გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117001957436
საქმე №2-1992/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე----------------– + ”
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხეები - ლ--------------–-ა, რ-------------------ე, ე------------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ--------------–-ას, რ-------------------ეს და ე------------------------ე სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,ე----------------–+”-ის სასარგებლოდ 7119 ლარის გადახდა, მათ შორის ძირითადი დავალიანებაა 7119 ლარი, ჯარიმა 4081 ლარი.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 30 ნოემბერს შპს ,,ე----------------– + ”-ს და ლ--------------–-ას შორის გაფორმდა სესხის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ--------------–-ას სახელზე გაიცა სესხი 9000 ლარის ოდენობით 90 დღის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი და ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის გადახდის გრაფიკი.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ძირი თანხისა და სესხის სარგებლის საკომისიოს თავისდროულად გადაუხდელობისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა პირველ დღეზე 10 ლარისა და სესხის ძირითადი დავალიანების 0,4%-ის ოდენობით ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე. საზოგადოების მიერ დამატებით მიცემულ ვადაში დავალიანების ნებაყოფლობით დაუფარაობის შემთხვევაში, ჩერდებოდა ჯარიმის დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის და მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა კრედიტის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის ხელშეკრულება.
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.2.2. 2016 წლის 30 ნოემბერს შპს ,,ე----------------– + ”-ს და რ-------------------ეს, ასევე ე------------------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა, როგორც თავდებმა პირებმა, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ლ--------------–-ასთან გაფორმებული სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ხელშეკრულებები სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ.
3.2.3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადა სესხის თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ ვალდებულების დარღვევის შესახებ და მიეცათ დამატებითი ვადა, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებზე დავალიანების სახით 11 200 ლარს დაკისრებას, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 7119 ლარი, ჯარიმა 4081 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ცნობა დავალიანების შესახებ.
- შეტყობინებები.
3.2.5. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-სესხის ხელშეკრულება.
- ხელშეკრულება სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად შპს ,,ე----------------– +”-ის სასარგებლოდ 7973,28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 7119 ლარი, პირგასამტეხლო - 854,28 ლარი, რაც შეადგენს ძირითადი დავალიანების 12%-ს. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 417-ე, 418-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, შპს ,,ე----------------–+”-ს და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა სესხი.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მისი ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 7119 ლარს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
დადგენილია, რომ მოპასუხეები რ-------------------ე და ე------------------------ე წარმოადგენენ თავდებ პირებს, რომლებმაც სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე ლ--------------–-ასთან გაფორმებული სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ძირი თანხისა და სესხის სარგებლის საკომისიოს თავისდროულად გადაუხდელობისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა პირველ დღეზე 10 ლარისა და სესხის ძირითადი დავალიანების 0,4%-ის ოდენობით ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე. საზოგადოების მიერ დამატებით მიცემულ ვადაში დავალიანების ნებაყოფლობით დაუფარაობის შემთხვევაში, ჩერდებოდა ჯარიმის დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის და მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა კრედიტის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ დაფარეს დავალიანება დამატებით მიცემულ ვადაში და ამჟამად კრედიტის ძირითადი დავალიანებაა 7119 ლარი, აღნიშნული თანხის 12% კი შეადგენს 854,28 ლარს. შესაბამისად სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 854,28 ლარის დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 336 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 239,19 ლარის ოდენობით ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული დავის არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ე----------------– +”-ის სარჩელი.
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ლ--------------–-ას, რ-------------------ეს და ე------------------------ეს სოლიდარულად შპს ,,ე----------------– +”-ის სასარგებლოდ 7973,28 ლარის გადახდა;
2. მოპასუხეებს ლ--------------–-ას, რ-------------------ეს და ე------------------------ეს შპს ,,ე----------------–+”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 239,19 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე