გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5895-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ლე--- კო----
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენლები - ნა----–- ჩო---–-, მა----- კუ----
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე ლე--- კო---ის სასარგებლოდ, მიუღებელი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება 3--- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სარჩელი ცნეს მხოლოდ 1---.8- ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 25 იანვრის ბრძანებით, ს----------–---------–-–---------------------–---------–-–----------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–-------–---–---------------–-------------------------------------–--–--------------- - მოსარჩელე ლე--- კო---- 2002 წლის 2 თებერვლიდან 2003 წლის 30 მაისამდე მივლინებული იქნა ამერიკული ინგლისური ენისა და საერთაშორისო საზღვაო ოფიცრის კურსებზე მონაწილეობისათვის.
აღნიშნული ბრძანებით, დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო სამმართველოს დაევალა სამივლინებო ხარჯების გაცემა იმის გათვალისწინებით, რომ მივლინებული პირები აშშ-ში ყოფნის პირველი თვე იქნებოდნენ საკუთარ კმაყოფაზე, ხოლო მათი სწავლის დარჩენილი პერიოდის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხებს გაიღებდა აშშ-ს მხარე.
მოსარჩელე ლე--- კო----მ, 2017 წლის 18 სექტემბერს პატაკით და 2017 წლის 19 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და ითხოვა 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება 2--- აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 20 ოქტომბრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ლე--- კო----ს განემარტა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენდა 1---.8- ლარს ვერ ანაზღაურდებოდა იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის განსაზღვრული ასიგნებებით წინა წლის დავალიანების ანაზრაურება გათვალისწინებული არ იყო.
მოსარჩელე ლე--- კო----მ სასამართლოს, აღნიშნული სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით მიმართა 2018 წლის 18 სექტემბერს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 25 იანვრის №39 ბრძანება (ს.ფ. 19-20);
- პატაკი (ს.ფ. 15);
- განცხადება (ს.ფ. 16);
- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 20 ოქტომბრის წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლე--- კო---ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს, მსჯელობის საგანს წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ლე--- კო---ის მოთხოვნა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს ჰქონდა მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 25 იანვრის ბრძანებით, ს----------–---------–-–---------------------–---------–-–----------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–-------–---–---------------–-------------------------------------–--–--------------- - მოსარჩელე ლე--- კო---- 2002 წლის 2 თებერვლიდან 2003 წლის 30 მაისამდე მივლინებული იქნა ამერიკული ინგლისური ენისა და საერთაშორისო საზღვაო ოფიცრის კურსებზე მონაწილეობისათვის. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით, დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო სამმართველოს დაევალა სამივლინებო ხარჯების გაცემა იმის გათვალისწინებით, რომ მივლინებული პირები აშშ-ში ყოფნის პირველი თვე იქნებოდნენ საკუთარ კმაყოფაზე, ხოლო მათი სწავლის დარჩენილი პერიოდის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხებს გაიღებდა აშშ-ს მხარე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე--- კო----მ, 2017 წლის 18 სექტემბერს პატაკით და 2017 წლის 19 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და ითხოვა 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება 2--- აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 20 ოქტომბრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ლე--- კო----ს განემარტა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენდა 1---.8- ლარს ვერ ანაზღაურდებოდა იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის განსაზღვრული ასიგნებებით წინა წლის დავალიანების ანაზრაურება გათვალისწინებული არ იყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებსაც მინდობილობით აქვთ მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება, ცნეს სარჩელი, მოსარჩელე ლე--- კო---ის სასარგებლოდ, 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის მხოლოდ 1---.8- ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამრიგად, საქმის გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ, სარჩელის ცნობის გამო, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელე ლე--- კო---ის სასარგებლოდ, 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის მხოლოდ 1---.8- ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობის და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა სწორედ ასეა შეფასებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №44), კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. თუნდაც, საქმე №ბს-352-348 (კს-15) 04.09.2015 განჩინება), სადაც საკასაციო პალატამ მითითებული განჩინებით ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით განმარტა რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა“.
„საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზეც, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე--- კო----მ 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 18 სექტემბერს. ამასთან, მოსარჩელის აღნიშნული მივლინება დასრულდა 2002 წლის 29 ნოემბერს. შესაბამისად, მოსარჩელე ლე--- კო----ს სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2002 წლის 29 ნოემბერს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
მითითებული კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის 1---.8- ლარზე მეტი ოდენობით ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, საქმის გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს მოსარჩელე ლე--- კო---ის სასარგებლოდ 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება 1---.8- ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე--- კო---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს მოსარჩელე ლე--- კო---ის სასარგებლოდ 2002 წელს მიუღებელი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება 1---.8- ლარის ოდენობით;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი