გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210017002080676
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/23832-17

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე შპს ,,სო------------------------ს"

წარმომადგენელი და-------------–---–ი

მოპასუხე წარმომადგენელი შპს ,,ჯტ-–----------------p" ვა--------------ა

დავის საგანი გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯტ-–----------------p"-ისთვის მოსარჩელე შპს ,,სო-----------------------ის" სასარგებლოდ 1 447 634 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 09 ივნისს, შპს ,,სო------------------------სს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა საექსპედიტორო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,სო------------------------სმა" იკისრა ვალდებულება შპს ,,ჯ---–--------ს" დაკვეთით და შეთანხმებული ღირებულების გადახდის სანაცვლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებები. შპს ,,სო------------------------სის" მიერ გაწეული საექსპედიტორო მომსახურების ფარგლებში 2014-2015 წლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიზიდა შპს ,,ჯ---–--------ს" 55 686 ტონა ტვირთი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები. გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1 447 634 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული გაწეული მომსახურების ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა შპს ,,ჯ---–--------სთვის" 1 447 634 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 2-6, იხ. 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ჯტ-–----------------p" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხისთვის საექსპედიტორო მომსახურება არ გაუწევია. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ გააჩნია. 2014 წლის 06 მაისს, შპს ,,სო-----------------------ს" და შვეიცარიულ კომპანია ,,GT--------------------------H"-ს შორის გაფორმდა ექსპედიციის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შვეიცარიული კომპანიისთვის გადაეზიდა ნავთობ-პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ ,,GT--------------------------H"-ს დირექტორი და დამფუძნებელია გია მახათაძე, რომელიც ასევე წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. 2014 წლის 06 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ რამდენჯერმე განახორციელა შვეიცარიული კომპანიის ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანში იმ მარშრუტით, რასაც მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს. ამდენად, მოსარჩელემ ნავთობ-პროდუქტები გადაუზიდა შვეიცარიულ კომპანიას და არა მოპასუხეს. ამასთან, ,,GT--------------------------H"-ის მიერ სრულად იქნა გადახდილი გაწეული მომსახურების ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სო-----------------------ის" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 227-231, იხ. 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 09 ივნისს, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა #ს------------ საექსპედიტორო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, შემკვეთი ავალებს, ხოლო ექსპედიტორი კისრულობს ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზებასთან და გადაზიდვების სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურების გაწევასთან, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებულ შემკვეთის სხვა დავალებების შესრულების ვალდებულებებს როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე დსთ-ის სხვა ქვეყნებში. ხელშეკრულების 1.3. პუნქტის მიხედვით, ურთიერთობის ცალკეული სახეობები, რომლებიც ეხება კონკრეტულ პარტიებს, სამუშაოების და გაწეული მომსახურების მოცულობას, განისაზღვრება დამატებითი დანართებით და წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე წერილობითი ფორმით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განუცხადებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედება გრძელდებოდა თითოეულ შემდგომ კალენდარულ წელიწადზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2014 წლის 09 ივნისის #ს------------ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 16-27) 3.1.2. 2014 წლის 09 ივნისს, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა #ს------------ ხელშეკრულების დანართი #1, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის შეთანხმდა სარკინიგზო ფრახტის განაკვეთი და გადაზიდვის მარშრუტი. ამავე დანართის თანახმად, შეთანხმებული განაკვეთი ძალაში იყო 2014 წლის 30 ივნისამდე. 2014 წლის 01 ივლისს, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა #ს------------ ხელშეკრულების დანართი #2, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის შეთანხმდა სარკინიგზო ფრახტის განაკვეთი და გადაზიდვის მარშრუტი. ამავე დანართის თანახმად, შეთანხმებული განაკვეთი ძალაში იყო 2014 წლის 30 სექტემბრამდე (იხ. დედანი). 2015 წლის 28 აპრილს, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა #ს------------ ხელშეკრულების დანართი #3, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის შეთანხმდა სარკინიგზო ფრახტის განაკვეთი და გადაზიდვის მარშრუტი. ამავე დანართის თანახმად, შეთანხმებული განაკვეთი ძალაში იყო 2015 წლის 30 ივნისამდე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2014 წლის 09 ივნისის დანართი #1 (ტომი 1, ს.ფ. 29-31) - 2014 წლის 01 ივლისის დანართი #2 (ტომი 1, ს.ფ. 33-35) - 2015 წლის 28 აპრილის დანართი #3 (ტომი 1, ს.ფ. 37-39)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შპს ,,სო-----------------------მა" შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს გაუწია 1 447 634 აშშ დოლარის ღირებულების საექსპედიტორო მომსახურება.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის 2014 წის 09 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 1 447 634 აშშ დოლარის ღირებულების საექსპედიტორო მომსახურება.

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის მომსახურება არ გაუწევია. შპს ,,სო-----------------------მა" საექსპედიტორო მომსახურება გაუწია შვეიცარიაში რეგისტრირებულ კომპანიას - ,,GT--------------------------H"-ს და არა შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს.

 

ამდენად, სადაოა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სადაო გარემოების მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოსარჩელე მხარეს, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება მისი სარჩელი.

 

სადაო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულება და მისი დანართები, ელექტრონული ფოსტიდან ამონაწერები, ზედნადებები, აუდიტის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულები.

 

სადაო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეთა შორის სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წლის 09 ივნისს, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა საექსპედიტორო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხისთვის გაეწია საექსპედიტორო მომსახურება, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ კონკრეტული სამუშაოების და გაწეული მომსახურების მოცულობის შესახებ მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების დანართების გაფორმების გზით. სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 09 ივნისს, 2014 წლის 01 ივლისს და 2015 წლის 28 აპრილს შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა #ს------------ ხელშეკრულების დანართი #1, #2 და #3, რომელთა საფუძველზეც მხარეთა შორის შეთანხმდა სარკინიგზო ფრახტის განაკვეთები და გადაზიდვის მარშრუტები.

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმდა არამარტო ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ სამართლებრივი ურთიერთობის ზოგად პირობებზე, არამედ მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებები, რომელიც განსაზღვრავდა შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტულ პირობებს, ასევე შესრულებული სამუშაოს ღირებულებას კონკრეტული პერიოდისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოპასუხეს არ უწევდა მომსახურებას (როგორც ამას მოპასუხე მიუთითებს) ცხადია, მხარეთა შორის ასეთი ტიპის დამატებითი შეთანხმებების დადების საჭიროება არ წარმოიშვებოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების დანართი #2 და #3 არ არის გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმების დღეს, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ დანართები გაფორმდა ხელშეკრულებასთან ერთად და ატარებდა შაბლონურ ხასიათს.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მომსახურების ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული ფოსტის ამონაწერები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41-126). აღსანიშნავია, რომ ელექტრონული წერილი შპს ,,სო-----------------------ის" სახელზე იგზავნებოდა შემდეგი ელექტრონული მისამართიდან - ------------- და ხშირ შემთხვევაში წერილის ავტორი შპს ,,სო-----------------------ისგან" ითხოვდა ზედნადების შევსებასთან დაკავშირებული ინსტრუქციის და ინვოისის მიწოდებას, ასევე შპს ,,სო-----------------------თან" ათანხმებდა ცალკეულ საკითხებს. ასე მაგალითად, ერთ-ერთი წერილი არის შემდეგი შინაარსის - ,,მივიღეთ ინსტრუქციები, რისთვისაც გიხდით მადლობას, მაგრამ რკინიგზამ მოგვაწოდა ზედნადების ძველი ვარიანტები. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, მისაღებია თუ არა ზედნადების ძველი ვარიანტების აზერბაიჯანის რკინიგზისთვის" (იხ. ტომი 1, ს.ფ. 116). ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე მოსარჩელე აგზავნიდა გადახდის კოდებს (იხ. ტომი 35, ს.ფ. 79-80). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ელექტრონული ფოსტის მისამართი - ------------- წარმოადგენს შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს ელექტრონული ფოსტის მისამართს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 194).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შპს ,,სო------------------------სის" მიერ გაგზავნილ ინსტრუქციაში მითითებულ მონაცემებსა და ამ პერიოდში განხორციელებულ გადაზიდვის მოცულობაზე. ასე მაგალითად:

 

1) 2015 წლის 14 დეკემბერს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - -------------, გაგზავნილი იქნა შპს ,,სო------------------------სის" მიერ შედგენილი ინსტრუქცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 42, 85), რომლის მიხედვითაც 7 941 ტონა ბენზინის გადაზიდვა მოხდებოდა 144 ცისტერნის მეშვეობით, გადამხდელს აზერბაიჯანის რკინიგზაში წარმოადგენდა - ,,Tr------------------n", გამგზავნი იყო - ,,GT-----------D, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,Az------" LTD, ტვირთის გაგზავნის სადგურს წარმოადგენდა - ბათუმი, ხოლო დანიშნულების სადგურს - სანგაჩალი. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების თანახმად, ამავე პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 17 დეკემბერს, ბათუმი-სანგაჩალის მიმართულებით 148 ცისტერნით გადაზიდული იქნა 7 883,194 ტონა ბენზინი (იხ. ზედნადებების რეესტრი, ტომი 35, ს.ფ. 40-44), რეესტრში მითითებული ზედნადებების თანახმად, აზერბაიჯანის რკინიგზაში გადამხდელს წარმოადგენდა - ,,Tr------------------n", გამგზავნი იყო - ,,GT-----------D, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,Az------" LTD (იხ. ზედნადებები, ტომი 34, ს.ფ. 138-233).

 

2) 2014 წლის 12 დეკემბერს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - -------------, გაგზავნილი იქნა შპს ,,სო------------------------სის" მიერ შედგენილი ინსტრუქცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 77, 104), რომლის მიხედვითაც 10 378,932 ტონა ბენზინის გადაზიდვა მოხდებოდა 195 ცისტერნის მეშვეობით, გადამხდელს აზერბაიჯანის რკინიგზაში წარმოადგენდა - ,,ტრ--------------------------ი", გამგზავნი იყო - ,,GT-----------D, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,Az------" LTD, ტვირთის გაგზავნის სადგურს წარმოადგენდა - ბათუმი, ხოლო დანიშნულების სადგურს - კიშლი. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების თანახმად, ამავე პერიოდში, კერძოდ, 2014 წლის 19-25 დეკემბერს დეკემბერს, ბათუმი-კიშლის მიმართულებით 180 ცისტერნით გადაზიდული იქნა 10 338 ტონა ბენზინი (იხ. ზედნადებების რეესტრი, ტომი 35, ს.ფ. 26-30), რეესტრში მითითებული ზედნადებების თანახმად, აზერბაიჯანის რკინიგზაში გადამხდელს წარმოადგენდა - ,,ტრ--------------------------ი", გამგზავნი იყო - ,,GT-----------D, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,Az------" LTD (იხ. ზედნადებები, ტომი 29, ს.ფ. 2-85).

 

ამდენად, მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელესთან თანხმდებოდა გადაზიდვისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხები. ამასთან, ამავე პერიოდში ხდებოდა ტვირთის გადაზიდვა და ზედნადებში მითითებული გადაზიდვის დეტალები თანხვედრაშია მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილ გაგზავნის ინსტრუქციასთან. ინსტრუქცია თავის მხრივ შეიცავდა გადაზიდვის ზედნადების შევსებისთვის საჭირო აუცილებელ მონაცემებს.

 

მითითებული მონაცემების საფუძველზე შედგენილი ზედნადებებით ტვირთის მის სასარგებლოდ გადაზიდვის ფაქტი მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია. მოპასუხემ მხოლოდ აღნიშნა, რომ აღნიშნული ზედნადებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ზედნადების დუბლიკატები (იხ. ტომი 28-34), რომლებშიც გამგზავნად მითითებულია - ,,GT----------d". ამავე ზედნადებებში მითითებულია გადაზიდული ტვირთის მოცულობა, სადგურის კოდები და სხვა რეკვიზიტები.

 

მოპასუხე მითითებულ მტკიცებულებებს არ განიხილავს მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ზედნადებებით დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას ახორციელებდა შპს ,,ტრ-------------------------ი" და არა შპს ,,სო------------------------".

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ზემოაღნიშნულ განმარტებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადაო არ არის ის გარემოება, რომ ზედნადებების ნაწილში აზერბაიჯანის რკინიგზაში გადაზიდვის ღირებულების გადამხდელად მითითებულია - ,,Tr------------------n" (იხ. ზედნადებები, ტომი 33, ს.ფ. 77), ნაწილში - ,,აზ-----------–ი" (ტომი 34, ს.ფ. 74), ხოლო ზედნადებების ნაწილში - ,,ტრ--------------------------ი" (იხ. ტომი 28, ს .ფ. 196). ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება, (იხ. ტომი 34, ს.ფ. 303-305) და 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 35, ს.ფ. 113-115), ასევე 2007 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულება (იხ. ტომი 34, ს.ფ. 298-300).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ტრ-------------------------ს" შორის 2015 წლის 02 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ტრ-------------------------მა" იკისრა ვალდებულება გადაეხადა შპს ,,სო------------------------ს" მიერ გადასაზიდი ტვირთის გადაზიდვის ღირებულება. 2015 წლის 30 დეკემბერს, ამავე მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი შპს ,,ტრ-------------------------ის" მიერ 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტს თან დაერთო გადაზიდული ტვირთების სია. სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნა აღნიშნულ სიასა და წარმოდგენილ ზედნადებებს შორის არსებული მონაცემები და გამოირკვა, რომ სიაში მოცემული მონაცემები მასში მითითებული ზედნადებების მონაცემების იდენტურია და სიაში აღნიშნულ ზედნადებებში აზერბაიჯანის რკინიგზაზე გადამხდელად მითითებულია - შპს ,,ტრ-------------------------ი". ასე მაგალითად, სიის 27-ე პოზიციაზე მითითებულია #4---- ზედნადების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, აღნიშნულია, რომ #7------- ვაგონით გადაზიდული იქნა 53,78 ტონა ტვირთი. საქმეში წარმოდგენილია #4---- ზედნადები, რომელშიც მითითებულია ანალოგიური მონაცემები (იხ. ტომი 34, ს.ფ. 230), ასევე იდენტურია სიის მე-40 პოზიციასა და #4---- ზედნადებში მითითებული მონაცემებიც (იხ. ტომი 34, ს.ფ. 240), იდენტურია სიის 58-ე პოზიციასა და #4---- ზედნადებში მითითებული მონაცემებიც (იხ. ტომი 34, ს.ფ. 154). აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია, აღნიშნულ სიასა და მასში მითითებულ რომელიმე ზედნადებს შორის არსებული ინფორმაციის შეუსაბამობის შესახებ.

 

რაც შეეხება 2007 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებას, იგი გაფორმებულია შპს ,,სო------------------------სს" და შპს ,,ტრ---------------------------ს" შორის. მითითებული ხელშეკრულების საგანს ასევე წარმოადგენდა შპს ,,ტრ---------------------------ის" მიერ შპს ,,სო------------------------სის" სასარგებლოდ კონტეინერის საფასურის გადახდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,სო------------------------სის" მიერ მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მისამართზე (-------------) 2014 წლის 27 ივნისს გაგზავნილი ელექტრონული წერილი შპს ,,ტ----------------------------ს" გადახდის კოდის (5-----------------4) მიწოდების შესახებ (იხ. ტომი 35, ს.ფ. 79). აღსანიშნავია, რომ მითითებული წერილის გაგზავნის შემდეგ (2014 წლის ივლისში) შედგენილ ზედნადებებში აზერბაიჯანის რკინიგზაში გადაზიდვის ღირებულების გადამხდელად მითითებულია ,,ტრ--------------------------ი", ხოლო მისი გადახდის კოდად მითითებულია 5-----------------4 (იხ. ზედნადებები, ტომი 32, ს.ფ. 55-59).

 

აღსანიშნავია ასევე, რომ იდენტურია შპს ,,სო------------------------სის" მიერ გაცემულ ინსტრუქციასა და ზედნადებში მითითებული შპს ,,აზ-----------–ის" კოდები. ასე მაგალითად, 2015 წლის 30 აპრილის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ შპს ,,აზ-----------–ის" კოდია - 5------------------ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 49), 2015 წლის 30 აპრილს შედგენილ ზედნადებშიც მითითებულია, რომ შპს ,,აზ-----------–ის" გადახდის კოდია - 5------------------ (იხ. ტომი 33, ს.ფ. 161-191).

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,ტრ-------------------------ი" შპს ,,სო------------------------ს" დავალებით იხდიდა ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას ანუ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას ახდენდა შპს ,,სო------------------------", მსგავსი შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა შპს ,,ტრ---------------------------ს" და შპს ,,სო------------------------სს" შორის. მართალია, შპს ,,ტრ---------------------------ის" და შპს ,,აზ-----------–ის" შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მსგავსი მტკიცებულება, თუმცა ზემოთ მითითებულ მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ შპს ,,ტრ---------------------------ი" და შპს ,,აზ-----------–ი" შპს ,,სო------------------------სის" დავალებით აზერბაიჯანის რკინიგზაში იხდიდნენ მოპასუხის ტვირთის გადაზიდვის საფასურს.

 

სადავო გარემოების დადგენისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია დასახელებული სამი კომპანიიდან თუნდაც ერთის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია ან სხვა სახის მტკიცებულებით არ უცდია იმის დადასტურება, რომ მოპასუხეს და დასახელებულ კომპანიებს შორის (მოსარჩელისგან დამოუკიდებლად) არსებობდა ექსპედიციის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც აღნიშნული კომპანიები ახორციელებდნენ შესაბამის მომსახურებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხის ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება განახორციელა მოსარჩელემ მოპასუხესთან 2014 წლის 09 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

რაც შეეხება გაწეული მომსახურების ღირებულების ოდენობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა აუდიტის დასკვნა (იხ. ტომი 35, ს.ფ. 48-77). აუდიტის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაწეული იქნა 1 441 430,04 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტორმა იხელმძღვანელა ტვირთის გადაზიდვის რეესტრით, ხელშეკრულებით და მისი დანართებით. გადაზიდვის რეესტრში თავის მხრივ ჩამოთვლილია ზედნადებები, რომელიც შედგენილი იქნა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია რეესტრში მითითებული თუნდაც ერთი ზედნადების უსწორობის ან რომელიმე ზედნადების მონაცემის რეესტრში გადმოცემულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ მხარემ ზემოთმითითებული მტკიცებულებებით წარმატებით განახორციელა მისი წილი მტკიცების ტვირთი და დაამტკიცა, რომ მის მიერ მოპასუხისთვის გაწეული იქნა 1 447 634 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება.

 

3.2.2. მოპასუხეს, უარყოფდა რა მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტს, არ განუხორციელებია იმ ფაქტის მტკიცება, რომ მის მიერ გადახდილი იქნა გაწეული მომსახურების ღირებულება. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია გაწეული მომსახურების ღირებულების დავალიანება 1 447 634 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სო-----------------------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2014 წლის 09 ივნისს, შპს ,,სო-----------------------ს" და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შორის გაფორმდა საექსპედიტორო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,სო-----------------------"-მა იკისრა ვალდებულება შპს ,,ჯტ-–----------------p"-სთვის გაეწია საექსპედიტორო მომსახურება. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საექსპედიტორო მომსახურების ღირებულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,სო-----------------------მა" შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს გაუწია 1 447 634 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სო-----------------------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს შპს ,,სო-----------------------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 447 634 აშშ დოლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 5 000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,სო------------------------სის" სარჩელი დაკმაყოფილდეს:

მოპასუხე შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს მოსარჩელე შპს ,,სო------------------------სის" სასარგებლოდ დაეკისროს 1 447 634 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე შპს ,,ჯტ-–----------------p"-ს მოსარჩელე შპს ,,სო------------------------სის" სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია