განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
140100118002623116
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002623116

N1/346-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

09.01.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - ნანა გუგუტიშვილი, ელენე ჩხეიძე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - გია ჯოგლიძე

 

ბრალდებული - ლ---- ნ---------- ბ------–---–-, დაბადებული 19---–-–-----------, ისრაელის მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ისრაელი, ქალაქი ი---------------------------

 

კვალიფიკაცია

 

მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ---- ბ------–---–მა ჩაიდინა ბ---- ო----ის მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2 მაისს, ბ---- ო----ე, მისი კუთვნილი ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით ,,HTX-001”, კ---- ჩ--–---სთან, კ---- მ-----------თან და ზ------ ე--------თან ერთად, მიემგზავრებოდა ს-------ში. ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე მოძრაობისას ბ---- ო----ემ გადაწყვიტა მისულიყო ხაშურის რაიონის სოფელ ა-––- მისი ძმის - ლ---- ო----ის ყოფილ მეუღლესთან - ნ---- ამ----–----თან და მის მეუღლესთან - ლ---- ბ------–---–თან დასალაპარაკებლად. დაახლოებით 22:00 საათზე, ბ---- ო----ე, თანმხლებ პირებთან ერთად, მივიდა ხაშურის რაიონის სოფელ ა-––- მდებარე ლ---- ბ------–---–-ს საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ეზოში საუბრისას ლ---- ბ------–---–სა და ბ---- ო----ეს შორის მოხდა შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება, რაც გაგრძელდა ლ---- ბ------–---–-ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში. ჩხუბისას ლ---- ბ------–---–მა გადაწყვიტა თავი დაეცვა და მოეგერიებინა ბ---- ო----ის თავდასხმა, რის გამოც მან ბ---- ო----ეს წაართვა თანნაქონი დანა და გამიზნულად რამდენჯერმე დაარტყა ბ---- ო----ეს. აღნიშნულით ლ---- ბ------–---–მა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რადგან თავდასხმა არ იყო ისეთი ინტენსიური, როგორც თავდაცვისათვის გამოყენებული საშუალება. ბ---- ო----ე ლ---- ბ------–---–-ს მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლ---- ბ------–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ლ---- ბ------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - პ----- ჯ---–--ის, ე----- ნ------ის, ნ---- ა-----–--ის, მ-----– მ--------–--ის, ი----- ბ----–---–ის, ი---- ხ----ის, მ----- ჭ-------ის, ირმა გ------–-–---–ის, ზ------ ხ----ის, გ------- ქ--------ის, კ---- მ---------ის, კ---- ჩ--–--ის, ბ---- კ--–--ის, კ---- მ---–-–---–-ს, ზ------ ე------ის, ზურაბ ს-----–--ის, ლ---- ო----ის, გ-------– ნ------ის გამოკითხვის ოქმები, ბ---- ო----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, 2018 წლის 10 დეკემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, 2018 წლის 31 დეკემბრის ლ---- ბ------–---–-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ჩატარებული ჩხრეკის ოქმები, ნიმუშების აღების ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

ლ---- ბ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ---- ბ------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ლ---- ბ------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, როგორც ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, როდესაც ადგილი აქვს მომგერიებლის მიერ თადაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ---- ბ------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით. ლ---- ბ------–---–მა, ბ---- ო----ესთან ფიზიკური დაპირისპირებისას, იმყოფებოდა რა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, წაართვა მას თანნაქონი დანა და გამიზნულად რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც იგი აცნობიერებდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებდა აღნიშნული ქმედებით მოსალოდნელ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, თუმცა, არ სურდა ასეთი შედეგის დადგომა, მაგრამ დაზარალებულისათვის ცხრამეტი ჭრილობის მიყენებით შეგნებულად უშვებდა ბ---- ო----ის გარდაცვალებას.

 

მოწმეთა უდავო გამოკითხვის ოქმებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ლ---- ბ------–---–-ს ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (ბ---- ო----ის გარდაცვალება), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო ლ---- ბ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შუწყო დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

რაც შეეხება ლ---- ბ------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

ლ---- ბ------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას. სიცოცხლე, ადამიანურ ღირებულებებს შორის, ერთადერთი განუმეორებელი და შეუფასებელი ღირებულებაა, ამდენად, მისი განზრახ მოსპობის შემთხვევაში, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, დამნაშავის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. როგორც საქართველოს კონსტიტუციით და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით, ასევე არაერთი საერთაშორისო აქტით სიცოცხლის უფლება გარანტირებულია და მისი განზრახ ხელყოფის ყოველი შემთხვევა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სამართლიანობის კონტექსტში, ყოველთვის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტური პრინციპი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ლ---- ბ------–---–მა, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისას, დანით ცხრამეტი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს. მიუხედავად იმ უმძიმესი, გამოუსწორებელი შედეგისა, რაც ბრალდებულის განზრახმა მოქმედებამ გამოიწვია, ლ---- ბ------–---–- დღემდე არ ცდილობს დაზარალებულის ოჯახთან შერიგებას. მეტიც, სასამართლო სხდომებზე და მის დაწყებამდეც, ლ---- ბ------–---–- ხშირად გამოხატავდა შეუბრალებელ განწყობას და აგრესიას ბ---- ო----ის ოჯახის წევრების მიმართ, რაც მისი პიროვნების უარყოფით მახასიათებელზე მიუთითებს. დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს მხოლოდ ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ლ---- ბ------–---–-ს ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ლ---- ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ მოწოდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მის ოჯახურ მდგომარეობას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს, სახელდობრ, ლ---- ბ------–---–- 34 წლისაა, არის დაოჯახებული, დაკავებამადე მუშაობდა ისრაელში, ერთ-ერთი ქარხნის დირექტორის მოადგილედ მუშების ზედამხედველობის დარგში.

 

ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობის და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ლ---- ბ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, უზრუნველყოფს მის გამოსწორებას და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციონაწილი

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---- ბ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ლ---- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 მაისის 21:15 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ ლ---- ბ------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე