გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/2197-2016 17 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი - თ----------------ე
მოპასუხე - შპს ,,ძ--–----–-’’
დირექტორი - ლ--------------ე
მოპასუხე - შპს ,,დ-----’’
მოპასუხე - ლ--------------ე
მოპასუხე - ხ-----------------ე
წარმომადგენელი - ბონდო ბრეგაძე
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ძ--–----–-ს’’, შპს ,,დ-----ს’’, ლ--------------ის და ხ-----------------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ძ--–----–-“–ს (ს/ნ 2129186--) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 33,807.56 ლარის ოდენობით.
შპს „ძ--–----–-“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 02 დეკემბრიდან. იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ტ------–ის ქ, ბ№72, საქმიანობის სახეა ვაჭრობა სასმელებითა და კვების პროდუქტებით.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ძ--–----–-ს” ქონებაზე 2016 წლის 27 იანვარს N021-79 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 31 იანვარს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 30 ივნისს შპს „ძ--–----–-ს” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 021-313 ბრძანება, რომელიც 2016 წლის 7 ივლისს ჩაბარდა შპს „ძ--–----–-ს” დირექტორს ლ--------------ეს (პ/ნ 60002003---). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნუსხის საფუძველზე საწარმოს ერიცხებოდა 1 საცხობი ღუმელი და 2 რკინის მაგიდა, რომელიც დაყადაღებულ იქნა, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის შპს „ძ--–----–-ს” საკუთრებაში არ გააჩნია.
შპს „ძ--–----–-ს” მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 18 დეკემბრის N48849 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 2016 წლის 25 იანვარს.
შპს „ძ--–----–მა“ საკონტროლო სალარო აპარატი (საქ. ნომრით: DY00143951) რეგისტრაციიდან მოხსნა 2016 წლის 29 იანვარს და გადაუფორმა შპს ,,დ-----ს“ (ს/ნ 4127148--), ასევე 2016 წლის 31 იანვარს სასაქონლო ზედნადებით (N 0218917786) მოახდინა 1519,56 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზება შპს ,,დ-----ზე“.
შპს ,,დ-----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 28 იანვარს. მისი დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ხ-----------------ე (პ/ნ 6000112----). ობიექტი დღემდე ფუნქციონირებს იმავე მისამართზე (სალაროს ბოლო ჩეკი გამოწერილია 07.11.2016), (მის: ქ. ქუთაისი, ჭ-------ის N53ა) სადაც ფუნქციონირებდა შპს „ძ--–----–-“ (ს/ნ 2129186--).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით შპს „ძ--–----–-ს“ დირექტორი ლ--------------ე და შპს ,,დ-----ს“ დირექტორი ხ-----------------ე არიან ცოლ–ქმარი, საქმიანობის სახე და მისამართი (ქ. ქუთაისი, ჭ-------ის N53ა) არის ერთი და იგივე (ვაჭრობა სასმელებით და კვების პროდუქტებით).
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს ,,ძ--–----–-ს“ ინვენტარიზაციის დაწყების, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვის პერიოდში შპს ,,დ-----ს“ გადამხდელად რეგისტრაცია, რომლის დირექტორი ხ-----------------ე (პ/ნ 6000112----) და შპს ,,ძ--–----–-ს“ (ს/ნ 2129186--) დირექტორი ლ--------------ე (პ/ნ 60002003---) არიან ცოლ–ქმარი, ასევე სალარო აპარატის (NDY00143951) გადაფორმება და საქონლის მიწოდება, ხოლო შემდგომ ამისა, საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა და მათ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ძ--–----–-’’ რეგისტრირებულია ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ 2008 წლის 2 დეკემბერს. კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერია 2129186--, იურიდიული მისამართია: ქუთაისი, ტ------–ის ქ. N72. კომპანიის დირექტორია - ლ--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29-30);
3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის N48849 ბრძანებით ჩატარდა შპს ,,ძ--–----–-ს’’ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და შპს ,,ძ--–----–-ს’’ ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საკონტროლო შესყიდვა-შეთავაზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N48849 ბრძანება (იხ. ს.ფ. 26);
3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2015 წლის 18 დეკემბრის N48849 ბრძანებით ჩატარდა ინვენტარიზაცია შპს ,,ძ--–----–-ს’’ სამეწარმეო საქმიანობის განხორცილებების ობიექტში. გადამხდელთან ინვენტარიზაციით გამოვლინდა 6,0 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საბაზრო-სარეალიზაციო ფასები, რაც იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად - 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 27)
3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს ,,ძ--–----–ს’’ გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 16191, 29 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 28);
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,ძ--–----–მა’’ 2016 წლის 28 იანვარს გააუქმა რეგისტრაცია და შეწყვეტა სამეწარმეო საქმიანობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადამხდელის ფაილი (იხ. ს.ფ. 31);
3.1.6. დადგენილია, რომ შპს ,,დ-----’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2016 წლის 28 იანვრიდან, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 4127148--, იურიდიული მისამართი არის - ქ. ქუთაისი, ნ----ს ქ. N6ა, ბ,12. სხვა მისამართი :ქუთაისი, ჭ-------ის გამზ. N53ა, საწარმოს დირექტორია - ხ-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 33);
3.1.7. დადგენილია, რომ შპს ,,ძ--–----–მა’’ 2016 წლის 31 იანვარს №0218917786 სასაქონლო ზედნადებით 1519,56 ლარის ღირებულების საქონელი (ფქვილი, ყველი, ლობიო, ზეთი, ხახვი) მიყიდა შპს ,,დ-----ს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადამხდელის ფაილი (იხ. ს.ფ. 32);
3.1.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 თებერვალს შპს ,,იმერეთს’’ და შპს ,,დ-----ს’’ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N29, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა 55 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი - ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N53ა-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იჯარის ხელშეკრულება;
3.1.9. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ივნისის N021-313 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ძ--–----–-ს’’ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგა ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო საცხობ ღუმელს, რკინის მაგიდა (დიდი) და მაგიდას ხის ზედაპირით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 021-313 ბრძანება (იხ. ს.ფ. 22);
- ქონებაზე ყადაღის დადების აქტი (იხ. ს.ფ. 24-25);
3.1.10. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების აქტი, რომლის თანახმად ყადაღა დაედო შპს ,,დ-----ს’’ ქონებას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 05 აგვისტოს N01/208169 წერილით დადგენილია, რომ ლ--------------ე (პ/ნ N60002003---) და ხ-----------------ე (პ/ნ N6000112----) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონებაზე ყადაღის დადების აქტი;
- 2016 წლის 05 აგვისტოს N01/208169 წერილი (იხ. ს.ფ.40).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ: დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,ძ--–----–-’’, შპს ,,დ-----’’, ლ--------------ე და ხ-----------------ე წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში მოცემულ განმარტებაზე საქმეზე Nბს-763-755 (კ-16), სადაც ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზუნველყოფის ღონისძებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები“.
ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.
დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, შპს ,,ძ--–----–-ს’’ დირექტორი ლ--------------ე არის შპს „დ-----ს’’ დირექტორის ხ-----------------ის მეუღლე. შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს დირექტორების სტატუსით მათ შორის დამყარებული უთიერთობა იმგავარად არის გამოყენებული, რომ შპს ,,დ-----ს“ შექმნით მომხდარიყო შპს ,,ძ--–----–-ს“ ქონების გარიდება იმ პირზე (შპს ,,დ-----ზე“), რომელსაც არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება და შესაბამისად, შპს ,,ძ--–----–-ს“ ვალდებულების (იძულებით) შესრულების დროისათვის, ვერ განხორციელდებოდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები შპს ,,დ-----ზე“, ხოლო შპს ,,ძოწულს“ ამ დროსიათვის არ ექნებოდა ქონება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის N48849 ბრძანების საფუძველზე შპს ,,ძ--–----–-ს’’ კუთვნილ ობიექტში ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიის მიმართ გამოიცა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს ,,ძ--–----–ს’’ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 16191,29 ლარის და 200 ლარის ოდენობით.
შპს ,,ძ--–----–მა’’ იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნდა საგადასახადო ვალდებულება, 2016 წლის 28 იანვარს გააუქმა რეგისტრაცია, შპს ,,დ-----“ დარეგისტრირდა იმავე დღეს - 28 იანვარს, 2016 წლის 29 იანვარს შპს ,,დ-----ს“ სახელზე განხორციელდა სალარო აპარატის გადაფორმება, ხოლო 2016 წლის 31 იანვარს 0218917786 სასაქონლო ზედნადებით, მასვე გადასცა 1519,56 ლარის ღირებულების საქონელი. აღსანიშნავია, რომ შპს ,,დ-----მ“ იმავე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა, სადაც მანამდე საქმიანობას ეწეოდა შპს ,,ძ--–----–-“. თავის მხრივ შპს ,,ძ--–----–მა’’ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა და ამავდროულად კომპანიას აღარ დარჩა არანაირი აქტივი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორის (შემოსავლების სამსახურის) მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამრიგად, სახეზეა ერთი სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეჩერება და იმავე სამართლებრივი სიკეთეების საშუალებით (ერთი დაიგივე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, იგივე საქმიანობის ადგილი) ახალი სუბიექტის შექმნა, რომელიც ამ საქმიანობას აგრძელებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავის არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვლათმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ძ--–----–-’’ და შპს ,,დ-----’’ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, შპს ,,ძ--–----–-’’ სასაქონლო ზედნადებით 1519,56 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაცემას ორი დღით ადრე დაფუძნებულ შპს ,,დ-----ს’’.
რაც შეეხება ლ--------------ეს და ხ-----------------ეს სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მართალია ლერიო გიორგიძე წარმოადგენს შპს ,,ძ--–----–-ს’’ დირექტორს, ხოლო ხ-----------------ე შპს ,,დ-----ს’’ დირექტორს და ისინი ერთმანეთის მეუღლეები არიან, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ ლ--------------ე და ხ-----------------ე, როგორც ფიზიკური პირები გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
ამდენად, ამ ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლ--------------ისა და ხ-----------------ის მიმართ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც არ არსებობს საფუძველი მოპასუხეები ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს ,,ძ--–----–ს’’ და შპს ,,დ-----ს’’ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო: შპს ,,დ-----ს’’ სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას: 2 (ორი ცალი) საკონტროლო სალარო აპარატს (DY 00143951 და DY 00154219) და სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს (მის. ქ. ქუთაისი, ჭ-------ის ქ. N53ა).
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მხარემ ვერ დაასაბუთა და ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელთა გამო წინამდებარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება არ დგას საფრთხის ქვეშ და მისი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,ძ--–----–-’’ (ს/კ 2129186--) და ი/მ შპს ,,დ----- (ს/კ 4127148--) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
3. შპს ,,ძ--–----–-’’ (ს/კ 2129186--) და ი/მ შპს ,,დ----- (ს/კ 4127148--) თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150.
4. უარი ეთქვას სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი