განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
+----------------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - დ--------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ-------–----ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 0----------), განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, თ-------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ----------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ ,,ს-------–---–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ-------–----ემ ფ--------------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში და რამდენჯერმე თმა ხელით ძლიერად მოქაჩა. ფ--------------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, თ-----------------------------------------ში მდებარე ფ--------------ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ჯ-------–----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე ფ--------------ს გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში, ყელის არეში მოუჭირა ხელი და რამდენჯერმე თმა ხელით მოქაჩა. ფ--------------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ჯ-------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ჯ-------–----ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების გ------–-–---–ის, თ-------–-–---–ის, მ----–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით მიღებულ ინფორმაციას, ფ--------------ის გამოკითხვის ოქმით მიღებულ ინფორმაციას, ჯ-------–----ის გამოკითხვის ოქმით მიღებული ინფორმაციას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმს, 2018 წლის 16 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ჯ-------–----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჯ-------–----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ ,,ს-------–---–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ-------–----ემ ფ--------------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში და რამდენჯერმე თმა ხელით ძლიერად მოქაჩა. ფ--------------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
2018 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, თ-----------------------------------------ში მდებარე ფ--------------ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ჯ-------–----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე ფ--------------ს გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში, ყელის არეში მოუჭირა ხელი და რამდენჯერმე თმა ხელით მოქაჩა. ფ--------------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყოველივე ეს ასევე იძლევა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ჯ-------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ-------–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ-------–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ჯ-------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ჯ-------–----ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ჯ-------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას დაუნიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საზოგადებისთვის სასარგებლო შრომის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ-------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170(ას სამოცდაათი) საათის ოდენობით.
ჯ-------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170(ას სამოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ჯ-------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 170(ას სამოცდაათი) საათის ოდენობით.
მსჯავრდებულ ჯ-------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ჯ-------–----ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ჯ-------–----ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ერთი ცალი ლაზერული დისკი ფ--------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ერთი ცალი ლაზერული დისკი ჯ-------–----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე