განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ფ-–-----–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ნ-----–----------- დასახლება, ქუჩა #-, სახლი #--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2 ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისში, მე-2 ნ-----–------ დასახლება, ქუჩა #-, ბინა #---ში, გ------- ფ-–-----–---–მა - მეუღლის თ----- ჩ------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მუშტი დაარტყა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2. 2018 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, თბილისში, მე-2 ნ-----–------ დასახლება, ქუჩა #-, ბინა #---ში, გ------- ფ-–-----–---–მა მეუღლის - თ----- ჩ------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ამ უკანსკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- ფ-–-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- ჩ------–---–ის და მოწმეების - ნ--- ჩ------–---–ის, გ------ ფ-–-----–---–ის, ნ-------------–--ის, მ---------–---ის გამოკითხვის ოქმებს, გ------- ფ-–-----–---–ის გამოკითხვის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- ფ-–-----–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს, ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ, უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ 2018 წლის 8 ოქტომბერს და აგვისტოს თვეში გ------- ფ-–-----–---–მა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა. ორივე შემთხვევაში ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.3 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- ფ-–-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი -2018 წლის ოქტომბრის და 2018 წლის აგვისტოს ეპიზოდები), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- ფ-–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი - ძალადობის 2 ეპიზოდი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დამნაშავის მიერ ოჯახში ძალადობის დადასტურებულ არაერთ ფაქტს - ჩადენილია ძალადობის 2 ეპიზოდი.
5.3.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------- ფ-–-----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აქვე სასასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება, ავტომატურად არ განიხილება შემამსუბუქებელ გარემოებად, მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მოძალადე გაცნობიერებულად ღიად გამოხატავს ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლის სურვილს, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მან გამოძიების დაწყებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის თითოეული ეპიზოდის შემდეგ გასული იყო გარკვეული პერიოდი, მსხვერპლს არ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, თანამშრომლობის საფუძველზე მოძალადემ დაადასტურა ძალადობის ფაქტები, საქმის სასამართლოში წარმართვის დროს უდავოდ გახადა მისი მამხილებელი მტკიცებულებები და უარი განაცხადა მათ გამოკვლევაზე.
5.4.ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით გ------- ფ-–-----–---–ს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულთა ერთობლიობით) გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.5.როგორც ზემოთ აღინიშნა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არის აუცილებელი გ------- ფ-–-----–---–ის იზოლაცია საზოგადოებისაგან, თუმცა კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან გ------- ფ-–-----–---–ი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ფ-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. გ------- ფ-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ფ-–-----–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ გ------- ფ-–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 ოქტომბრიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ------- ფ-–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა