განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/37-18 14 მ-----ი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–-; თ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----- ი----ს ძე გ--–----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 11 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: თიანეთის რაიონი სოფელი დ------------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, თიანეთის რაიონის, სოფელ ხ----------------–ში თ----- გ--–----–---–მა იმის გამო, რომ წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გაბრაზებული იყო ლ---- ლ------–---–ზე, ქვის გამოყენებით განზრახ დააზიანა ლ---- ლ------–---–ის კუთვნილი ,,ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I------, კერძოდ, ჩაამტვრია წინა და უკანა საქარე მინები, მარჯვენა წინა კარის ჩამოსაწევი მინა, საწვავის ავზის თავსახური, სალონში საჭესთან განთავსებული შუშის გამწმენდი, გვერდითი მოხვევის მაჩვენებლის ჩამრთველი, ავტომობილის დასაქოქი მოწყობილობა, უკანა მინის გამწმენდი მკლავი, ასევე დააზიანა უკანა ბამპერი, ძრავის თავსახური და სალონში არსებული უკანა ხედვის სარკე, რითაც ლ---- ლ------–---–ს მიადგა 240 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
2.1. ბრალდებულმა თ----- გ--–----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. მან აჩვენა, რომ 2018 წლის 9 იანვარს, საღამოს საათებში, ლ---- ლ------–---–ზე განაწყენებულმა, გადაწყვიტა, რომ ეძია შური და დაეზიანებინა მისი მანქანა. იგი მთვრალ მდგომარეობაში მივიდა ლ---- ლ------–---–ის სახლთან და ეზოს გარეთ გზის პირას გაჩერებულ ავტომანქანას ,,ოპელ ვექტრა’’, სახ. № I------ დაარტყა ქვა და მუშტი წინა საქარე მინაზე რამდენჯერმე, შემდეგ აიღო სხვა ზომის ქვა და დაარტყა უკანა შუშას, რომელიც გატყდა მთლიანად, ქვა ჩავარდა ავტომობილის სალონში, ხელით მოტეხა ავტომობილის საწვავის ავზის თავსახური, დაამტვრია ასევე შუშის საწმენდი სამართავი ბერკეტი, აღნიშნულის შედეგად ბრალდებულს გაეჭრა მარჯვენა ხელის თითი, რის შემდეგაც დაანება ავტომანქანის დაზიანებას თავი. მის მიერ ანაზღაურებულია დაზარალებულისთვის 240 ლარის ზიანი და დევს ანგარიშზე. იგი მზად არის შეურიგდეს დაზარალებულს.
2.2. დაზარალებულ ლ---- ლ------–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- გ--–----–---–სა და მას შორის იყო გარკვეული უთანხმოება, რომლის გამოც თ----- გ--–----–---–ი მთვრალ მდგომარეობაში ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 01 იანვარს, დაზარალებული იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო თავისი კუთვნილი ,,ოპელ ვექტრას’’ ფირმის მანქანა, სახელმწიფო ნომრით I------, გაჩერებული ჰყავდა თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარედ, სამსახურიდან დაბრუნებულმა კი დაინახა, ქვის გამოყენებით როგორ აზიანებდა თ----- გ--–----–---–ი მის კუთვნილ ავტომანქანას.
2.3. 2018 წლის 9 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ,,ოპელ ვექტრას’’ ფირმის ავტომანქანას, რომელიც ეკუთვნის ლ---- ლ------–---–ს (სახელმწიფო ნომრით I------), დაზიანებული აქვს წინა და უკანა საქარე მინები, წინა მარჯვენა წინა კარის ჩამოსაწევი მინა, საწვავის ავზის თავსახური, სალონში სარკესთან განთავსებული შუშის გამწმენდი, გვერდითი მოხვევის მაჩვენებლების ჩამრთველი და ავტომობილის დასაქოქი მოწყობილობა, უკანა მინის გამწმენდი მკლავი. ავტომობილს აგრეთვე დაზიანებული აქვს ბამპერი, ძრავის თავსახური და უკანა ხედვის სარკე. ავტომობილიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ქვა და მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით. შემთხვევის ადგილის სისწორეს ადასტურებს ექსპერტი ს----- ზ-----ზე გამოკითხვის ოქმით.
2.4. ბიოლოგიური ექსპერტიზის №3---- დასკვნის თანახმად, თ----- გ--–----–---–ის სისხლი მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს. ავტომანქანიდან (ოპელ ვექტრას ფირმის, სახელმწიფო ნომრით I------), ამოღებულ მინის ნამსხვრევებზე აღმოჩენილია ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ---- გ--–------მა გამოკითხვის ოქმით, რომ თ----- გ--–----–---–ის სისხლი და ავტომანქანის მინის ნამსხვრევებიდან ამოღებული მოყავისფრო ფერის ლაქები არის ერთი და იგივე ჯგუფის სისხლი.
2.5. დაზიანებების არსებობა დადასტურდა, ასევე 2018 წლის 22 იანვრის ს--------–-- ექსპერტიზის N1---- 155/სტ და N266/ს დასკვნებით, რომლის მიხედვითაც ავტომობილზე ,,ოპელ ვექტრა’’ სახელმწიფო ნომრით I------, დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულებამ შეადგინა 240 ლარი. ხოლო სარემონტო-აღდგენითმა სამუშაოებმა შეადგინა - 400 ლარი. აღნიშნულ ავტომობილზე დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედება-შეჯახებით. დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ს------ გ---------მ და ლ---- ჭ---------მ გამოკითხვის ოქმში.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
2.7. ამდენად, სრულიად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა თ----- გ--–----–---–მა 2018 წლის 9 იანვარს განზრახ დააზიანა ლ---- ლ------–---–ის კუთვნილი ავტომობილი ,,ოპელ ვექტრა’’, სახელმწიფო №I------, აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი 240 ლარის ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ასევე სხვა მტკიცებულებების (ნიმუშის აღების ოქმი, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ამოღებული ქვა, სანოტარო აქტი და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ----- გ--–----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ თ----- გ--–----–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არის მ-----ოხელა, აღიარებს დანაშაულს, დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. სასამართლო ბრალდებულ თ----- გ--–----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, თ----- გ--–----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- გ--–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. თ----- გ--–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. თ----- გ--–----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ორი ცალი ქვა, მინის ნამსხვრევები სისხლის ლაქებით და სისხლის ნიმუში განადგურდეს, ხოლო ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა’’, სახ. № I------ დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ---- ლ------–---–ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი