გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
611210018002725021
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #11210018002725021

#2/522-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.01.2019 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მ--------–-- მაგისტრი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილება

მოსარჩელის წარმომადგენლები - მ------ შ---------, მ------ ს--------–---,მოპასუხე - ტ------- ქ---------

წარმომადგენელი - გ------- მ-----–---

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე - ს----- ქ---------

წარმომადგენელი - ფ------- მ------ი

დავის საგანი - მშობლის შეზღუდული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილება ითხოვს ტ------- ქ---------სთვის მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენას შვილების: 2--- წლის 13 თებერვალს დაბადებული ე--- ქ--------ის, 2--- წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- ქ---------ს და 2--- წლის 25 ნოემბერს დაბადებული ი-–---- ქ--------ის მიმართ.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

2017 წლის 31 ოქტომბერს ტ------- ქ---------ს მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს #2/232-17 გადაწყვეტილებით შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება. მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ტ------- ქ--------- იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ის ვერ უზრუნველყოფდა თავისი არასრულწლოვანი შვილების - ე---, ს----- და ი-–---- ქ--------ებზე მზრუნველობის განხორციელებას, ხოლო ბავშვების მამა რ----–-- ქ--------ი იმ პერიოდისათვის გარდაცვლილი იყო. მშობლის უფლების შეზღუდვის მიზანი იყო ის, რომ ბავშვებისთვის დაწესებულიყო მზრუნველობა, რათა ბავშვებს ჰყოლოდათ კანონიერი წარმომადგენელი. ამ ეტაპისათვის ტ------- ქ--------- გამოსულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. 2018 წლის 2 თებერვალს მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა სააგენტოს მ--------–-- განყოფილებას მიმართა განცხადებით და მოითხოვა შვილთან ურთიერთობის და მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა. სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების მიერ განხილულ იქნა აღნიშნულ საკითხი. მათ ჰქონდათ მცდელობა ტ. ქ--------- შეეხვედრებინათ თავის ბავშვებთან, ასევე საქმეში ჩართულ იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი, მაგრამ ბავშვების ამჟამინდელი კანონიერი წარმომადგენლის ს----- ქ---------ს და მისი ოჯახის წევრების მიერ გამოიხატა კატეგორიული წინააღმდეგობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ტ. ქ---------ს ჰქონდეს ურთიერთობა შვილებთან და სასამართლოს მიერ მოხდეს მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ტ------- ქ---------სთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის ერთადერთი საფუძველი იყო ის, რომ ტ------- ქ--------- იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იგი ვერ უზრუნველყოფდა შვილების სათანადო მზრუნველობას, კერძოდ, იმ პერიოდისთვის ბავშვები საბავშვო ბაღში დადიოდნენ, უფროსი გოგონა სკოლაში უნდა მიეყვანათ და ამის გამო ექმნებოდათ პრობლემები. ასევე ექმნებოდათ პრობლემა სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით. ქალბატონი ს----- მივიდა მ--------–-- რაიონულ განყოფილებაში და მათ აუხსნა სიტუაცია. მათ გაუწიეს სათანადო კონსულტაცია, თუ რა ეტაპები უნდა გაევლო იმისათვის, რომ მომხდარიყო მზრუნველობის დაწესება. რაიმე მითითება ტ. ქ---------ს მხრიდან ბავშვებთან მიმართებაში არასათანადო ქცევის შესახებ არ გაკეთებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღნიშნულ გარემოებას აუცილებლად მიუთითებდნენ მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ სარჩელის საფუძვლად. კანონით მათ აქვთ ვალდებულება სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ შეამოწმონ მეურვეობაში/მზრუნველობაში მყოფი ბავშვები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ნებისმიერი სიხშირით. თავდაპირველად ს. ქ--------- თანამშრომლობდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან, მაგრამ ბოლო პერიოდში ის აგრესიულად იყო განწყობილი სოც. მუშაკების მიმართ. არაერთი საჩივარი დაიწერა სამინიტროში, რომ სოცილაური მუშაკი მიდიოდა მათთან და აწუხებდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა მცდელობა, რომ შეეხვედრებინათ დედა შვილებთან, უშედეგო აღმოჩნდა. ს. ქ--------- და მისი ახლობლები სხვადასხვა არარეალური მიზეზებით უარს აცხადებდნენ ბავშვების მიყვანაზე, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ სასამართლოსათვის მოემართათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდათ მეურვეობის გაუქმება და სხვა მეურვის მოძებნა. სასამართლო გადაწყვეტილებით ტ------- ქ---------ს შეეზღუდა წარმომადგენლობის უფლება, შესაბამისად, მას დღესაც აქვს ბავშვებთან ურთიერთობის უფლება, რის საშუალებასაც ბავშვების ბებია არ აძლევს. ტ------- ქ---------სთან ურთიერთობისას ამ უკანასკნელისთვის არაადეკვატური ქცევა არ შეუნიშნავთ და რაიმე ეჭვი მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გასჩენიათ. რაც შეეხება მითითებას, რომ მშობლის უფლების აღდგენა ნაადრევია, სააგენტო 2018 წლის თებერვლიდან მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ ამის გარკვევის საშუალება ბავშვების ბებიამ არ მისცა. ამასთან, საფუძველი, რის გამო მშობლის უფლება შეიზღუდა, აღარ არსებობს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დამაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ტ------- ქ---------მ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი.

სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მას დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები სისხლის სამართლის საქმის წარმოების განსაახლებლად, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რაც შეეხება ბავშვებს, არ შეიძლება ისინი გაიზარდონ ისეთ გარემოში, როგორშიც ახლა არიან. ამის საფუძველი არ არის ის გარემოება, რომ ს----- ქერომავა არის ცუდი ბებია ან მისი მეუღლე არის ცუდი ბაბუა, ან რომ მას ცუდი უნდა მისი შვილიშვილებისთვის. მაგრამ მათ ოჯახში მოხდა ტრაგედია, მათი შვილი დაჩეხილი და ამის შედეგად გარდაცვლილი ნახეს. ისეთ მძიმე სტრესის შემდეგ, რაც არ უნდა შეეცადონ ეს ადამიანები, ბავშვებს ნორმალურად ვერ აღზრდიან. ასე ბავშვები ვერ გამოვლენ სტრესიდან. საქმის განხილვის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ამ ოჯახს ჰყავს დაქირავებული ფსიქოლოგი, რომელიც საქართველოში იმყოფება იშვიათად და ხშირად დადის თურქეთის რესპუბლიკაში. არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მას ხშირი კონტაქტი აქვს ბავშვებთან, არ ირკვევა გამოსწორდა თუ არა მათი მდგომარეობა. ბავშვებს ყოველ წუთას ესმით, რომ მათმა დედამ მოკლა მამა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ტ------- ქ--------- გამოვიდა ციხიდან და აქვს შვილებთან ურთიერთობის სურვილი. შვილის ნახვის უფლება მისთვის არავის არ წაურთმევია. ეს ადამიანები კი უკრძალავენ დედას მიუახლოვდეს ბავშვებს. ტ. ქ---------ს არავითარი ფისქიკური პრობლემა არ აქვს. სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს მისი მეუღლის მშობლები მას ძალიან კარგად ახასიათებდნენ და იმაზე, რომ ის ცუდი დედა იყო, არ მიუთითებიათ, თუმცა ამჟამად შეცვალეს თავისი პოზიცია. ისინი აგრესიულად არიან განწყობილი ტ. ქ---------ს მიმართ, იყო ძალადობის ფაქტებიც, მოპასუხე თავად ვერ მოდის სასამართლო სხდომაზე, რადგან ეშინია ანგარიშსწორების.

 

2.1. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირმა ს----- ქ---------მ სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით განმარტებაში მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს. ტ. ქ---------მ ბავშვების თვალწინ სასტიკად რამდენიმე დარტმით მოკლა თავისი მეუღლე რ----–-- ქ--------ი. მან აგრეთვე გამოძიების პერიოდში ადვოკატის და თარჯიმნის თანდასწრებით მისცა აღიარებითი ჩვენება და აღწერა, როგორ ჩაიდინა დანაშაული, რა დროსაც ბავშვებმა მამის სახე ნახეს სისხლიან მდგომარეობაში, რის გამოც გახდნენ ცუდად. ისინი ასეთ ნერვულ-სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან დღემდე და კატეგორიულად არანაირად არ უნდათ რაიმე ურთიერთობის დამყარება მოპასუხესთან. მოგვიანებით ტ. ქ---------მ მკაცრი სასჯელის თავიდან აცილებისათვის შეცვალა თავისი ჩვენება, თითქოს მან მკვლელობა ჩაიდინა ნერვიულობის გამო. ჩადენილი დანაშაულისათვის მას რუსთავის საქალაქო სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. ტ. ქ--------- თავიდანვე იყო ძალიან აგრესიული, კონფლიქტური და უმართავი ადამიანი, სისტემატურად უხეშად ექცეოდა მათ და ყურადღებას არ აქცევდა მათ კვებას და ჰიგიენურ მდგომარეობას. ბავშვები ზემოთაღნიშნული ეპიზოდის გახსენების დროს იმყოფებიან ნერვულ-სტრესულ მდგომარეობაში და დედის სახელის გაგონებაზეც კი ცუდად ხდებიან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 12 დეკემბერს მ--------–-- რეგიონული განვითარების #04-14-07/4046 გადაწყვეტილებით ს. ქ--------- კანონით დადგენილი წესით დანიშნულია თავისი შვილიშვილების მეურვედ, რაზედაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი საცხოვრებელი ადგილი. ბავშვებს აქვთ ყველა საჭირო პირობა, რაც უზრუნველყოფს მათ ნორმალურ და ჯანმრთელ აღზრდა-განვითარებას, ისინი წარმატებით სწავლობენ სასწავლო დაწესებულებებში. ტ. ქ--------- შურისძიების მიზნით ცდილობს ტრავმა მიაყენოს მათ ოჯახს. მისი ახლო ნათესავები აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არაერთხელ ცდილობდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, წერენ უსაფუძვლო საჩივრებს, ემუქრებიან ბაშვების გატაცებით, მათი უსაფუძვლო განცხადებების საფუძველზე ისინი არაერთხელ დაიბარეს მ--------–-- რაიონული სოც.მუშაკებმა. ისინი მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნდნენ, რომ ბავშვები ცხოვრობენ ნორმალურ, მშვიდ გარემოში, სისტემატურად აწუხებენ ბავშვებს.

 

სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ალოგიკურია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, თითქოს თუ ბავშვი მკვლელობის ადგილას არ იქნება და იქნება უშუალოდ მკვლელთან, ნაკლებად სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის გარემოებები, რაზეც მიუთითა ორივე მხარემ, საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, ის, რომ ს----- ქ--------- ამბობს უარს, რომ ბავშვები შეხვდნენ დედას. უბრალოდ მას უნდა, რომ შეხვედრის დროს ბავშვთან ერთად იყოს ნათესავი, ბებია ან ფსიქოლოგი. ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ შესთავაზეს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს და ფსიქოლოგს, რომ ბავშვებთან ერთად შეხვედრას დასწრებოდა მათი ფსიქოლოგიც, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს. მშობლის უფლების აღდგენაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ამ თემაზე ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს. მათ სადავოდ მიაჩნიათ მოპასუხის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან მან ჩაიდინა მკვლელობა. ბავშვებს დედის სახლის გაგონება არც უნდათ, უფროს გოგოს და ბიჭს ყველაფერი ახსოვთ.

 

მესამე პირი ს----- ქ--------- დაეთანხმა თავის წარმომადგენელს და დამატებით განმარტა, რომ ბავშვები ისეთ სტრესში არიან, რომ ბიჭებს მასთან სძინავთ. ადრე სახლიდან ვერ გადიოდნენ, ეხლა შედარებით უკეთესად არიან. ის კარგად ზრუნავს შვილიშვილებზე, დაჰყავს სკოლაში, კაფეში, ასევე ფსიქოლოგ ჯ------ ი-----–---თან. მათ სისხლის ეშინიათ, ვინაიდან თავის თვალით დაინახეს მამის სისხლიანი სახე. მისი მოსაზრებით, ტ. ქ--------- სათანადოდ ვერ იზრუნებს შვილებზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუწრებელი გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების სარჩელი მოპასუხე ტ------- ქ---------ს მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ტ------- ქ---------ს (პ/ნ 28211230444) თავისი არასრულწლოვანი შვილების 2--- წლის 13 თებერვალს დაბადებული ე--- ქ--------ის (პ/ნ 28550009618), 2--- წლის 19 იანვარს დაბადებულ ს----- ქ---------ს (პ/ნ 28350006881) და 2--- წლის 25 ნოემბერს დაბადებული ი-–---- ქ--------ის (პ/ნ 28550012998) მიმართ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონულ განყოფილებას 2017 წლის 11 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოქალაქე სვეტლანა ქ---------მ, რომელმაც განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაინიშნოს თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილების 2--- წლის 13 თებერვალს დაბადებულ ე--- ქ--------ის, 2--- წლის 19 იანვარს დაბადებულ ს----- ქ---------ს და 2--- წლის 25 ნოემბერს დაბადებულ ი-–---- ქარიმოვის მეურვედ.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვან ბავშვებს გარდაცვლილი ჰყავთ მამა რ----–-- ქ--------ი, ხოლო დედა მოპასუხე ტ------- ქ--------- იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იგი ვერ უზრუნველყოფს შვილების სათანადო მზრუნველობას.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გახდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

მტკიცებულება:

- მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუწრებელი გადაწყვეტილება (ს. ფ. 16-21).

 

3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების 2017 წლის 12 დკემბრის #04-14-07/4046 გადაწყვეტილებით, ს----- ქ--------- დაინიშნა მცირეწლოვანი შვილიშვილების - 2--- წლის 13 თებერვალს დაბადებული ე--- ქ--------ის (პ/ნ 28550009618), 2--- წლის 19 იანვარს დაბადებულ ს----- ქ---------ს (პ/ნ 28350006881) და 2--- წლის 25 ნოემბერს დაბადებული ი-–---- ქ--------ის (პ/ნ 28550012998) მეურვედ.

ბავშვები ამჟამად ცხოვრობენ ბებიასთან და პაპასთან ერთად, ს----- დადის სკოლაში, ე---ი მოსამზადებელ ჯგუფშია, ხოლო ი-–----ი დადის ბაღში.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების 2017 წლის 12 დკემბრის #04-14-07/4046 გადაწყვეტილება (ს. ფ. 22-23);

- დახასიათება (ს. ფ. 70).

 

3.1.3. ტ------- ქ--------- 2016 წლის 26 დეკემბრიდან იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2017 წლის 25 დეკემბერს სასჯელის მოხდის შემდეგ.

მტკიცებულება:

- ცნობა #0717124 (ს. ფ. 24).

 

3.1.4. 2018 წლის 2 თებერვალს ტ------- ქ---------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონულ განყოფილებას, სადაც მიუთითა, რომ აქვს სურვილი, აღადგინოს შვილებთან ურთიერთობა, შეხვდეს მათ და წაიყვანოს თავისთან სახლში, რის უფლებასაც არ აძლევს მზრუნველი, და ითხოვა საქმის შესწავლა და დახმარება მშობლის უფლების აღდგენასა და შვილებთან ურთიერთობის დამყარებაში.

მტკიცებულება:

- განცხადება (ს. ფ. 25).

 

3.1.5. ტ------- ქ---------სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა, რაც გამოხატა შემდეგში: 2016 წლის 25-26 დეკემბრის ღამეს, მ--------–-- რაიონის სოფელ თაზაკენდში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ტ------- ქ---------მ ნაჯახის სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით განზარხ მოკლა მეუღლე რ----–-- ქ--------ი.

მტკიცებულება:

- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ფოტოსურათების ასლებით (ს. ფ. 65-69).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბავშვების მეურვე/მზრუნველი, საქმეში მესამე პირად ჩაბმული ს----- ქ--------- და მისი თანადგომის ქსელი ყოველმხრივ ხელს უშლის ტ------- ქ---------ს შვილებთან ურთიერთობის აღდგენას და მათთან ნებისმიერი სახის კონტაქტს.

ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ისე მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებები და საქმის განხილვაში სპეციალისტის სახით მოწვეული ფსიქოლოგის განმარტებები. კერძოდ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების უფროს მ------ შ--------- მიუთითებს, ისინი მოცემულ საქმეზე მუშაობენ 2018 წლის თებერვლიდან, როდესაც მათ ტ. ქ---------მ მიმართ შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით. მათ უნდოდათ იმის დადგენა, იყო თუ არა ნაადრევი მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენა, როგორი ურთიერთობა ექნებოდათ ბავშვებს დედასთან, თუმცა ამის საშუალება მათ ს. ქ---------მ არ მისცა. საქმეში წარმოდგენილია სოციალური მუშაკის თეონა სისვაძის დასკვნა, რომელშიც მიზანშეწონილად არის მიჩნეული საქმეში ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ჩართვა. ფსიქოლოგის მოხსენებით ბარათში კი აღნიშნულია, რომ ის შეხვდა ტ. ქ---------ს, შემდეგ ბავშვების ბებიას და პაპას. მათ განემარტათ, რომ ფსიქოლოგი უნდა შეხვედროდა ბავშვებს და რომ შეხვედრას დაესწრებოდნენ ისინიც, თუმცა მათ მოითხოვეს შეხვედრაზე ფსიქოლოგის დასწრებაც. აღნიშნულზე მათ მიიღეს თანხმობა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა, დაიგეგმა შეხვედრა ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთან, მაგრამ არც ეს შეხვედრა შედგა, იმ მიზეზით, რომ შეხვედრას უნდა დასწრებოდა თანადგომის ქსელის წარმომადგენელიც, ბოლოს კი განმარტეს, რომ ბავშვებს არ მოიყვანდნენ, რადგან გარემო ბავშვებისთვის იქნებოდა მატრავმირებელი და მოითხოვეს შეხედრების განხორციელება საცხოვრებელში.

სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგმა მ. კ--------მ დაადასტურა მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ როგორც ყოველთვის ხდება, დაიგეგმა ბავშვებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც ყოველთვის ხდება იმ პირებთან ერთად, ვისთანაც ბავშვი იზრდება. ამ შემთხვევაში შეხვედრას დაესწრებოდნენ ბებია და პაპა. მათ თქვეს, რომ აუცილებელია, რომ ამ შეხვედრას დაესწროს ფსიქოლოგი. თავდაპირველად მათ უარი უთხრეს, თუმცა შემდეგ დათანხმდნენ. უფრო მეტიც, შესთავაზეს, რომ ჯერ ფსიქოლოგი მოსულიყო, რათა მასთან ერთად დაეგეგმათ, რა გაეკეთებინათ ბავშვებთან. როდესაც მათ უთხრეს, რომ ფსიქოლოგი შეიძლებდა დასწრებოდა, მესამე პირის მხრიდან ითქვა, რომ ოჯახის ახლობელი უნდა დაესწროს ამ შეხვედრას. მათ განუმარტეს, რომ ბავშვისთვის ძალიან ძნელია ბევრ ადამიანთან ერთად შეხვედრის განხორციელება, მაგრამ ამას შეიძლებოდა მისცემოდა გაცნობის სახე, და დასთანხმდნენ. მაგრამ ეს შეხვედრაც არ შედგა. სახლში ვიზიტთან და იქ შეფასებასთან დაკავშირებით ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ობიექტური შეფასებისთვის მნიშვნელოვანი ბავშვებთან შეხვედრა მოხდეს ნეიტრალურ გარემოში.

მ. კ--------მ ასევე განმარტა, რომ ორჯერ შეხვდა ტ. ქ---------ს და ამ შეხვედრებზე მისი ქცევა იყო აბსოლუტურად ადეკვატური.

ს. ქ---------მ უარყო ასეთი შემოთავაზების არსებობა, საქმის განხილვის დროს ის მიუთითებდა, რომ თანახმა იყო შეხვედრაზე, თუ ამ შეხვედრას მათი ფსიქოლოგი ან ახლოებლი დაესწრებოდა, მაგრამ ამასთანავე რამდენჯერმე განმარტა, რომ არ სურს ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ დედასთან, რომელმაც მათი მამა მოკლა, და რომ წინააღმდეგია მას აღუდგეს მშობლის შეზღუდული უფლება. ასეთივე პოზიცია დააფიქსრია მან ფსიქოლოგთან ვიზიტისას, კერძოდ, განმარტა, რომ ,,მომხდარი ფაქტის შემდეგ დედას აღარ უნდა ჰქონდეს შვილებთან ურთიერთობის უფლება."

საგულისხმოა, რომ მესამე პირის ადვოკატმა ასევე მიუთითა ბავშვებთან ურთიერთობის ეტაპობრივი აღდგენის აუცილებლობაზე და ამით ერთგვარად მზაობა გამოხატა მოპასუხესთან მოცემულ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე მსჯელობა და მუშაობა მიმდინარეობს თითქმის ერთი წელია და ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვების ბებია და მისი თანადგომის ქსელის წევრები ყოველნაირად თავს არიდებენ ბავშვების შეხვედრებზე მიყვანას არათუ დედასთან, არამედ პირველ ეტაპზე სოციალური მომსახურების სამხრეო ცენტრის ფსიქოლოგთანაც, ამასთან, ს. ქ--------- საქმის განხილვის დროს პერიოდულად გამოთქვამდა თავის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას მოპასუხის მიმართ და კატეგორიულ წინააღმდეგობას მისი ბავშვებთან ურთიერთობის, მით უფრო მისთვის ბავშვების გადაცემის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი განმარტებები მიმართული საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ.

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგის განმარტებები შესაბამისობაშია მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებთან, რაც ნაწილობრივ დაადასტურა ს. ქ---------მაც. კერძოდ, მ. შ--------ის მითითებით, მეურვეობის საკითხზე მსჯელობის დაწყების დღიდან ისინი ს. ქ---------სთან კონტაქტს ამყარებენ მისი ნათესავის ე-–--- ბ---------ის მეშვეობით (აღნიშნული გარემოება დაადასტურა ს. ქ---------მ). პირადად დახლოები 20-30-ჯერ დაურეკა ფსიქოლოგთან შეხვედრის ორგანიზებისთვის, რაც დაახლოებით ერთი თვე-თვენახევარი გრძედებოდა. პირველი შეხვედრა შედგა ს. ქ---------სა და ფისქოლოგს შორის, შემდეგ შეხვედრას უნდა დასწრებოდა ოჯახის წევრი, რომლის არჩევანის საშუალება ბავშვების მეურვეს მიანდეს. შემდეგ იყო მოთხოვნა მათ ფსიქოლოგის ჩართვისა, რაზეც თავდაპირრველად უთხრეს უარი, მაგრამ შემდეგ დათანხმდნენ. თუმცა შეხედრები მაინც ვერ შედგა. გარდა ამისა, მათ ე-–---ის მეშვეობით არაერთხელ მოითხოვეს მასალები, თუ როგორ მუშაობდა ფსიქოლოგი ბავშვებთან, მაგრამ ვერ მიიღეს.

მტკიცბეულებები:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- მესამე პირის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ფსიქოლოგ მ--- კ--------ს განმარტებები (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს. ფ. 32);

- ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათი (ს. ფ. 33-34).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1205-ე, 1209-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

მშობლების უფლება/ვალდებულება იზრუნონ შვილებზე და მათ განვითარებაზე ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ტ. ქ---------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილების მიმართ, რის საფუძველსაც წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იგი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო, ვერ ვერ უზრუნველყოფდა შვილებზე სათანადო მზრუნველობას.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ გამხდარა რაიმე სხვა გარემოება, მათ შორის, მშობლის არასათანადო ქცევა შვილების მიმართ (აღსანიშნავია, რომ როგორც ფსიქოლოგის მოხსენებით ბარათშია განმარტებული, ,,ბებიამ (მამის დედამ) ინტერვიუში განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ჩვილობის ასაკიდან ბავშვებზე ზრუნვას ახორციელებდა ბიოლოგიური დედა, დამაზუსტებელ დასმულ კითხვებზე აღნიშნავდა, რომ ბიულოგიური დედის შვილებზე განხორციელებულ ზრუნა იყო ყოველთვის ადეკვატური." ..ადვოკატის მითითების შემდეგ ,,ბებიამ აღნიშნა, რომ თანაცხოვრების პერიოდში დედა ბოლო ხანებში იყო გაღიზიანებული, რაც გავლენას ახდენდა შვილებთან ურთიერთობაზე. დამაზუსტებელ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას საუბრობდა ზოგადად, დეტალების გარეშე."), და რომ ტ. ქ---------ს შეეზღუდა მხოლოდ ბავშვების წარმომადგენლობითი უფლება, ხოლო სხვა უფლებები დარჩა შეუზღუდავად.

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბავშვებზე დაწესდა მეურვეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მშობლის უფლების აღდგენის მოთხოვნით მომართა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდა დედის მიერ ბავშვებზე სათანადო მზრუნველობის განხორციელების შეუძლებლობა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო.

2017 წლის 25 დეკემბერს ტ. ქ--------- გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. შესაბამისად, ის გარემოება, რის გამოც მას შეეზღუდა მშობლის უფლება, აღარ არსებობს, რაც ამ უფლების აღდგენის საფუძველია.

ამასთან, სასამართლომ, ხელმძღვანელობდა რა ბავშვების საუკეთესო ინტერესებით, დამატებით გამოიკვლია ის დაბრკოლებები, რაც შეიძლება ახლდეს ტ. ქ---------ს მიერ მშობლის უფლების განხორციელებას, ასევე ამის შესაძლო უარყოფითი შედეგები.

სასამართლო ითვალისწინებს იმ მძიმე სტრესულ მდგომარეობას, რაშიც ბავშვები აღმოჩნდნენ განვითარებული მოვლენების გამო, ასევე ასაკს, როდესაც მათ შეუწყდათ დედასთან კონტაქტი, რაც თავისთავად იქნებოდა მათ შორის გაუცხოების განმაპირობებელი ფაქტორი. ასევე აღსანიშნავია, რომ ისინი ცხოვრობენ გარდაცვლილი მამის ოჯახში, რომლის მკვლელობისთვისაც ბრალდებული იქნა მათი დედა. სასამართლო სხდომაზე გაცხადებული პოზიციები, ასევე საქმის მასალები, ნათლად მეტყველებენ, რომ ოჯახში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა ტ. ქ---------ს მიმართ, რაც ბუნებრივია გავლენას მოახდენს ბავშვების განწყობასა და მოკიდებულებაზე მის მიმართ.

საქმეზე რ.ი. და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათ ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, ,,ოჯახური ცხოვრების" უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით, ძირითადად, დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით, ასევე არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება - ,,პატივი სცეს" ოჯახურ ცხოვრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება, მე-8 მუხლის მიზნებისთვის, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს - გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შუაწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე მის ეფექტურ აღსრულებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მშობელს შეიძლება აეკრძალოს შვილთან ურთიერთობა, არის მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად, უკიდურესი ზომაა და ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოააქვ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა).

მოცემულ შემთხვევაში, არცერთი ასეთი გარემოების არსებობა არ დასტურდება, რის საფუძველზეც სასამართლოს შესაძლოა ემსჯელა საკითხზე, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის დამაბრკოლებელს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოცემულ ეტაპზე ბავშვებს არ სურთ დედასთან ურთიერთობა, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება, დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს მშობლის უფლების შეზღუდვის (შესაბამისად, შეზღუდვის გაუქმების) საფუძველს. ამასთან, ცხადია, მნიშვნელოვანია ბავშვების დამოკიდებულება დედის მიმართ. თუმცა როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ბავშვების ამჟამინდელ მზრუნველს/მეურვეს აქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ბავშვების დედის მიმართ, არ აქვს სურვილი, რომ მას ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან და სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად (რაც მან რამდენჯერმე თავადვე უარყო), წინააღმდეგია ითანამშრომლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან დედას და შვილებს შორის ურთერთობის აღდგენა-გაუმჯობესებაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მეურვეობის არაეფექტური და დაგვიანებული სამართალწარმოება, შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-8 მუხლის. ამ კონტექტში ღონისძიების ადეკვატურობა ფასდება მისი აღსრულების სისწრაფით, ვინაიდან, დროის ფაქტორს აქვს შეუქცევადი ეფექტი ბავშვის და იმ მშობლის ურთიერთობაზე, რომელთანაც ის არ ცხოვრობს. ხელისუფლების ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა ამ ტიპის საქმეებში ფასდება მათი განხორციელების სისწრაფით.

სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად ვერ მოხერხდა ბავშვებსა და დედას შორის ურთიერთობის შესაძლო ფორმებზე და ინტენსივობაზე კვალიფიციური და კომპეტენტური პოზიციის ჩამოყალიბება, რაც განაპირობა ამჟამინდელი მზრუნველის/მეურვის ქმედებებმა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებიც მიუთითებს მის მიერ აღნიშნული საკითხის გაჭიანურების მცდელობაზე, რაც კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ბავშვებსა და დედის ურთიერთობაზე და საბოლოოდ შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ გაუცხოებამდე, რაც გამოუსწორებელი იქნება ყოველგვარი შემდგომი ზომების მიუხედავად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებების არსებობა, რაც დააბრკოლებელი იქნებოდა ტ------- ქ---------ს მშობლის უფლების აღდგენისათვის, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი. შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–-- რაიონული განყოფილების სარჩელი ტ------- ქ---------ს მიმართ მშობლის შეზღუდული უფლების აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. ტ------- ქ---------ს აღუდგეს შეზღუდული მშობლის უფლება თავისი შვილების - 2--- წლის 13 თებერვალს დაბადებული ე--- ქ--------ის, 2--- წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- ქ---------ს და 2--- წლის 25 ნოემბერს დაბადებული ი-–---- ქ--------ის მიმართ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი