გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110310018002520401
N3/83-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - ი----------------–---–-;
მოპასუხე - ე-–-----------–---–-;
დავის საგანი - უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 220 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე-–-----------–---–ს დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 220 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
ე-–-----------–---–-ს ოჯახი, რომელიც შედგება ოთხი წევრისაგან - თვითონ ე-–-----------–---–-, უ-----------, ი-------------- და ა----------- - 2018 წლის თებერვლამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას. ოჯახს მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი 0-----------. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებისათვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის N04/9274 წერილით, ცნობილი გახდა, ქ.ზესტაფონში, რ---------–-------- N2/26-ში მცხოვრებ ე-–-----------–---–-ს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, კერძოდ: 2017 წლის 1 ნოემბერს, მისი ოჯახის წევრს - უ-----------ს ჩაერიცხა 750 ლარი. ე-–-----------–---–-ს ოჯახს, ზედმეტად დაერიცხა უ---------- წილი საარსებო შემწეობის თანხა 220 ლარი. აღნიშნულზე ეცნობა ე-–-----------–---–- და მიეთითა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის - 220 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა თანხა არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე-–-----------–---–-, გადაეგზავნა სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა ვერ ჩაბარდა, რადგან სარჩელში მითითებულ და რეგისტრაციის მისამართზე ე-–-----------–---–- აღარ ცხოვრობს. სასამართლოს მიერ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, მიღებულ იქნა განჩინება სარჩელისა და მასალების მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე, თუმცა ადრესატს ვერ ჩაბარდა გზავნილი, რადგან არ ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე. 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხე ე-–-----------–---–- სარჩელი ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით, რომლის საშუალებითაც ეცნობა საქმის ზეპირი განხილვის თარიღიც. მოპასუხის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ე-–-----------–---–-ა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ზესტაფონის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ზესტაფონის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, ე-–-----------–---–- ოჯახს (ე-–-----------–---–-, უ-----------, ი-------------- და ა-----------) დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 47140 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თვე არის 9/2015.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ე--------–---–-ს განცხადება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 13-14).
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის N04/9274 მიმართვითა და მისი დანართით დგინდება, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს მათ წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და აღნიშნული არ აცნობეს სააგენტოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.
დადგენილია, რომ ასეთ ოჯახს წარმოადგენდა ე-–-----------–---–-ს ოჯახი, ვინაიდან მისი ოჯახის წევრს - უ----------- დაუფიქსირდა შემოსავალი 750 ლარის ოდენობით 01.11.2017 წელს, რომლის შესახებაც არ აცნობა სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
მითითებული მიმართვით სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ წერილობით ეცნობებინათ ოჯახებისთვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში და ასევე, განეხორციელებინათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის №04/9274 მიმართვა და დანართი (იხ. ს.ფ. 15-17).
3.3. ე-–-----------–---–-ს ოჯახზე ზედმეტად გადაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 220 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- სმს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წერილები (იხ. ს.ფ. 18-21);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 44-45).
3.4. 2018 წლის 28 მარტს, ე-–-----------–---–- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა N04-06-03/669 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან სააგენტოს არ აცნობა ოჯახის წევრის - უ------------ მიერ მიღებული შემოსავალი, მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 220 ლარს. ამავე წერილით, ე-–-----------–---–- ეთხოვა ვალდებულების შესრულების მიზნით ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.
2018 წლის 10 მაისს, ე-–-----------–---–- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა N04-06-03-1054 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან სააგენტოს არ აცნობა ოჯახის წევრის - უ------------ მიერ მიღებული შემოსავალი, მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 220 ლარს. ამავე წერილით, ე-–-----------–---–- ეთხოვა მის მიერ არასწორად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღდგენა 2018 წლის 1 ივნისამდე.
აღნიშნული წერილები, მიუხედავად სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების არაერთი მცდელობისა, მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, რეგისტრაციის მისამართზე არ ყოფნის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2018 წლის 28 მარტის N04-06-03/669 წერილი (იხ. ს.ფ. 18-19);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2018 წლის 10 მაისის N04-06-03-1054 წერილი (იხ. ს.ფ. 20-21);
- უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 22).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ე-–-----------–---–-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 220 (ორას ოცი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით, დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი, რომლის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო , რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.
მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ე-–-----------–---–-ს ოჯახი (ე-–-----------–---–-, უ-----------, ი-------------- და ა-----------), რეგისტრირებული იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და იგი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, იღებდა საარსებო შემწეობას. ასევე, დადგენილია ის გარემოება, რომ ე-–-----------–---–-ს ოჯახის წევრმა - უ-----------მ 01.11.2017 წელს, მიიღო შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში, არ აცნობა სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება, განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-–-----------–---–-ა, სააგენტოსათვის ინფორმაციის დამალვის გზით, ზედმეტად მიიღო ერთი თვის საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 220 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია წარმოდგენილი ანდა მოძიებული ვერ იქნა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან ე-–-----------–---–-ა საარსებო შემწეობა მიიღო ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. განსახილველ შემთხვევებში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ე-–-----------–---–-ს მიერ, ზედმეტად მიღებული თანხის - 220 ლარის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა, კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მარტს, ე-–-----------–---–- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა N04-06-03-669 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან სააგენტოს არ აცნობა ოჯახის წევრის - უ------------ მიერ მიღებული შემოსავალი, მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 220 ლარს. ამავე წერილით, ე-–-----------–---–- ეთხოვა ვალდებულების შესრულების მიზნით ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში. ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს, ე-–-----------–---–- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა N04-06-03/1054 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან სააგენტოს არ აცნობა ოჯახის წევრის - უ------------ მიერ მიღებული შემოსავალი, მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 220 ლარს. ამავე წერილით, ე-–-----------–---–- ეთხოვა მის მიერ არასწორად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღდგენა 2018 წლის 1 ივნისამდე. აღნიშნული წერილები, მიუხედავად სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების არაერთი მცდელობისა, მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, რეგისტრაციის მისამართზე არ ყოფნის გამო. ე-–-----------–---–-, მის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა 220 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში არ დაუბრუნებია.
6.2. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან, მოპასუხემ მას არ აცნობა ოჯახის წევრის დასაქმების გზით მიღებული შემოსავალი და აღნიშნულის შედეგად, მან ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზედმეტად მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2) მოპასუხე ე-–-----------–---–- (პ/ნ 5----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა;
3) მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4) გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა N7).
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე