განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნ-----ია
სხდომის მდივანი თ----- შ--------ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----- მ-----ეს ძე ნ-------ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–----------------------–-------------------ში
ადვოკატი - ი------------–--ე
თარჯიმნები - ე-–---------–--ე, ხ---------------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
სისხლის სამართლის საქმეზე, ა----- ნ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2--- წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.თბილისში, ხ------–---–ის ქუჩაზე ა----- ნ-------ს შელაპარაკება მოუვიდა ყოფილ მეუღლესთან - ი------–---სთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და ბოლო წლებში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ხშირად ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. ა----- ნ-------მა ზემოთხსენებული შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ა-–---- ს---–--ის თანდასწრებით, ი------–---ს თავის არეში გაარტყა ენერგეტიკული სასმელის ქილა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ა----- ნ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა----- ნ-------ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
დაზარალებულმა ი------–---მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
მოწმე ა-–---- ს---–--ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
მოწმე ნ----ა მ---------ის ჩვენებით, დაზარალებულ ი------–---სთან ერთად მუშაობს ხ------–---–ის ქუჩაზე „დ---“-ს ხიდის მიმდებარედ არსებულ თონეში მცხობელად. 2--- წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, ი------–---ს მეუღლემ ა----- ნ-------მა მოუყვანა შვილი და ისინი ერთად გავიდნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, დაახლოებით 15 წუთში გარეთ გასულმა, შენიშნა 50 მეტრის მანძილზე, თუ როგორ კრავდნენ ერთმანეთს ხელს ი------–--- დაა----- ნ-------ი, რა დროსაც დაზარალებული ტიროდა. ამ ფაქტს ესწრებოდა არასრულწლოვანი ბავშვიც. ნ----ა მ---------ემ ა----- ნ-------ი წამოიყვანა თონისაკენ, ი------–--- კი ბავშვთან ერთად გაემართა სახლისაკენ. მოწმის განმარტებით, ა----- ნ-------ი იყო მსუბუქად ნასვამი. თონესთან მიახლოვებისას, ა----- ნ-------მა გააგრძელა გზა, ნ----ა მ---------ე კი შევიდა თონეში და ინციდენტის თაობაზე უამბო თანამშრომელს, მ---- ტ----–-----–---–ს.
მოწმე მ---- ტ----–-----–---–ის ჩვენებით, დაზარალებული ი------–--- თანამშრომელია, ასევე იცნობს მის მეუღლეს ა----- ნ-------სა და არასრულწლოვან შვილს. 2--- წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, ი------–---ს მეუღლემ ა----- ნ-------მა მოუყვანა შვილი და შემდეგ ისინი ერთად გავიდნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, დაახლოებით 15 წუთში გარეთ გავიდა მათივე თანამშრომელი ნ----ა მ---------ე, უკან დაბრუნებულმა კი მ---- ტ----–-----–---–ს უამბო, რომ ცოლ-ქმარს შეკამათება მოუვიდათ და ა-----ი თონეში წამოიყვანა. მოწმის ჩვენებით, მან რჩევა მისცა ბრალდებულს, რომ მეუღლესთან დაელაგებინა ურთიერთობა. მ---- ტ----–-----–---–ის განმარტებით, მეორე დღეს დაზარალებულისაგან შეიტყო, რომ ა----- ნ-------მა მას ქილა ჩაარტყა თავში, თუმცა თავად ამ ფაქტს არ შესწრებია.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით: 2--- წლის 27 თებერვალს, მოქ. ი------–---ს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა (ექსპერტი კ-–-----–---–ი).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2--- წელს 28 თებერვალს, ია ს---–--ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ე.წ. „დ---“-ს ხიდთან არსებული თონიდან დაახლეობით 30 მეტრში, ი------–---მ მიუთითა ადგილი - ქვეით მოსიარულეთა ბილიკის გვერდით გამწვანებულ ზონაზე, იქვე არსებულ ბეტონის კედლის მიმდებარედ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე ა----- ნ-------მა მას რამდენჯერმე ხელი კრა და ესროლა ენერგეტიკული სასმელის ქილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი იქნა იქნა ერთ ცალ კომპ.დისკზე და დაილუქა სათანადო წესით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ბ-------–---–მა და გამომძიებელმა ვ-–- გ-–--ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული, ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------- გ--------ემ და ვ-–- გ-–--ემ დაადასტურეს ა----- ნ-------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. გარდა ამისა, კანონმდებელი დამამძიმებელ გარემოებად აწესებს არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობას მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ვინაიდან ოჯახში ძალადობას გააჩნია მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დელიქტს და, შესაბამისად, აუცილებელია რომ ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ა----- ნ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ ა----- ნ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლოს ზ/აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგს:
Ø სს საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება - თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა ა----- ნ-------ზე, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე. აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დგინდება მეუღლეებს შორის შეკამათების ფაქტი და არა ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ა----- ნ-------მა ქილა გაარტყა ი------–---ს თავში და აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
Ø სს საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ა----- ნ-------ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე;
Ø სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ი------–---ს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანებების არსებობის პირობებშიც კი, იგივე ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
Ø ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც დაზარალებულის ჩვენების შემადგენელი ნაწილია (და სწორედ ამ ჩვენების შემოწმების მიზნით იქნა ჩატარებული) და ვინაიდან ი------–---მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია ვერ დაედება საფუძვლად ა----- ნ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მით უფრო, რომ წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა----- ნ-------მა ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება ყოფილი მეუღლის - ია ს---–--ის მიმართ (რაც ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით, გამოიხატა თავის არეში ქილის გარტყმაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში), ასევე ვერ იქნა დადგენილი ია ს---–--ის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა----- ნ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ა----- ნ-------ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----- ნ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
განემარტოს ა----- ნ-------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ა----- ნ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათების შემცველი 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ---- ნ-----ია