განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ო----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---- გ-------ს ძე რ------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ზღ------------------–--ა, მ--- კვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---–--
ადვოკატი - ი----- ჯ---–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2007 წლის 3 ნოემბრიდან ლ---- რ------ე და ლ---- კ-–--ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, თ-------------–---- მ--- კვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---–-, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, რაც გამოწვეული იყო შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხით, ლ---- რ------ემ არასრულწლოვანი შვილის ე-–-------- რ------ის თანდასწრებით, მეუღლეს ლ---- კ-–--ეს ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა დაზარალებულ ლ---- კ-–--ის, როგორც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ს-----------------------–---------------–-ს სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) 2018 წლის 9 იანვრის პატაკი ხელმძღვანელისადმი, რომლის თანახმად 2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, თ-------------–---- მ--- კვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---–- მას მეუღლესთან, რომელიც ასევე მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ს-----------------------–---------------–-ს სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე, მოუვიდა სიტყვიერი უთანხმოება შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. კონფლიქტის დროს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაეცა, წამიერად დაკარგა გონება და მიიღო სხეულის დაზიანება მარჯვენა თვალის არეში. ამ ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილი ე-–-------- რ------ე და მეუღლის დედა ვ----–---- რ------ე. მიღებული დაზიანების გამო, იმავე დღეს გადაიყვანეს „ი----------ას“ კლინიკაში, ჩაუტარდა გამოკვლევები და მეორე დღეს ჩაუტარდა ოპერაცია თვალის ბუდის მოტეხილობაზე.
2.2. დაზარალებულმა ლ---- კ-–--ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.3. მოწმე ვ----–---- რ------ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.4. მოწმე ე-–-------- რ------ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.5. მოწმე გ------- რ------ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ლ---- კ-–--ის და ლ---- რ------ის თანამშრომლები თ-- გ---–----–---–ი, ნ---- გ----–--ე, მ------ გ-------ი და ნ----- მ-------–---–ი.
2.7. მოწმე თ-- გ---–----–---–მა ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, 2018 წლის იანვრის თვეში შეიტყო, რომ ლ---- კ-–--ემ თვალზე ოპერაცია გაიკეთა. მოწმე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა ლ---- კ-–--ეს, ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ დაეცა, თავი დაარტყა და ამის გამო დასჭირდა ოპერაცია თვალზე. მოგვიანებით თ-- გ---–----–---–ი პირადად შეხვდა ლ---- კ-–--ეს, რომელსაც თვალზე ეტყობოდა ოპერაციის კვალი. ლ. კ-–--ემ მოწმეს უამბო, რომ მეუღლემ დაარტყა, თუმცა დეტალები არ მოუყოლია.
2.8. მოწმე ნ---- გ----–--ემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, 2018 წლის იანვრის თვეში ლ---- კ-–--ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. სამსახურში დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლ---- კ-–--ეს მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. მოწმემ სცადა დაზარალებულთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით თავად ლ---- კ-–--ე დაუკავშირდა მას და საუბრისას უთხრა, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან. კონფლიქტის დროს, მეუღლემ სახის არეში დაარტყა, რის გამოც იგი დაეცა, თავი ჩამოარტყა სარეცხ მანქანას და დაკარგა გონება.
2.9. მოწმეების მ------ გ-------ის და ნ----- მ-------–---–ის ჩვენებებით, ლ---- კ-–--ე გარკვეული პერიოდი სამსახურში არ დადიოდა. თანამშრომლებში გავრცელდა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ლ---- კ-–--ეს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეებმა მოგვიანებით, თანამშრომლის თ-- გ---–----–---–ისგან გაიგეს, რომ იგი ესაუბრა ლ---- კ-–--ეს, რა დროსაც დაზარალებულმა დაუდასტურა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.10. ლ---- კ-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის როგორც შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკიდან“ წარმოდგენილი სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე 2018 წლის 5 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2---ის ჩანაწერების თანახმად, ლ---- კ-–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 04.01.2018 წელს 16:06 საათზე, საიდანაც გაეწერა 06.01.2018 წელს 12:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თვალბუდის ქედა კედლის მოტეხილობა. მსუბუქი თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ლ---- კ-–--ეს აღენიშნება ჰემატომები მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ კვლევა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციაზე და მას პაციენტი პირადად არ შეუმოწმებია.
2.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ფსიქოლოგი ე---------- თ----------–--ე, რომელმაც გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო არასრულწლოვანი მოწმეების ე-–-------- რ------ისა და გ------- რ------ის გამოკითხვაში. ფსიქოლოგის ჩვენებით, არასრულწლოვანმა ე-–-------- რ------ემ, გამოკითხვის პროცესში დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დედა-მამას შორის კონფლიქტს, რაც გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ე-–--------ს არ უნდოდა საჭმლის ჭამა, ამის გამო დედა ეჩხუბებოდა და უყვიროდა. ე-–--------ი დედის ყვირილის გამო ტიროდა. მამამ რამდენჯერმე უთხრა დედას, ნუ უყვირი ბავშვსო. შეშინებული ე-–--------ი შეძვრა მაგიდის ქვეშ და გაიგონა ერთხელ დარტყმის ხმა. ასევე, გამოძიების ეტაპზე, არასრუწლოვანმა მოწმემ გ------- რ------ემ გამოკითხვაში მიუთითა, რომ დედა ეჩხუბებოდა ე-–--------ს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი საჭმელს არ ჭამდა, მამა ეუბნებოდა დედას, რომ არ ეყვირა ე-–--------ისთვის. ამის შემდეგ გ------- რ------ე გავიდა სხვა ოთახში, სადაც ესმოდა მშობლების ჩხუბის ხმა. ფსიქოლოგის ჩვენებით, ე-–-------- რ------ე და გ------- რ------ე აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ ძალიან უყვართ მამა, ცდილობდნენ მის დაცვას, მამის მიმართ არ ჰქონიათ მტრული დამოკიდებულება. მტრული დამოკიდებულება ფსიქოლოგის განმარტებით, ზოგადად დამახასიათებელია იმ არასრუწლოვნებში, რომლებიც არიან სისტემატური ძალადობის მსხვერპლნი ან მოწმეები.
2.13. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა თბილისის პროკურატურის ს---------------–--–ის უფროსი გამომძიებელი, ი-----–- ბ-------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, მანვე განმარტა, რომ გამოკითხა დაზარალებული ლ---- კ-–--ე, რომელიც ოჯახში განვითარებული მოვლენების გამო იყო აღელვებული. მანვე დაადასტურა, რომ დაზარალებულის გამოკითხვა მოხდა დანაშაულებრივი ფაქტიდან დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.
2.14. სისხლის სამართლის საქმის მასალებით, სავარაუდო ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 4 იანვარს, ლ---- კ-–--ემ პატაკი დაწერა 2018 წლის 9 იანვარს, ხოლო გამოძიება საქმეზე დაიწყო და დაზარალებული ლ---- კ-–--ე გამოიკითხა 2018 წლის 15 იანვარს.
2.15.ბრალდებულმა ლ---- რ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლებით.
2.16.სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა არგუმენტაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნეს დადგენილი ლ---- რ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.17.სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც სასამართლოს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს დაეხმარებოდა დანაშაულის მატერიალური ფაქტის და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა ლ---- კ-–--ემ, მოწმეებმა ე-–-------- რ------ემ, გ------- რ------ემ და ვ----–---- რ------ემ ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები - ნ---- გ----–--ე, მ------ გ-------ი, ნ----- მ-------–---–ი და თ-- გ---–----–---–ი, რომელთა ზეპირი ჩვენებები თავისი არსით და შინაარსით წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებას, არცერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია ძალადობას, მათი ნაწილი ინფორმაციას ფლობს დაზარალებულთან კომუნიკაციით, ხოლო ნაწილმა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მიიღეს ირიბი მოწმეებისგან. ასევე მოწმე ე---------- თ----------–--ის ჩვენება არის ირიბი, გარდა ამისა, ვერ მოხდა ინფორმაციის უშუალო წყაროს გადამოწმება, რადგან არასრულწლოვანმა მოწმეებმა გ------- და ე-–-------- რ------ეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება გამომძიებლის ი-----–- ბ-------ის ჩვენებას, აღნიშნული ვერ გახდება საფუძველი დაზარალებულის გულწრფელობის შესაფასებლად, ვინაიდან დაზარალებულის გამოკითხვა მოხდა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიდან დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ (საქმის მასალებით დანაშაული მოხდა 4.01.2018 წ. დაზარალებული გამოიკითხა 15.01.2018 წ), შესაბამისად მისი ფსიქო-ემოციური განწყობა არ იყო იმწუთიერი. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ლ. კ-–--ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ექსპერტიზამ დაადგინა დაზარალებულის სხეულზე დაზიანება, ამ დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია, თუმცა, საგულისხმოა, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციაზე და დაზარალებული უშუალოდ არ შემოწმებულა, შესაბამისად, ექსპერტს არ მიუღია დაზარალებულისგან ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და დამზიანებელ პირთან მიმართებაში. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულების ანდა მტკიცებულებების გარეშე, მაშინ როცა უტყუარად არ არის დადგენილი დაზიანების წარმოშობის მექანიზმი და დამზიანებელი, ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. რაც შეეხება ლ---- კ-–--ის პატაკს, მიმართულს ხელმძღვანელობისადმი, საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი ვერ შეიძენს უტყუარი მტკიცებულების სტატუსს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა დაკითხული პირი, რომელმაც შეადგინა პატაკი.
2.18. სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული კონვენცია არ ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნეს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, მაშინ როდესაც ინფორმაციის უშუალო წყარო და შესაძლო დანაშაულის პოტენციური თვითმხილველი მოწმეები არ აწვდიან მართლმსაჯულებას ინფორმაციას, ანუ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მსხვერპლის და ძალადობის თვითმხილველი მოწმეების ეს არაგონივრული უმოქმედობა უნდა დაბალანსდეს სხვა წონადი მტკიცებულებით, რაც საკმარისია ოჯახში ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად. ირიბი მოწმეების ჩვენებების შეფასების ჭრილში, სასამართლო განმარტავს, მართალია, როგორც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის.
2.19. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს პირის მსჯავრდებისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ---- რ------ის ბრალეულობაში.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა ხსენებულ მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის დადგომა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად ვერ დადგინდა ლ---- რ------ის ბრალეულობა, ამ პირობებში შეუძლებელია ერთი მხრივ განზრახვის და მეორეს მხრივ მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მ---0 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. სასამართლოს შეფასებით, კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა ბრალდებულ ლ---- რ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ლ---- კ-–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია და ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- რ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს ლ---- რ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
ლ---- კ-–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია და ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. ლ---- რ------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა