გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
140210018002526282
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002526282

საქმე №2/1289-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე ი----ა ბ-------ი

წარმომადგენელი კ------------ე გ--–-–---–ი

მოპასუხე ა------ი ვ----–----ო

წარმომადგენელი ალ--სა------ შ--–-----–---–ი

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ალიმენტის ოდენობის გაზრდა 500 ლარამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას და მის ყოფილ მეუღლეს - ა------ი ვ----–----ოს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ანა ვ----–----ო, მეუღლეები დიდი ხანია ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვი ცხოვრობს დედასთან. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ა------ი ვ----–----ოს დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 90 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. მოპასუხე დასაქმებულია კერძო სექტორში და არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი, მისი შემოსავალი გაიზარდა 3000 ლარამდე, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის ოდენობის მომატებას 500 ლარამდე ყოველთვიურად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 60 ლარის მომატებისა და შესაბამისად ალიმენტის ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, იგი საჭიროებს მკურნალობას (აქვს საზარდულის თიაქარი) და თანხების უქონლობის გამო ვერ იკეთებს საჭირო ოპერაციას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ანა ვ----–----ო დაიბადა 20-- წლის 1- მარტს, მისი მშობლები არიან მამა - ა------ი ვ----–----ო, დედა - ი----ა ბ-------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ანა ვ----–----ოს დაბადების მოწმობა ნკ №590529.

 

3.1.2. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ა------ი ვ----–----ოს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის, ანა ვ----–----ოს სასარგებლოდ ყოველთვიურად 90 ლარი, 2011 წლის 16 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3 მოპასუხეს გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 14 აგვისტოს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა;

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

სადაო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გარდა თვით მოპასუხის განმარტებისა და შესაბამისად, მისი მხრიდან სარჩელის ცნობისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, კერძოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი გაიზარდა 3000 ლარამდე. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 22 ნოემბრის შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით კი დასტურდება, რომ ამ ცნობის გაცემის დროისათვის 01.01.2018 წლიდან 22.11.2018 წლამდე მოპასუხე ა------ი ვ----–----ოს მიღებული შემოსავალი 5032.35 ლარს (დარიცხული ხელფასის სახით თვეში 500 ლარი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----ა ბ-------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 11-8-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე, 1234-ე, 1152-ე მუხლები;

- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის დადგენილი ოდენობის გაზრდას და ყოველთვიურად მოპასუხეზე ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრებას.

 

სასამართლო განამარტავს, რომ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები, მართალია განეკუთვნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელია სამართალწარმოების სპეციფიკური ხასიათი. სასამართლო, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას მინიჭებული აქვს ფართო უფლებები თვითონ, თავისი ინიციატივით მიიღოს ყველა ზომა, რათა დაადგინოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გამოტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) სასამართლოს შეუძლია თვითონ განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორედ გადაწყვეტა. მხარეთა მითითებული გარემოებით, სასამართლო ამ შემთხვევაში შებოჭილი არაა; ბ) თვითონ თავისი ინიციატივით გამოითხოვოს არა მარტო ის მტკიცებულებები, რომელზეც მიუთითებენ მხარეები, არამედ რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ, მაგრამ რომლებსაც აქვს მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალ დასადგენ (საძიებელ) გარემოებათა დასადასტურებლად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს შეეცვალა მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ალიმენტის გაზრდის საფუძველს, ვინაიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა 2011 წლის შემდეგ შეიცვალა, გაიზარდა საარსებო მინიმუმის ოდენობა, რის მიხედვითაც თითოეულ მოქალაქეს ესაჭიროება იმაზე მეტი, რაც 2011 წელს იყო განსაზვრული. ამასთან, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია ალიმენტის ოდენობის გაზრდა, ამასთან საქმეშ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით მოპასუხეს ააქვს სტაბილური შემოსავალი დარიცხული ხელფასის სახით თვეში 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ადგენს მშობლების ვალდებულებას იზრუნონ შვილების აღზრდაზე, მათ გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის რეალურ მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას.

 

საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ალიმენტი ყოველთვიურად 90 ლარი განსაზღვრულია გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რის შემდეგაც რამდენიმე წელი გავიდა, რაც თავის მხრივ ბავშვის ასაკზეც აისახა, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე უფრო მეტი ესაჭიროება ვიდრე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ამასთან ბავშვის დედა დასაქმებულია და გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ასევე მოპასუხემ თავად ცნო სარჩელი დაკისრებული ალიმენტის 60 ლარით გაზრდის ნაწილში, რაც სსსკ 208 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

ამდენად, ა------ი ვ----–----ოზე დაკისრებული ალიმენტის თანხა - 90 ლარი უნდა გიზარდოს 60 ლარით და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150 ლარით, წინამდებარე სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტიდან -2018 წლის 04 ივლისიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის შესაბამისად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

შვილის რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური პირობებისა და შრომისუნარიანობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ოიდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში როგორც ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან ისე თავად მოპასუხის - ა------ი ვ----–----ოს კეთილდღეობის ინტერესბთან, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი უფლების დაცვის ხარჯზე გაუმართლებლად არ შეიზღუდოს სხვა დანარჩენის უფლება და ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა იყოს აღსრულებადი.

 

ამდენად, მოპასუხეს მართალია გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, თუმცა იგი არის არის შრომისუნარიანი, ალიმენტის დაკისრების შემგომ მისი ოჯახური პირობები არ გაუარესებულა, რის გამოც მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანია ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 60 ლარით.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის

”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებულა მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ალიმენტის ოდენობა გაიზარდა 60 ლარით, ხოლო მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა, საქმის მომზადების ეტაპზევე, ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ა------ი ვ----–----ოსათვის (პ/ნ 24001002933) გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტი 90 (ოთხმოცდაათი) ლარი გაიზარდოს 60 (სამოცი) ლარით და ა------ი ვ----–----ოს არასრულწლოვანი შვილის - 20-- წლის 1- მარტს დაბადებული ანა ვ----–----ოს სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 04 ივლისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო შარაძე