გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3653-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე – მ--–---- თ------ა
წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი
მოპასუხეები – კ---------------------–---–ი, მ------–--------ია
წარმომადგენელი - დ---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს კ---------------------–---–ს და მ------–--------იას მოსარჩელე მ--–---- თ------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1300 ევროს გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა ტურისტული ვიზით, მიიღო ცხოვრების დროებითი მოწმობა და დაიწყო მუშაობა. 2015 წლის აგვისტოში, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საქართველოში. პრობლემების მოგვარების შემდეგ ისევ გადაწყვეტა საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ. 2----–-–----------------ს იგი დაუკავშირდა შ--------------------- უფროსს კ---------------------–---–ს, რომლისგანაც მიიღო პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ ლეგალურად გამგზავრების პირობა, რისთვისაც მან მოპასუხეებს გადაუხადა 1500 ევრო. შეთანხმების თანახმად, პოლონეთის რესპუბლიკაში გაუმგზავრებლობის შემთხვევაში მოპასუხეებს მისთვის უკან უნდა დაებრუნებინათ 1300 ევრო. მ--–---- თ------ა პოლონეთის რესპუბლიკაში ვერ გაემგზავრა, მოპასუხეების მიერ მისთვის გაკეთებული მოწვევა საკონსულომ განიხილა და უარი უთხრა ვიზის გაცემაზე. ამ ფაქტის მიუხედავად მოპასუხეები უარს აცხადებენ თანხის დაბრუნებაზე, რამაც განაპირობა წინამდებარე სარჩელით სასამართლოსათვის მომართვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა კ---------------------–---–მა და მ------–--------იამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მ--–---- თ------ამ განაცხადი შეიტანა პოლონეთში ლეგალური საბუთების მოსამზადებლად და პოლონეთში სამუშაოდ გასამგზავრებლად. მათი შუამავლობით მომზადდა მოსარჩელისათვის სამუშაო მოწვევა-ნებართვა პოლონეთიდან, რაც გადმოიგზავნა საქართველოში და გადაეცა მოსარჩელეს დედნის სახით. მოსარჩელეს ასევე ესაჭიროებოდა პოლონეთის საკონსულო სავიზო ინფორმაციის და მითითების მიხედვით საბუთების მომზადება, რაშიც დაეხმარა მოპასუხე მხარე და მათ მიერ ყველა სახელშეკრულებო დაპირება შესრულებული იქნა. საკონსულომ მიიღო გამზადებული დოკუმენტები მ--–---- თ------ასგან, მაგრამ უარი უთხრა მოსარჩელეს ვიზაზე მე-9 და მე-10 პუნქტებით, რომლის თანახმადაც, საკონსულო გამოთქვამდა მ--–---- თ------აზე დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსარჩელე არ აპირებდა პოლონეთში დარჩენას. როგორც არმოჩნდა, სინამდვილეში მ--–---- თ------ას სურდა გამოეყენებინა პოლონეთის სახელმწიფო სამუშაო მოწვევა-ნებართვა საბერძნეთში გადასასვლელად, სადაც იგი ცხოვრობდა არალეგალურად, ორი წელი, რაც არის საიმიგრაციო-სავიზო წესის დარღვევა. იგი როდესაც შედიოდა საკონსულოში მოპასუხე მხარის მიერ მომზადებული საბუთებით ამ დროს ირიცხებოდა ისევ ევროპაში, რადგან არ ჰქონდა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა დაფიქსირებული. აღნიშნული ცნობილი გახდა პოლონეთის საკონსულოსათვის და ამიტომაც უარი ეთქვა მას ვიზაზე. ასევე მოსარჩელისათვის, ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა გაწეულ მომსახურეობაზე უკან არ დაბრუნდეობდა.
მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოსარჩელემ არ ისურვა ესარგებლა განმეორებითი მოწვევით და უსაფუძვლოდ ითხოვს თანხის დაბრუნებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–----------------ს მ--–---- თ------ას საშუამავლო მომსახურების შესახებ განაცხადის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ის ადასტურებდა, რომ სურდა მიეღო სამუშაო მოწვევა, რომელიც არის სამუშაო ნებართვა პოლონეთისათვის და რომლის საფუძველზეც გაიცემა პოლონეთის საკონსულოში „დ“ კატეგორიის ვიზა, 2----–-–----------------ს ერთი მხრივ კ---------------------–---–ს და შუამავალ პირს მ------–--------იას და მეორეს მხრივ დამკვეთს _ მ--–---- თ------ას შორის გაფორდა საშუამავლო, სამომხმარებლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, დოკუმენტაციის მომზადება და გადაცემა პოლონეთში სამუშაო მოწვევის თუ სამუშაო ნებართვის თაობაზე.
სახელშეკრულებო თანხა მთლიანი სერვისისათვის შეადგენდა 1300 ევროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი საშუამავლო მომსახურეობის შესახებ (ს.ფ 13);
- 2----–-–---------------ის საშუამავლო, სამომხმარებლო ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.2. 2----–-–----------------ს მხარეებს: ერთი მხრივ კ---------------------–---–ს და მეორეს მხრივ მ--–---- თ------ას შორის ასევე გაფორმდა საშუამავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, შუამავლის მიერ კოორდინაციის გაწევა მესამე პირებთან, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, საზღვარგარეთ დაკავშირების მიზნით. ასევე, მომსახურების გაწევა საქმის წარმართვისათვის, როგორიცაა განაცხადის მიღებისათვის საბუთების თარგმანი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეზერვაცია, თარგმანის მომზადება, ონლაინ კონფერენციები, საკონსულტაციო, საკურიერო სამუშაოები. შუამავალი აკავშირებდა დამკვეთს ონლაინით, ტელეფონით, პირობების გარკვევის მიზნით.
საბაზრო ღირებულება გაწეულ მომსახურებაზე განისაზღვრა 700 ევროთი, გარდა 200 ევროსი, რაც იხარჯება ასევე დამკვეთის საქმეზე როგორიცაა - თარგმნები, კონსულტაციები, რეზიუმე ტესტირება, უცხოეთთან ონლაინ კონფერენცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–---------------ის საშუამავლო ხელშეკრულება (ს.ფ 18-20).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.3. უდავო გარემოებაა რომ მ--–---- თ------ამ 2016 წლის 7 თებრვალს უნაღდო ანგარიშსწორების გზით კ---------------------–---–ს გადასცა შესრულებული სამუშაოს ჰონორარი 1500 ევროს ოდენობით, მათ შორის 300 ევრო საშუამავლო მომსახურებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი შესრულებულ სამუშაოზე ჰონორარის გადაცემის შესახებ (ს.ფ 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.9. თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილების კონსულის გადაწყვეტილებით მ--–---- თ------ას უარი ეთქვა ეროვნული ვიზის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ მან „ვერ დაასაბუთა დაგეგმილი ყოფნის მიზანი თუ პირობები“ და „ჩნდება დასაბუთებული ეჭვები მის მიერ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვების განზრახვასთან დაკავშირებით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება ეროვნული ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ 28).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულოს მიერ მ--–---- თ------ასათვის სამუშაო ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის გადახდილი 1500 ევროს ოდენობით შესრულებული სამუშაოს ჰონორარიდან, 1300 ევროს დაბრუნების თაობაზე მხარეთა შეთანხმება არ დასტურდება.
სასამართლო მიუთითებს, რომ რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, რითაც უტყურად დადასტურდებოდა სადავო შეთანხმების არსებობის ფაქტი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით ყურადღებას გაამახვილებს თავად მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე თანდართული იმ წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებიც ხელმოწერულია როგორც მოპასუხე, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ და მათი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არცერთი მათგანი არ შეიცავს პირობას/დათქმას გაწეული მომსახურების თანხების თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების თაობაზე, საკონსულოს მიერ მ--–---- თ------ასათვის სავიზო გასაუბრების შედეგად ეროვნული ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში; მეტიც განაცხადში, ოქმში თუ ხელშეკრულებებში ცალსახად და არაორაზროვნად ფიქსირდება, რომ შუამავალი მხარე იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამკვეთის წინაშე სავიზო გასაუბრების შედეგებზე და რომ შესრულებულ სამუშაოზე დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. კერძოდ:
_ მ--–---- თ------ას საშუამავლო მომსახურების შესახებ 2-------წ განაცხადის თანახმად, „ვიზის გაცემა არის საკონსულოს პრეროგატივა, სადაც განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს თავისი წასვლის მიზანი და პირობები. მომსახურება ითვალისწინებს საშუამავლო სამუშაოს დამსაქმებელსა და განმცხადებელს შორის... შუამავალი მესამე პირზე, დამსაქმებელსა და განმცხადებლის ქმედებებზე, ვადებზე ან სავიზო გასაუბრების შედეგებზე პასუხისმგებელი არ არის“. „შესრულებულ სამუშაოზე მომსახურეობის გადახდილი თანხა განმცხადებელს არ უბრუნდება, რაც თავიდანვე ცნობილია სიტყვიერად;“
_ მსგავსი შინაარსის შემცველია მხარეთა შორის გაფორმებულ 2----–-–---------------ის საშუამავლო, სამომხმარებლო ხელშეკრულების ცალკეული პუნქტებიც, რომლის თანახმადაც: საკონსულო გასაუბრებაზე ვადები და სხვა გადაწყვეტილებები დამოკიდებულია თავად საკონსულოზე (2.2პუნქტი), შუამავლისაგან შესრულებულ სამუშაოზე მომსახურეობისათვის გაწეული თანხა დამკვეთს უკან არ უბრუნდება. ასევე, არ უბრუნდება თანხა დამატებით გაწეულ მომსახურეობაზე (2.5 და მე-6 პუნქტი);
_ 2----–-–---------------ის საშუამავლო ხელშეკრულების მე-4 და 6.3 პუნქტების თანახმად, გაწეულ სამუშაოზე თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ასევე გამოირიცხება;
_ 1------- წ გაწეული მომსახურების განაცხადი და 07.02.16წ ოქმი შესრულებულ სამუშაოზე ჰონორარის გადაცემის შესახებ, ასევე შეიცავს პირობას რომ შესრულებული მომსახურების თანხა უკან არ ბრუნდება;
ამდენად, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მათი ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი დამაჯერებელ და სარწმუნო არგუმენტებზე მითითებით, რომლებიც ასევე კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით იქნებოდა გამყარებული.
3.2.1. მოპასუხეთა მიერ 2----–-–---------------ის საშუამავლო, სამომხმარებლო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება.
საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილების კონსულისგადაწყვეტილებით მ--–---- თ------ას უარი ეთქვა ეროვნული ვიზის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ მან ვერ დაასაბუთა დაგეგმილი ყოფნის მიზანი და პირობები და ჩნდებოდა დასაბუთებული ეჭვი მის მიერ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვების განზრახვასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარე საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად იქნა შესრულებული, კერძოდ მ--–---- თ------ას გადაეცა პოლონეთიდან გამოგზავნილი არა სამუშაო მოწვევა, რომლის საფუძველზეც გაიცემა პოლონეთის საკონსულოში „დ“ კატეგორიის ვიზა, არამედ განაცხადი სამუშაოს შეთავაზებასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა საკონსულოს უარი სამუშაო ვიზის გაცემაზე. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მიიჩნევს, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა ჯეროვნად; მეტიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია იმ დამატებითი მომსახურების საფასური, რაც მათ გასწიეს მოსარჩელის სასარგებლოდ განმეორებითი სამუშაო მოწვევის მისაღებად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
მოსარჩელის მითითება რომ მ--–---- თ------ას მოპასუხეებმა არ გადასცეს პოლონეთის საელჩოს საკონსულოში „დ“ კატეგორიის ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტი _ სსსკ-ის მე-5 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, გაქარწყლებულ იქნა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებით, მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით. სადავო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი სხვა კონკრეტული მტკიცებულება კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა სადავო დოკუმენტის ასლი, მიუთითა თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალურ ვებ-საიტზე განთავსებულ საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, რომელიც D ტიპის ეროვნული ვიზის მისაღებად საჭირო და პოლონეთში სამუშაოდ გამგზავრების მიზნის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევს, სწორედ წერილობით განაცხადს უცხოელის სამსახურში აყვანის სურვილის შესახებ და ასევე სასამართლოს ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელის ხელმოწერით დადასტურებულ გარემოებებზე: „მომსახურება შესრულებულია“, „დაკვეთის შესაბამისად მიღებულია პოლონეთის სამუშაო მოწვევის ორიგინალი“, „შუამავლების კ---------------------–---–ის და მ------–--------იას მოწვევასთან დაკავშირებით საშუამავლო სამუშაო დასრულებულია, საბუთები გადამოწმებულია დამკვეთის მიერ და პრეტენზია არ გააჩნია“ (იხ. 1-------წ გაწეული მომსახურების შესახებ განაცხადი, 1-------წ ფაქტობრივი განმარტება შესრულებულ სამუშაოზე).
ამდენად, სადავო გარემოების დადგენის მიზნით, მხარეთა ახსნა-განმარტებების საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- თ------ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 709-ე, 710-ე, 744-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სსკ-ის 319 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ კონკრეტული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2-------წ მხარეებს (ერთის მხრივ კ--------–---–ს და შუამავალ მ------–--------იას და მეორეს მხრივ დამკვეთს _ მ--–---- თ------ას) შორის გაფორმებული საშუამავლო, სამომხმარებლო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დამკვეთის სასარგებლოდ დოკუმენტაციის სამართლებრივი მომზადება და გადაცემა პოლონეთში სამუშაო მოწვევის თუ სამუშაო ნებართვის თაობაზე; ასევე 2----–-–----------------ს კ---------------------–---–სა და მ--–---- თ------ას შორის დადებული საშუამავლო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, კოორდინაციის გაწევა ნებისმიერ მესამე პირთან, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, საზღვარგარეთ დაკავშირების მიზნით. ასევე, მომსახურების გაწევა საქმის წარმართვისათვის, როგორიცაა განაცხადის მიღებისათვის საბუთების თარგმანი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეზერვაცია, თარგმანის მომზადება, ონლაინ კონფერენციები, საკონსულტაციო, საკურიერო სამუშაოები.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ კონკრეტული გარიგების გაფორმებისას.
გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, საშუამავლო ხელშეკრულებისათვის არ არის დამახასიათებელი მარწმუნებლის მიერ რაიმე ვალდებულების აღება საკუთარ თავზე, გარდა იმისა, რომ სწორედ შუამავლის საშუალებით ხდება ხელშეკრულების კონტრაჰენტის მოძიება და მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს შუამავალი გასამრჯელოს, თუ ხელშეკრულება მისი საშუალებით დაიდება; ასევე კონკრეტული 2-------წ საშუამავლო, სამომხმარებლო ხელშეკრულებების შინაარსისა და მასში ასახული მხარეთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულების არსით ყველაზე ახლოს შუამავლობისა და დავალების ხელშეკრულებების შინაარსთან და პრაქტიკულად თავისი არსით წარმოადგენდს შუამავლის მიერ დამკვეთისათვის კონკრეტული მომსახურების გაწევას, ამ უკანასკნელის ხარჯით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთის მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის და მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე.
6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
მოცემულ შემთხვევაში როგორც სარჩელით, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელე მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრებას ითხოვს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ჯეროვნად 2-------წ საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებულ 2-------წ შუამავლობის ხელშეკრულებებზე, რომლებშიც კონკრეტულად და ამომწურავადაა მითითებული დამკვეთისა და შუამავლის უფლება-მოვალეობები და ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც განაპირობებდა თანხის დაკისრების თაობაზე მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, მიიჩნევს რომ მ--–---- თ------ას სარჩელი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–---- თ------ას სარჩელი კ-----------------–-–---–ის და მ------–--------იას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი