გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18540-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - რ--------------ი
წარმომადგენელი - რ---------–---ძე
მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მ-------------ძე
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი, 1984 წლის 13 მარტს გარდაცვლიი ა-–------------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ს-----–---–ოს დ-----–--ა I ქუჩის II გასასვლელი ბინა, №--- (ახლანდელი პ------------–--ის მე-6 ჩიხი, №---);
1.2. უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–ოს დ-----–--ა I ქუჩის II გასასვლელი ბინა, №--- (ახლანდელი პ------------–--ის მე-6 ჩიხი, №---) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე რ--------------ს.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
რ--------------ი დაბადებიდან - 1980-იანი წლებიდან ცხოვრობს მოქალაქე ა-–------------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–ოს დ-----–--ა I ქუჩის II გასასვლელი, ბინა №----ში (ახლანდელი პ------------–--ის მე-6 ჩიხი, №---). რომელიც მან მოსარჩელეს დაუთმო გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, ხოლო თვითონ საცხოვრებლად სხვა ადგილას გადავიდა. ამავე პერიოდიდან მოსარჩელე ჩაწერილია საბინაო წიგნში, იხდის კომუნალურ გადასახადებს, ა-–------------ისგან ჩაიბარა სახლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მათ შორის ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმა და როგორც მესაკუთრე დღემდე აგრძელებს საცხოვრებელი სახლით სარგებლობას. ა-–------------ი გარდაიცვალა 1984 წლის 13 მარტს, მას მემკვიდრე არ დარჩენია და არც ანდერძი დაუტოვებია. შესაბამისად, ქონება წარმოადგენს უმკვიდროს და მოითხოვს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას.
(იხ. - სარჩელი ს. ფ. 2-13, 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:20:36).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ ს----–-–-------------------------–მა ს---------მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო
(იხ. - შესაგებელი ს.ფ 44-53, 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:25:21).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 1984 წლის 13 მარტს გარდაცვლილი ა-–------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ა-–------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 28 მაისის №16/73-- და 2018 წლის 07 ივნისის №16/79-- წერილები (ს.ფ. 33-34).
3.1.2. ა-–------------ი გარდაიცვალა 1984 წლის 13 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 30);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს 2018 წლის 14 მაისის წერილი (ს.ფ. 31);
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 32).
3.1.3. რ--------------ი 1997 წლის 22 თებერვლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ს-----–---–ოს დ-----–--ა I ქუჩა II გასასვლელი ბინა №----ში (ახლანდელი ქ. თბილისი, პ------------–--ის მე-6 ჩიხი, №----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 59-63).
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------ს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: ქ. თბილისი, ს-----–---–ოს დ-----–--ა I ქუჩის II გასასვლელი ბინა №--- (ახლანდელი ქ. თბილისი, პ------------–--ის მე-6 ჩიხი, №---) წარდგენილი არ იყო, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემზადებინა და გაეცა დოკუმენტაცია სადავო უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------ს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 35).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე რ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-9 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე, 102-ე, 105-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე; 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
ამასთან, მოსარგებლედ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევა პირი, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც. მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც.
სარჩელში აღნიშნულია, რომ უძრავ ქონებაზე მფლობელობის უფლება გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მოსარჩელემ მიიღო უძრავი ნივთის მესაკუთრე ა-–------------თან დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, კერძოდ, მოსარჩელემ სადგომი შეიძინა 1980-იან წლებში და მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია მოსარჩელე განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე მფლობელობის უფლება მიიღო უძრავი ნივთის მესაკუთრე ა-–------------თან დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა-–------------ი და შესაბამისად, ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ ა-–------------ს გააჩნდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების უფლებამოსილება.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუ ვის სახელზე ირიცხება სადავო უძრავი ქონება (ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------ს მიერ გაცემული ცნობა უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ).
შესაბამისად, ვინაიდან ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ა-–------------ი წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად უფლებამოსილ პირს უძრავი ქონების გასხვისებაზე, მოსარჩელის საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და საბინაო წიგნი ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა გამოკვლეული იქნეს, თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით ფულების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.
ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელის მოსარგებლეობის სტატუსის დადგენას, აღნიშნულისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: მოსარჩელის სადავო ფართში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო საცხოვრებელ სადგომზე კანონის მოქმედების პერიოდში გადახდილი კომუნალური გადასახადების გადახდა. მართალია საქმეში წარმოდენილია კომუნალური გადახდის ქვითრები, მაგრამ აღნიშნული ქვითრები არ ასახავს 1997 წლის 25 ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობას (ს.ფ. 64-89).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 1984 წლის 13 მარტს გარდაცვლილი ა-–------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ა-–------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ა-–------------ი წარმოადგენს ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს, შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისებაზე უფლებამოსილ პირს. ამდენად, სახეზე არ გვაქვს სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობა მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის. აღნიშულის გათვალისწინებით ქ. თბილისში, ს-----–---–ოს დ-----–--ა I ქუჩა II გასასვლელი ბინა №----ში (ახლანდელი პ------------–--ის მე-6 ჩიხი, №---) მდებარე, საცხოვრებელი სადგომი ვერ მიიჩნევა უმკვიდროდ. ვერც მოსარჩელე მიიჩნევა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მოსარგებლედ. გამომდინარე აღნიშნულიდან, რ--------------ის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე