განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ლ-–- გ-------–--ის
ბრალდებულ _ გ------- ხ---------ს
ადვოკატ - ლ---- ს------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ------- ა-----–---ის ძე ხ---------ს, დაბადებულის 1--- წლის---------------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ--–-ს რ------ს სოფელ ნ------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ზ---------ს რ------ს სოფელ შ-------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ხ---------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ------- ხ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 18:10 საათზე, ქ. თბილისში, ა-–--–---–------------------ში მდებარე ბინა №--ში გ------- ხ---------მ ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლის დედას - ე-–--- ბ---–---ეს არასრულწლოვანი შვილის - მ--–--- ს-----ს თანდასწრებით, შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ე-–--- ბ---–---ე დაეცა ძირს და დაკარგა გონება. აღნიშნულის შედეგად ე-–--- ბ---–---ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ------- ხ---------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა გ------- ხ---------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ------- ხ---------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით გ------- ხ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროისათვის (2018 წლის 6 ოქტომბერს) გ------- ხ--------- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ხ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში გ------- ხ---------ს მიმართ წარსულში გავრცელებული შეღავათების მიუხედავად, მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება მაინც არ შეწყვეტილა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიანი პირობებით და განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, მან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი და ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, თანაც არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი საქციელი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------- ხ---------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე აფასებს დანაშაულის რეციდივის რისკს. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი ხასიათის დანაშაული გ------- ხ---------ს პირველად არ აქვს ჩადენილი. იგი ერთი წლის წინ იქნა გასამართლებული იმის გამო, რომ ცემის შედეგად პირს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რისთვისაც მას განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, თუმცა მან მაინც გააგრძელა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გ------- ხ---------ს მიმართ გამოყენებულმა არასაპატიმრო სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ეფექტი და ვერ იქნა მიღწეული სასჯელის მიზნები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სასამართლოსთვის უცნობია დაზარალებულის პოზიცია ბრალდებულის მიმართ, ხოლო მისი გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაზარალებულს არ აქვს შემრიგებლური პოზიცია და ითხოვს „გ------- ხ---------ს მიმართ მიღებულ იქნას მკაცრი ზომები მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო“. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ბრალდებულის მხრიდან არსებობს დანაშაულის რეციდივის რისკი, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი სასჯელით - თავისუფლების აღკვეთით, ვინაიდან ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით ვერ იქნება სასჯელის მიზნები მიღწეული.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 2 წელს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი, ხოლო ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ გ------- ხ---------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა ერთჯერად დარტყმაში და ადგილი არ ჰქონია არაერთჯერად და დაუნდობელი ხასიათის ძალადობას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად და ჰყავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის და არა სრული ანდა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ხ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ------- ხ---------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ხ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. გ------- ხ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 ოქტომბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი