გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-282-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.01.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–----------ე
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი: მ------ ღ----–---ა, ნ---- ს------–---–ი,მოპასუხე: ბ--- ხ---–--–--ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ბ--- ხ---–--–--ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე ბ--- ხ---–--–--ეს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს დაიდო კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის ხელფასით უზრუნველყოფა. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით და სრულდებოდა 2020 წლის 19 სექტემბერს, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით ბ--- ხ---–--–--ე გათავისულფდა თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" (სამსახურეობრივი შეუსაბამობისათვის) და ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №737 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
მითითებული კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3 000 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ბ--- ხ---–--–--ე დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით, კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურების ორი წელზე ნაკლები, ამდენად ბ--- ხ---–--–--ეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ანაზარება, რაც მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება შეუწყდა ნორმატივების ჩაუბარებლობისათვის. პირველი მცდელობისას მართალია ვერ ჩააბარა, თუმცა მეორე მცდელობისას ჩააბარა, რაც არ ჩაუთვალეს იმის გამო, რომ შედეგები გაუქმდა, ხოლო მესამე მცდელობისას ფეხი ჰქონდა ნატკენი, რამაც გამოიწვია ნორმატივების ჩაუბარებლობა. ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო გაუშვეს ორთვიან კურსზე, რის შემდგომაც ჩააბარა ნორმატივები, თუმცა თავდაცვის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო. მოპასუხე მიუთითებს, რომ მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სავარაუდოდ გამოწვეულია მის მიერ ავღანეთში სამშვიდობო მისიით წასვლაზე უარის თქმის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №MOD7 16 0------- ბრძანებით, ბ--- ხ---–--–--ე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, 2016 წლის 19 სექტემბრიდან. 2016 წლის 19 სექტემბერს ბ--- ხ---–--–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №43----- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-12);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №MOD7 16 0------- ბრძანება (ს. ფ. 21)
-2016 წლის 19 სექტემბერის №43----- კონტრაქტი (ს. ფ. 13-20)
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ივლისის №MOD81------------რძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზირებული ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეულის მეორე მექანიზებული ოცეულის პირველი მექანიზებული ათეულის მეორე ჯგუფის მეთაური პირველი კლასის რიგითი ბ--- ხ---–--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ბ--- ხ---–--–--ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის წერილი (№MOD0-----------; 18.06.2018)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-12);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ივლისის №MOD81------------რძანება (ს. ფ. 22);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №43----- კონტრაქტის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის პირობები და იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ივლისის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ--- ხ---–--–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №MOD7 16 0------- ბრძანებით, ბ--- ხ---–--–--ე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, 2016 წლის 19 სექტემბრიდან.
2016 წლის 19 სექტემბერს ბ--- ხ---–--–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №43----- კონტრაქტი ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ივლისის №MOD81------------რძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზირებული ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეულისმეორე მექანიზებული ოცეულის პირველი მექანიზებული ათეულის მეორე ჯგუფის მეთაური პირველი კლასის რიგითი ბ--- ხ---–--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ბ--- ხ---–--–--ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის წერილი (№MOD0-----------; 18.06.2018).
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქარტველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების" მე-16 თავის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს: გ) სამხედრო მოსამსახურეების იარაღიდან სროლის და ფიზიკური ნორმატივები, მათი ჩაბარების წესი, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩასაბარებელი ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების (შემდგომში – ნორმატივები) სახეები და მათი ჩაბარების წესი.
2016 წლის 19 სექტემბრის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" №43----- კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გარძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ბ--- ხ---–--–--ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 9 თვე და 22 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ივლისის №MOD81------------რძანების შინარსით დგინდება, რომ ბ--- ხ---–--–--ე დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველია სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის წერილი (№MOD0-----------; 18.06.2018). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან ვერ განხორციელდა ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარება. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოგვიანებით მის მიერ ჩაბარებული იქნა ნორმატივი და მისი განთავისუფლება მოხდა ავღანეთში მსახურზე უარის თქმის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მისი განთავისუფლების ბრძანება სადაო არ გამხდარა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხე ბ--- ხ---–--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე ბ--- ხ---–--–--ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
2. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი