის 2017 წლის 24 თებერვლის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 215-216).
4.1.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 214).
4.1.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილებით ც--------------ის 2017 წლის 24 თებერვლის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 220-225).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ც--------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2001 წლის 12 აპრილის №---------, 2007 წლის 04 სექტემბრის №---------, 2008 წლის 23 იანვრის №8--------------, 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს რ---------------–-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის №--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-3 მუხლის თანახმად დადგინდა, რომ მიწის აგეგმვის სამუშაოები, საკადასტრო რუკების, მიწის სარეგისტრაციო ბარათების, სარეგისტრაციო მოწმობების მომზადება და გაცემა, სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც საჭირო იყო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, მიწის მფლობელთათვის უნდა განხორციელებულიყო უსასყიდლოდ, მე-4 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორს უნდა მიეღო მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოეყენებინა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარებოდა შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც). ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. მითითებული კანონის მე-4 თავი კი განსაზღვრავს მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის წესს. კერძოდ, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგეს, რომ 2001 წლის 10 აპრილს გ----------------------------–-----ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ გაცემულ იქნა №--- მიღება-ჩაბარების აქტი რ---------------–-ას სახელზე, რაც მხარეს ანიჭებდა უფლებას მიემართა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის და მოეთხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ხოლო რეგისტრატორს ქონდა უფლება ამავე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოეხდინა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რ---------------–-ას სახელზე მიწის ნაკევთის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე, რომლის მიხედვით მიწის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მითითებული მონაცემებით განხორციელებულია 0.10 ჰა მიწის ნაკვეთის დაუზუსტებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
აღნიშნულ სადავო რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება არ ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება რ---------------–-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობდა გაცილებით უფრო ადრე - 1999 წლის 11 დეკემბერს გ----------------------------–-----ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ მის სახელზე გაცემული №--- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ც-------–-------------–--------ეს საკუთრებაში გადაეცა ს------–-----ში მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მართალია №--- მიღება-ჩაბარების აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემულია უფრო ადრე (11.12.1999წ.) ვიდრე რ---------------–-ას (თავდაპირველის მესაკუთრე) სახელზე გაცემული №--- მიღება-ჩაბარების აქტი (10.04.2001წ.), თუმცა სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ პირველადი რეგისტრაცია (დაუზუსტებელი მონაცემებით) მოსარჩელის სახელზე განხორციელდა 2006 წელს, ხოლო რ---------------–-ას სახელზე 2001 წელს, რაც იმას ადასტურებს რომ რ---------------–-ას სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის №--------- გადაწყვეტილება რ---------------–-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულად შეესაბამება იმ დროს მოქმედ ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ბრძანებულებას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი რ---------------–-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და აღნიშნული დღეის მდგომარეობითაც ძალაშია.
7.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს გ--------–----–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 04 სექტემბრის №--------- და 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილებების და ასევე ქ--–------------ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში (23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
მოცემულ შემთხვევაში 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებით ირკვევა, რომ რ---------------–-ამ გაყიდა, ხოლო გ--------–----–---–მა იყიდა გ----------------------------–-----ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №------------) 10 000 (ათი ათას) ლარად. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 04 სექტემბერს გ--------–----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ტ-------–- ს------–-----ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებული ფართობი: 0,10 ჰა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ 2007 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, წარმოშობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტ-------–-ში მდებარე 1000 კვ.მ (დაუზუსტებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველს და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, იმის მტკიცება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 04 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილება გ--------–----–---–ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ უკანონოა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, აღნიშნულის თაობაზე სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ 2008 წლის 22 იანვარს გ--------–----–---–მა №------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა უძრავ ნივთზე, მდებარე: ტ-------–-, ს------–-----ი.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილებით გ--------–----–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ტ-------–-, ს------–-----ი, განხორციელდა გ--------–----–---–ის საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია. შესაბამისად, ტ-------–-, ს------–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №------------, 2008 წლის 23 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------–----–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1001.00კვ.მ.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ აღნიშნული სადავო - 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მოხდა გ--------–----–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება და არა ხელახალი რეგისტრაცია, რომლის უფლებაც და ვალდებულებაც გააჩნდა მხარეს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება დაზუსტებული მონაცემებით უძრავი ქონების გ--------–----–---–ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ როდესაც ციური ბრეგვაძის სახელზე მიწის ნაკვეთი უკვე დარეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი სახით, გ--------–----–---–ის სახელზე მიწი ნაკვეთის რეგისტრაციის დროს (როგორც დაუზუსტებელი ასევე დაზუსტებული სახით) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეკისრებოდა საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2001 წელს რ---------------–-ას სახელზე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა გ--------–----–---–ს, ასევე იმ პირობებში როდესაც არ არის გაბათილებული არც რ---------------–-ას სახელზე გაცემული 2001 წლის 10 აპრილის N--- მიღება-ჩაბარების აქტი და არც 2007 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შემთხვევაშიც კი მიღებული იქნებოდა იგივე გადაწყვეტილება. ამასთან, მართალია ც--------------ეს მიღება-ჩაბარების აქტით უფრო ადრე გადაეცა მიწის ნაკვეთი (11.12.1999წ.), მაგრამ რ---------------–-ას სახელზე უფრო ადრე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია (2001წელს), რომელსაც, როგორც ქრონოლოგიურად უფრო ადრე რეგისტრირებულს, ენიჭება უპირატესობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-367-363(კ-12), სადაც ურთიერთ დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს’’.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივი გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 2008 წლის 23 ივნისის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ--------–----–---–მა გამოსყიდვის უფლებით მიჰყიდა კუთვნილი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი №356 მდებარე: თბილისი, ტ-------–-, ს------–-----ი, დაზუსტებული ფართობი - 1001 კვ.მ; უფლება - კერძო საკუთრება; ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო) ქ--–------------ს 34 200 დოლარად, ხოლო ამ უკანასკნელმა იყიდა გ--------–----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მესაკუთრისათვის უკან მიყიდვის პირობით.
დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებით ქ--–------------ის 2008 წლის 03 ივლისის №882008205658 განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, ტ-------–-, განხორციელდა ქ--–------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ტ-------–-, ს------–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ--–------------ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1001.00კვ.მ. ამავე ამონაწერის თანახმად, 25.01.2008 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარებად ფიქსირდებიან: ე------------–---–---–ი და დ------------–---ი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2008 წლის 23 ივნისის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, წარმოშობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტ-------–-ში მდებარე 1001.0 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველს და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ც--------------ის მოთხოვნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2001 წლის 12 აპრილის №---------, 2007 წლის 04 სექტემბრის №---------, 2008 წლის 23 იანვრის №8-------------- და 2008 წლის 09 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ც--------------ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 21 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,მ’’ პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს ც--------------ემ №------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, თუმცა 2017 წლის 21 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ც--------------ეს ეცნობა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, №------------ საკადასტრო კოდის საზღვრებში, დამატებით წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილებით კი ც--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების 7.5. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც--------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ც--------------ის სარჩელზე ლ--–--------–---–იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი