გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-------18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა"
წარმომადგენელი - თ--------------ა
მოპასუხე - სს ,,გ----"
წარმომადგენელი - შ-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „გ----ს“ მოსარჩელე შპს „ბ-----------–----------------–---–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 57403,41 ლარის გადახდა;
(მოსარჩელემ მოთხოვნის ოდენობა დააზუსტა 2018 წლის 5 დეკემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე).
მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გ-----–---–---ა მოპასუხეს აწვდიდა ს-------–---–ო პროდუქციას, ხოლო სს „გ----“ იხდიდა შეთანხმებულ ღირებულებას.
მოპასუხის დავალიანება გ-----–---–---ის მიმართ შეადგენს 57403,41 ლარს, რომლის ანაზღაურებაზეც სს „გ----“ უარს აცხადებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არა ცნო და მიუთითა, რომ არანაირი ვალდებულება შპს „ბ-----------–----------------–---–---ის“ მიმართ არ გააჩნია. გ-----–---–---ა მოპასუხეს გასაყიდად აწვდიდა სხვადასხვა სახის წ-----ს, რომლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა მხოლოდ მისი რეალიზაციის შემთხვევაში, ხოლო თუ გარკვეულ ვადაში პროდუქცია არ გაიყიდებოდა, სს „გ----“ ახდენდა მათ უკან დაბრუნებას.
მართალია 2017 წლისთვის მოსარჩელემ სს „გ----ს“ მიაწოდა გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, თუმცა მოპასუხემ იმავე წელს უკან დააბრუნება ყველა პროდუქტი, რადგან ვერ მოხერხდა წ-----ის რეალიზაცია. შემდგომში კი კომპანიამ საერთოდ შეწყვიტა წ-----ის რეალიზაცია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზედნადებების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 58984,39 ლარს, ხოლო სს „გ----ს“ მიერ უკან დაბრუნებული იქნა 164425 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაშიც 2017 წელს მიწოდებული პროდუქციაც შედის. აღნიშნული გამორიცხავს სს „გ----ს“ მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დავალიანების არსებობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „გ----“ წარმოადგენს შპს „ჯ-----------------სა“ და სს „ჯ-----ს“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.1.2. შპს „ბ-----------–----------------–---–---ასა“ და სს „ჯ-----ს“, ხოლო შემდგომში სს „გ----ს“ შორის 2010 წლიდან არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმად შეთანხმებული იყო შემდეგი ძირითადი პირობები:
გამყიდველი (მოსარჩელე) იღებდა ვალდებულებას მყიდველის (მოპასუხის) განკარგულებაში არსებულ სავაჭრო ობიექტებს გადასცეს საკუთრებაში გამყიდველის ასორტიმენტში არსებული პროდუქცია (პრაის ლისტი), მყიდველის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას მიიღოს პროდუქცია 26%-იანი ფასდაკლებით და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
შეთანხმების თანახმად, საანგარიშო თვის განმავლობაში მყიდველისგან მიღებული პროდუქციიდან გაყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა მოხდება მომდევნო თვის 25 რიცხვამდე. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ახალი სასაქონლო ხაზის ან მისი ნაწილის რეალიზაცია არ მოხდა შეთანხმებულ ვადაში, მყიდველს შეუძლია დაუბრუნოს იგი გამყიდველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.01.2012 წლის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- აუდიტორის დასკვნა.
3.1.3. როგორც პროდუქციის მიწოდება, ასევე მათი დაბრუნება ხდებოდა სასაქონლო ზედნადებების საშუალებით. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2018 წლიდან აღარ გაგრძელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები;
- დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
-
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს სს „გ----ს“ განმარტებას ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ და დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება 57403,41 ლარია. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლება საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებები და დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა.
სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარეები გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ - თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე მოპასუხეს საკუთრებაში გადასცემდა მის მიერ წარმოებულ, ასორტიმენტში არსებულ პროდუქციას, რაც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს. აღნიშნულ ურთიერთობაში მოსარჩელე წარმოადგენს გამყიდველს, ხოლო მოპასუხე შემძენს, სადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის და მოთხოვნილი თანხის დაკისრების წინაპირობების დადასტურება, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს - თანხის გადახდის დადასტურება, მაგალითად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მას შეეძლო წარედგინა შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი სავალო საბუთი, ან მოეხდინა 442-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და სხვა.
მოსარჩელე მოითხოვს იმ პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას, რაც მოპასუხის მიერ არც სასაქონლო ზედნადებებით დაბრუნებულა და არც ფულადი სახით ანაზღაურებულა. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით დაანგარიშებული იქნა 2010 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული ინფორმაციის (სასაქონლო ზედნადებების), საბანკო ამონაწერების და მოსარჩელის საბუღალტრო პროგრამიდან ბარათებზე დაყრდნობით. დასკვნის თანახმად, სხვადასხვა პერიოდში მიწოდებული პროდუქციის, ანაზღაურებული და უკან დაბრუნებული პროდუქციის ღირებულებების გათვალისწინებით სხვაობა (დავალიანება) 2018 წლის მდგომარეობით არის 57403,41 ლარი.
აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ კი მოპასუხეს სათანადო შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას აღნიშნული მტკიცებულების არ გაზიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, დასკვნის მომზადება მოხდა ისეთ საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომლის გადამოწმების შესაძლებლობა მოპასუხესაც გააჩნდა და მსგავსი კვლევის ჩატარება მისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
5.1.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მისი შესრულების ან იმ გარემოებების არსებობის მტკიცება, რაც გამორიცხავს შესრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა დავალიანების არსებობა, თუმცა ვერ შეძლო მისთვის სავალდებულო მტკიცების ტვირთის რეალიზება, შესაბამისად შპს „ბ-----------–----------------–---–---ის“ მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1722,60 ლარი. მოთხოვნის დაზუსტების გათვალისწინებით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 0,5 თეთრი, ხოლო დარჩენილი 1722,10 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა"- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე სს ,,გ----"-ს შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 57403.41 ლარი;
3. მოპასუხე სს ,,გ----"-ს შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1722.10 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა"-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 14 მაისს სს ,,------- ბანკში” (საგადასახადო დავალება N----------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1722.60 ლარიდან (გადამხდელი - შპს ,,ბ-----------–----------------–---–---ა", ს/ნ 2--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,------- ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 0.50 ლარი (ორმოცდაათი თეთრი).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე