გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
330310017002071923
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3/6042-17

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - შპ-----------p“

დირექტორი - და----------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენლები - გი---------–---–---–---–ი, თა--------------–-ძე

 

მოპასუხე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

წარმომადგენლები - სო------–------ძე, ვა-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების (გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ - სარეგისტრაციო კოდი: 0----------------------) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების შემდეგი სამართლებრივი შინაარსის სიტყვები „წარმოშობის ქვეყნის“.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმი.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №D--------------- საჩივართან დაკავშირებით.

 

1.5. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება - 51,32 ლარის ოდენობით (2018 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი; დაზუსტებული სარჩელი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, თ-----სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (C-----------) შესყიდვაზე (სავარაუდო ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (S------------). S------------ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 22-23);

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №D--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27-29).

 

3.1.2. დადგენილია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) შესყიდვაზე, 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა ორგანიზაციამ - შპ-----------p“-მა (ს/კ 4--------) და ელექტრონულ ვაჭრობაში დააფიქსირა საბოლოო ფასი - 1590 ლარი.

 

სატენდერო კომისიამ შეამოწმა შპ-----------p“-ის სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა. კომისიის განმარტებით, რადგან პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპ-----------p“-ს უნდა მისცემოდა დისკვალიფიკაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 22-23).

 

3.1.3. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილებით შპ-----------p“-ის დირექტორს ეცნობა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიამ განიხილა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თ-----სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული #0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (C-----------) შესყიდვაზე (სავარაუდი ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან (S------------) დაკავშირებით მხარის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება. დაადგინა, რომ ის არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ორგანიზაციის დისკვალიფიკაციის შესახებ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. კერძოდ, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში, ორგანიზაციას არ ჰქონდა მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაზუსტებას არ ექვემდებარებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 128).

 

3.1.4. შპ-----------p“-ის მიერ 2017 წლის 25 ივლისს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა №D--------------- (SPA) საჩივარი და მოთხოვნილ იქნა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 ივლისის №D--------------- (SPA) საჩივარი (ს.ფ. 24-26).

 

3.1.5. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპ-----------p“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმზე, რომლითაც განხორციელდა შპ-----------p“-ის დისკვალიფიკაცია: „დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა...“ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციით არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია.

 

საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ დანართი №5-ის შენიშვნაზე: პუნქტი 2 - სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს. ამდენად, პრეტენდენტი სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერის შესაბამისად ვალდებული იყო წარედგინა როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ასევე, მწარმოებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია. კონკრეტულ შემთხვევაში კი შპ-----------p“-ის მიერ წარდგენილი ფასების ცხრილის ექვსივე პოზიციიდან არცერთი არ მოიცავდა ინფორმაციას მწარმოებელი ქვეყნის შესახებ.

 

საბჭომ მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები“. მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვდა მწარმოებელი ქვეყნის მითითებას.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად: „დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე, არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა“, ეს კი გულისხმობს ამ ჩამოთვლილთაგან (წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი, მოდელის მიუთითებლობა, ხარჯთაღრიცხვის განუფასებლად წარდგენა) ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპ-----------p“-ის დისკვალიფიკაციასთან მიმართებით არ ეწინააღმდეგბოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №D--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27-29).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №D--------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია

 

ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, შერჩევა/შეფასება არის სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის (შემდგომში – სატენდერო კომისია) სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არა უგვიანეს იმავე დღისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით. ამავე მუხლის „ყ“ პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია არის შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის „ც“ პუნქტით, ტექნიკური დოკუმენტაცია არის პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. ამავე მუხლის „ჯ“ პუნქტით კი, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები.

 

ამავე წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

 

მითითებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა შესაძლებელია პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვა).

 

ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამის ტენდერის სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, თ-----სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (C-----------) შესყიდვაზე (სავარაუდო ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (S------------). ასევე დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციით არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია.

 

დადგენილია, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიამ 2017 წლის 18 ივლისის სხდომაზე განიხილა პრეტენდენტ შპ-----------p“-ის სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა. კომისიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპ-----------p“-ს უნდა მისცემოდა დისკვალიფიკაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე შპ-----------p“-ის დირექტორს ეცნობა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილებით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას.

 

ამავე წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

 

ამასთან, ამავე წესის დანართი №5-ის შენიშვნის „პუნქტი 2“-ის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სატენდერო დოკუმენტაციით ზუსტად იქნა განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა. კერძოდ, სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, რომ დოკუმენტაციაში მითითებული ყოფილიყო შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციით მწარმოებელი ქვეყნის დასახელება იმპერატიულად არ განსაზღვრულა და იგი იძლეოდა შესაძლებლობას, რომ პრეტენდენტს თავად აერჩია პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, სატენდერო დოკუმენტაცია მხოლოდ ავალდებულებდა მხარეს, რომ პრეტენდენტს მიეთითებინა - კონკრეტულად რომელი მწარმოებელი ქვეყნის პროდუქციას სთავაზობდა იგი შემსყიდველ ორგანიზაციას.

 

იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და წარადგინა წინადადება, ამით დაეთანხმა იმ სატენდერო პირობებს (დოკუმენტაციას), რომელიც შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაადგინა.

 

შესაბამისად, სატენდერო კომისია ვალდებული იყო განეხილა და შეეფასებინა მოცემულ შემთხვევაში აკმაყოფილებდა თუ არა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს კონკრეტული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საქონელი, რაც განხორციელდა კიდეც. საკითხის შეფასებისას გამოვლინდა, რომ პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ და ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს, რომელთანაც სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს პრეტენდეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. ხოლო აღნიშნული მონაცემის მიუთითებლობა, იმ დროისათვის მოქმედი ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ითვალისწინებდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

ამდენად, გასაჩივრებული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №- სხდომის ოქმი და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება შპ-----------p-ის'' დისკვალიფიკაციის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპ-----------p-ის'' №D--------------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით განსახორციელებელ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონკურსსა და ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. ხოლო ამავე მუხლის 41 მუხლის მიხედვით, სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ

 

ვებგვერდზე. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ სააგენტო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შპ-----------p“-ს №D--------------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული მსჯელობა მართებულია. ამდენად, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების (გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ - სარეგისტრაციო კოდი: 0----------------------) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების შემდეგი სამართლებრივი შინაარსის სიტყვები „წარმოშობის ქვეყნის“ ბათილად ცნობა.

 

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (2017 წლის 26 იანვრის რედაქცია), სატენდერო კომისია არ ახდენდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

 

მითითებულ პუნქტში ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 22 თებერვლის №5 ბრძანებით და აღნიშნულ პუნქტს დაემატა ჩანაწერი, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.“

 

სასამართლო გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო

 

ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს დაევალა უზრუნველეყო 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება. ამდენად, სადავო ნორმატიული აქტი (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანება) გამოცემულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით

 

გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმატიული აქტში განხორციელებულ ჩანაწერს იმ მოტივით, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტების მიმართ ისეთი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, რომელიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, დაუსაბუთებლად და არათანაზომიერად არ შეზღუდავს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციაში მონაწილეობის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონკურენციის შეზღუდვა მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ის კონკრეტულ მოდელს მოითხოვდა ტექნიკური დოკუმენტაციით. განსახილველ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ტექნიკურ დოკუმენტაციაში ითხოვს პრეტენდენტისგან იცოდეს, თუ რას სთავაზობს მას ტენდერში მონაწილე, ანუ მან უნდა მიუთითოს რომელი ქვეყნის საქონელს აწვდის.

 

მოსარჩელემ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციის რეკვიზიტებს, რომელთა ჩამონათვალში მითითებული არ არის სიტყვა „ქვეყანა“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, მართალია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის რეკვიზიტებში არ არის დაწესებული ქვეყნის მითითების ვალდებულება, თუმცა თავად შემსყიდველი ორგანიზაციის თავისუფალი ნებაა მოითხოვოს ტენდერში მონაწილე პირისგან კონკრეტული ინფორმაციის მითითება.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზანი იყო სწორედ ის გარემოება, რომ პრეტენდენტმა მიუთითოს რომელი ქვეყნის საქონელს აწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას და თავიდან იქნას აცილებული მიმწოდებლების მხრიდან შეთავაზებული საქონლის შესახებ ინფორმაციის (მწარმოებელი ქვეყნის, კომპანიის) შეცვლა დაზუსტების შემდგომ. მანამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა შესაძლებლობას მიმწოდებელს თავდაპირველად შეთავაზებული კონკრეტული ქვეყნის და კომპანიის საქონელი დაზუსტების შემდგომ შეეცვალა. სწორედ სახელმწიფო სტრუქტურის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით შევიდა ცვლილება აღნიშნულ ნორმაში. შესაბამისად, აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც კონკურენციის განვითარებას, ასევე, მიმწოდებლის მხრიდან კეთილსინდისიერების ამაღლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიერ სადავო გამხდარი ნორმა მიღებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში დასმული ამოცანების შესასრულებლად.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6.7. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მოპასუხისათვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის სახით 51, 32 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.

 

დადგენილია, რომ შპ-----------p”-ის დირექტორმა და----------------–---–მა გასწია შესყიდვებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, რეგისტრაციის საფასური ჯამში 51 ლარის ოდენობით (15.07.2017 წლის საგადახდო დავალებები - ს.ფ. 195-196) და გარანტიის სახით 0.32 ლარის ოდენობით (15.07.2017 წლის საგადახდო დავალება - ს.ფ. 198).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული კანონმდებლობით დადგენილ ნორმათა დარღვევას და გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპ-----------p”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - ქ. თბილისი, დავით

 

აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური