განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002739062
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ა-- ხ-----–---–ის

ბრალდებულ _ მ------ ზ-----ის

ადვოკატების _ ნ---- ბ-----ს და მ--- გ----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ------ თ--------ს ძე ზ-----ის, დაბადებულის 1--- წლის 4-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–---–--–--------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ზ-----ეს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ზ-----ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ------–--–---–----–--–--------ს ქუჩა №---ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში მ------ ზ-----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ------ მ-------ისათვის სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმით და ხელის ყელში ძლიერად მოჭერით განახორციელა ძალადობა, რამაც მ------ მ-------ის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 28 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------–--–---–----–--–--------ს ქუჩა №---ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში მ------ ზ-----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ------ მ-------ისათვის სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმით განახორციელა ძალადობა, რამაც მ------ მ-------ის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მ------ ზ-----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ------ მ-------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის 28 სექტემბრამდე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა მ------ მ-------ის ფსიქიკურ ტანჯვას.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ზ-----ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა მ------ ზ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ------ ზ-----ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

აქვე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მ------ ზ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივ ასპექტზე. ბრალდების მხარემ მისი ქმედება, გარდა 2018 წლის 27 სექტემბერს და 2018 წლის 28 სექტემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდისა, ცალკე ეპიზოდად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2017 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის 28 სექტემბრამდე განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, რაც არასწორია, ვინაიდან, ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირება ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ მ------ ზ-----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ------ მ-------ს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თანაცხოვრების მთელი პერიოდის განმავლობაში და მათ შორის ფიზიკური ძალადობის მომენტებშიც, - 2018 წლის 27 და 28 სექტემბერს, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დამატებით 1261-ე მუხლით კვალიფიკაციას არ იწვევს (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „2018 წლის 27 სექტემბერს ... მ------ გახდა ჩემს მიმართ აგრესიული, დამიწყო ლანძღვა-გინება, მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი უკანასკნელი ქუჩის ქალი...“; ...“28 სექტემბერს... მე ავედი ჩემს ოთახში, სადაც ის შემომყვა გინებით და დამიწყო ჩხუბი“...), რადგან პირს ერთდროულად განხორციელებული აქვს ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ორივე ალტერნატიული ქმედება - ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც, რის გამოც მათი შეფასება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად სწორი არ არის და მ------ ზ-----ისათვის წარდგენილი ბრალდებიდან სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი უნდა გაუერთიანდეს 2018 წლის 28 სექტემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობისათვის წარდგენილ ბრალდებას, რამდენადაც შეურაცხყოფა მართალია თავისი სისტემატურობიდან გამომდინარე ხორციელდებოდა წინა ფიზიკური ძალადობის დროსაც, მაგრამ როგორც განგრძობადი დანაშაული დასრულდა სწორედ უკანასკნელი ფიზიკური ძალადობის დროს - 2018 წლის 28 სექტემბერს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ ზ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ მ------ ზ-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და არც სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაშია შემჩნეული.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ------ ზ-----ის მიერ მ------ მ-------ის მიმართ 2018 წლის 27 და 28 სექტემბერს განხორციელებული ძალადობა ორივე შემთხვევაში გამოიხატა არაერთჯერად და დაუნდობელი ხასიათის ძალადობაში, კერძოდ, 2018 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, „იგი უცებ მომვარდა და დამიწყო ხელ-ფეხის რტყმა ტანის არეში, მირტყამდა მუშტებს და წიხლებს... წამაქცია იატაკზე და დამიწყო წიხლების რტყმა ტანის არეში... როდესაც მ------ მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, სამი-ოთხჯერ ძლიერად დამარტყა ფეხი წელის არეში, ნეკნებში“, ხოლო 2018 წლის 28 სექტემბერს „... მ------მ გამეტებით დამიწყო ხელ-ფეხის რტყმა ტანის არეში“.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სხვადასხვა, დამოუკიდებლად აღმოცენებული მიზეზით განხორციელდა ძალადობა, რის გამოც ისინი ვერ იქნება განხილული ერთიანი კონფლიქტის ორ აქტად და მათი დაკვალიფიცირება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა განხორციელდა ორი დღის მიყოლებით, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქმედების ინტენსივობიდან და მისი დაუნდობელი ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, კერძოდ, საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, მეუღლეებს შორის ფიზიკურ ძალადობას 2018 წლის 27 სექტემბრამდე ადგილი არ ჰქონია, ამასთან, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებასა და ქორწინებისათვის ოფიციალური სახის მიცემას (დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით), ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც მამის კმაყოფაზე იმყოფებიან, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მ------ ზ-----ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ზ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. მ------ ზ-----ის მიმართ წარდგენილი ორი ბრალდება (2018 წლის 28 სექტემბრის ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) გაერთიანდეს ერთ ბრალდებად და მ------ ზ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ------ ზ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ მ------ ზ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 სექტემბრიდან.

5. მსჯავრდებულ მ------ ზ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ------ ზ-----ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. მ------ მ-------ის ოქროს ყელსაბამი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკ-------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ------ მ-------ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი