განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002729735
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- მ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---- ვ--------- ძე გ----–-ა,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 5--------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---------, ს. ო------------- ქ. #3--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ----------- ხ-------–-

 

ადვოკატი - მ--–---- ვ--–------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 17:40 საათზე, თბილისში, ჭ--------- გ----------- ვ------------ მიმდებარედ, გ---- გ----–-ა მართავდა ავტომობილ „ფორესტერ სუბარუს“, სახელმწიფო ნომრით P--------. ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, არ დაიცვა სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აეცილებინა შეჯახება, მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი გაჩერების შემთხვევაში და შეეჯახა მის წინ მიმავალ მანქანას, რომელიც ინერციით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე კ------------- კ-----ეს.

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად კ------------- კ-----ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ---- გ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

2.3.სასამართლოს დასკვნა გ---- გ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას: დაზარალებულ კ------------- კ-----ის და მოწმეების - ე-–----- მ----–-–---–ის, თ--------------, გ------- მ--------–---–ის, გ---- გ----–-ას გამოკითხვის ოქმებს, ცნობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ სქემას, სამედიცინო, სატრანსპორტო - ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა უდავო მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ---- გ----–-ას მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილში კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ერთი მხრივ ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო მეორე მხრივ ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშულის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის გაუფრთხილებელი ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა მეორე ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამასთან განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ურომლისოდაც ქმედებას შესაბამისი კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. საქმეში არსებული მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმები) საფუძველზე დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ განხორციელებულ გაუფრთხილებელ ქმედებასა და დამდგარ შედეგს, - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას შორის.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.4. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ---- გ----–-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული,- ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯამრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---- გ----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, სინანული, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას, სინანულს, გამოძიებასთან თანამშრომლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლო ითვალისწინებს ასევე ბრალდებულის სოციალურ მდგომარეობას (იძულებით გადაადგილებული პირი, სოციალურად დაუცველი) და იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითად დაიზოგა სასამართლოს რესურსი.

 

5.3. და ბოლოს, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ---- გ----–-ას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე სამომავლო პრევენციის მიზნით 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სასამართლოს მიერ განსაზღვრულმა სასჯელმა, როგორც კერძო და ზოგადმა პრევენციამ ხელი უნდა შეუწყოს მსჯავრდებულის და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, გაიაზრონ, რომ ავტომობილის მართვა სერიოზული პასუხისმგებლობაა. წინასწარ მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რათა დაიცვან საკუთარი თავის და სხვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ვიდეო ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ავტომობილი ,,სუბარუ“ სახელმწიფო ნომრით P------, მოთავსებული ,,1---ის“ სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- გ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ---- გ----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ვიდეო ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ავტომობილი ,,სუბარუ“ სახელმწიფო ნომრით P--------, მოთავსებული ,,1---ის“ სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა