განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
150100118002766524
დავის ტიპი
180 2 ბ
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002766524

#1/102-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ----------------ი (დაბადებული 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ---------ი დ------–-----–ის ქ------, ბ------)

ადვოკატი: ზ-------------

თარჯიმანი: გ--–----------------–-–---–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. გ----------------ი მუშაობდა ს---–----------–--–---თან მწყემსად ნ----–-----ის რაიონში მდებარე საზაფხულო საძოვარზე, გ----------------ს ჰქონდა რა ს---–----------–--–---ის ნდობა, 2018 წლის 04 აგვისტოს, ს---–----------–--–---ის კუთვნილი ცხენისა და მასზე არსებული უნაგირის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ისარგებლა მისი ნდობით, წინაწარი განზრახვით მოატყუა იგი და უთხრა ვითომდა მეგობრის სანახავად მიდიოდა მეზობელ საძოვარზე და ეთხოვებინა ცხენი, რაზეც ს---–----------–--–---ი დათანხმდა და ათხოვა მას ცხენი. გ----------------მა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ს---–----------–--–---ისაგან წამოყვანილი ცხენი და უნაგირი გაყიდა, რითიც ს---–----------–--–---ს მიადგა 1850 ლარი ქონებრივი ზიანი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გ----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ს---–----------–--–---ის, რ---------------ის, კ----------------------ის, გ---------------ს, მ-----------------ის, ბ--------------------ს, გო-------–---ის და ლე------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციას, ცხენისა და უნაგირის ამოღების ოქმს, გო-------–---ის ტელეფონის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში- სსკ) 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გ----------------მა თაღლითურად, მოტყუებით

წამოიყვანა ს---–----------–--–---ის ცხენი და უნაგირი, რომელიც გაყიდა, რითიც ს---–----------–--–---ს მიადგა 1850 ლარი ქონებრივი ზიანი. (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისთვისაც გ----------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც გ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ----------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს. სასამართლო დამატებით ითვალისწინებს გ----------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გ----------------ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ბრალდებულის დადებითი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. შესაბამისად, გ----------------ის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ----------------ს ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 3 000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

6.1. გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

3.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან