განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
010100118002669427
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002669427

საქმე #1-924/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ პ------–-–--–--ის

ადვოკატის _ მ-----–-------ის

ბრალდებულის - დ----- ფ-----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172090918004 საქმე:

 

ბრალდებულ დ----- ფ-----ის მიმართ

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 2-.0-.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ------–---------------–-----–----------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 09 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–--------------------ში მდებარე კაფეში, დ----- ფ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელების მხრების არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ-----–---------ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:

 

2. დაზარალებულ ნ-----–---------ას მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული მისი შვილია, რომელიც პატივს არ სცემს ოჯახის წევრებს. წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მოხუც მშობლებს, აუტანელს ხდის მათ ყოველდღიურობას. 2018 წლის 9 სექტემბერს კი უკვე ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა, რა დროსაც მათი ოჯახის კუთვნილ კაფეში მყოფს სრულიად უმიზეზოდ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ორივე ხელი ძლიერად ჩაარტყა ზურგში, მხრების არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიენარცხა კარის ჩარჩოს. შეშინებულმა და შეურაცხყოფილმა მომხდარის შესახებ უამბო მეუღლეს და ორივემ გადაწყვიტა მიემართათ პოლიციისთვის, ეთხოვათ დახმარება, რომ დაცულნი ყოფილიყვნენ საკუთარი შვილის ძალადობისგან. ატირებული და დამცირებული წავიდა პოლიციის განყოფილებაში და შეატყობინა შვილის მხრიდან მომხდარ ძალადობაზე. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მისი ცემის ფაქტი არაერთმა პირმა დაინახა, მაგრამ ყველას ეშინია დ----- ფ-----ის, არ სურთ მისი განაწყენება, ამიტომ პოლიციას არც ერთმა მათგანმა ჩვენება არ მისცა. ითხოვს კანონის შესაბამისად მოხდეს დ----- ფ-----ის დასჯა, რათა მომავალში ამ უკანასკნელმა ისევ არ განახორციელოს ძალადობა საკუთარი მშობლის მიმართ.

 

3. მოწმე მ--------------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 9 სექტემბერს შუადღის საათებში პოლიციის სამორიგეო ნაწილში მივიდა ქ------–---ში მცხოვრები ცოლ-ქმარი ნ-----–---------ა და რ------ ფ-----ე. ნ-----–---------ა აღელვებული იყო, ტიროდა და ამბობდა, რომ საკუთარმა შვილმა დ----- ფ-----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დახმარებას სთხოვდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ დაეცვათ მოძალადე შვილისგან. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საქმეზე დაიწყო გამოძიება, ნ-----–---------ა და რ------ ფ-----ე გამოიკითხნენ მოწმის სახით, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელთა შორის თავადაც იყო, გავიდა ფ-----ეების საცხოვრებელ მისამართზე და დააკავა სახლში მყოფი დ----- ფ-----ე.

 

4. ანალოგიური განმარტება მისცეს სასამართლოს და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს გამომძიებლებმა თემურ დიასამიძემ და ოლეგ გოგიტიძემ მოწმედ დაკითხვისას.

 

5. 2018 წლის 11 სექტემბერს შედგენილი №000379 შემაკავებელი ორდერის და მისი ოქმის თანახმად, დ----- ფ-----ეს, როგორც მოძალადეს, დედის - ნ-----–---------ას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დაევალა იმ სახლისგან მოშორება, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოც. ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

6. მოწმე ნ-------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ნ-----–---------ას საოჯახო კაფეში. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში, მაგრამ არ დაუნახავს დ----- ფ-----ის მიერ დედის ცემის ფაქტი. აღნიშნულ დროს იმყოფებოდა ეზოში, ხმაური არ გაუგონია.

 

7. 2017 წლის 30 ივლისს დ----- ფ-----ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერით N017244 და მისი ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 30 ივლისს ნ-----–---------ას შვილმა დ----- ფ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგავას განმარტებით, აღნიშნულს აქვს სისტემატური ხასიათი, დ----- ფ-----ე ახორციელბს მის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. აღნიშნულის გამო დ----- ფ-----ეს, როგორც მოძალადეს დაევალა იმ სახლისგან მოშორება, რომელშიც მსხვერპლი ცხოვროდა; აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

8. საქმეში წარმოდგენილია ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დ----- ფ-----ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ფ-----ე ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავის შვილზე - მ------ ფ-----ეზე. აღნიშნულის გამო დ----- ფ-----ეს, როგორც მოძალადეს დაევალა იმ სახლისგან მოშორება, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობდა; აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით.

 

9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007450718 დასკვნის თანახმად, დაზარალებულმა ნ-----–---------ამ მომხდარის გამო მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.

 

10. დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------ემ.

 

11. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

13. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

14. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

15. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულება - ბრალდებულ დ----- ფ-----ის ჩვენება.

 

16. ბრალდებულმა დ----- ფ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დედისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ უკანასკნელის მიერ საამართლოში მიცემული ჩვენება გამოგონილ ფაქტებს შეიცავს. მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–---------ას, რაც არ არის საკმარისი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების და მისი დამნაშავედ ცნობისთვის.

 

17. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა დ----- ფ-----ის მიერ თავისი დედის- ნ-----–---------ასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. დაზარალებული სასამართლოში ჩვენების მიცემისას საკმაოდ დამაჯერებლად, თანმიმდევრულად აღწერდა შვილთან ურთიერთობის დეტალებს, რომელიც წლების განმავლობაში სავსე იყო მშობლისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით. საკმაოდ ემოციურად გადმოსცა 2018 წლის 9 სექტემბერს მათი ოჯახის კუთვნილ კაფეში განვითარებული მოვლენები. დაზარალებულის მიერ მიცემული განმარტებები, რომელთა თანახმად, წარსულშიც ჰქონდა ადგილი ოჯახის წევრებზე დ----- ფ-----ის მხრიდან შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერებით, რომელიც ერთ შემთხვევაში გაიცა თავად ნ-----–---------ას, მეორე შემთხვევაში კი დ----- ფ-----ის შვილის, მ------ ფ-----ის მიმართ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო. აღნიშნული მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა სამართალდამცავი ორგანოს ჩარევა ოჯახურ ურთიერთობებში დ----- ფ-----ის ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად.

 

18. მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ პოლიციის განყოფილებაში მისული როგავას მძიმე ემოციურ მდგომარეობას, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო შვილის მიერ ჩადენილი ძალადობის გამო. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ფაქტის შემსწრე მოწმეები არ არიან წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (№527აპ-17 20 თებერვალი, 2018 წელი), რომლის თანახმად, "ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს". უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე არსებული საამართლო პრაქტიკა სავსეა მაგალითებით, როდესაც ოჯახის წევრები ცდილობენ პასუხისმგებლობა აარიდონ ბრალდებულს და გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითებენ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებებში. მოცემულ შემთხვევაში კი შვილის ძალადობრივი ქმედებებით შეწუხებულმა დედამ სასამართლოს არათუ დაუმალა სიმართლე, არამედ საკმაოდ ემოციურად და ამავე დროს დამაჯერებლად გადმოსცა ინფორმაცია შვილის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფსიქლოგიური და ბოლოს უკვე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე.

 

19. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას, რომელიც დაზიანების არსებობის ფაქტს და ხარისხს განსაზღვრავდა, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ეს გარემოება, ვერ იქნება ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გაზიარების საფუძველი. მამაკაცის მიერ მასზე ბევრად ასაკოვანი ქალისთვის მხრების არეში ხელის დარტყმამ სავსებით შესაძლებელია იმწუთიერი ტკივილი მიაყენოს ამ უკანასკნელს, მაგრამ სხეულზე არ დარჩეს ფიზიკური ზემოქმედების კვალი.

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

21. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული დ----- ფ-----ე დაზარალებულ ნ-----–---------ას შვილია, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- ფ-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ-----–---------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

23. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

24. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

25. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

26. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- ფ-----ის ბრალდების დადასტურება.

 

27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

29. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

30. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

31. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

32. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

33. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

35. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- ფ-----ემ, 2018 წლის 09 სექტემბერს შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ-----–---------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

36. დ----- ფ-----ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.

 

37. დ----- ფ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ არის სახეზე.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

38. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

39. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

40. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

41. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

42. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

43. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

44. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

45. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.

 

46. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ფ-----ეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით - 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

47. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ----- ფ-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული დ----- რ------ს ძე ფ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

დ----- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი