გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
080210017001899397
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1022-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე

 

მოსარჩელე - შპს მისო „ე-------“

წარმომადგენელი - ნ---- დ---–--ე, ვ--–------- თ----------ე

 

მოპასუხე - მ------ ბ----------

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე მ------ ბ----------ს მოსარჩელე შპს მისო „ე-------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 665.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 300.00 ლარი, პროცენტი - 49.00 ლარი და პირგასამტეხლო - 316.95 ლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 19 იანვარს შპს მისო „ე-------“-ს და მ------ ბ----------ს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება №31039, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2016 წლის 23 თებერვლამდე. სესხი გაცემული იქნა 35 დღით. პროცენტი შეადგენდა 49 ლარს. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის ძირითადი თანხის 1.5 პროცენტი, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 4,500 ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 23 თებერვლამდე, ან/და განხორციელებულიყო გადასახდელი თანხის გადავადება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 24 თებერვალს და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------ ბ----------მ როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო არ დაეთანხმა პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს შპს მისო „ე-------“-ს და მ------ ბ----------ს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2016 წლის 13 ნოემბრამდე. სესხი გაცემული იქნა 35 დღით. პროცენტი შეადგენდა 49 ლარს. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისთვის ძირითადი თანხის 1.5 პროცენტი, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 4,500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-20);

- სესხის აღების მოთხოვნა (ს.ფ. 27);

- თანხის ჩარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 29);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ მ------ ბ----------ს მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 24 თებერვალს და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 2-13);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 23.01.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 300 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან მიუთითა, რომ პროცენტის - 49.00 ლარისა და პირგასამტეხლოს - 316.95 ლარის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი (ს.ფ. 37-44);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 23.01.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ ის უნდა შემცირდეს გონივრული ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამავე კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2016 წლის 19 იანვარს შპს მისო „ე-------“-სა და მოპასუხე მ------ ბ----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. კერძოდ, სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელმა დაადასტურა გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებული სესხის ხელშეკრულების პირობები და დაეთანხმა ამ პირობებით ხელშეკრულების დადებას, რის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 300 ლარი, სესხის ვადა განისაზღვრა 35 დღის ვადით. სესხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილი იყო სესხზე დაერიცხა პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ასევე უდავოა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებაზე გააჩნია დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით კი - თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 300 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა სესხის სარგებელი (საკომისიო) 49 ლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხეს არც აღნიშნული თანხა გადაუხდია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა მოპასუხისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.50 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვა 1,5%-ის ოდენობით. მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0,25%-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით უნდა გადახდეს 52,83 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან მის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, იმ ოდენობის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად, ამ ნაწილში გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი 300 ლარის ნაწილში, რის გამოც შპს მისო „ე-------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 22.52 ლარი, 7.65 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 19.83 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მისო „ე-------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მ------ ბ----------ს შპს მისო „ე-------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 401.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 300 ლარი, პროცენტი - 49 ლარი, პირგასამტეხლო - 52.83 ლარი.

 

1.2. მ------ ბ----------ს შპს მისო „ე-------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7.65 ლარის ანაზღაურება;

 

2. შპს მისო „ე-------“ სახელწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 02/03/2017 წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 22.52 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150 (საგადასახდო დავალება #1488461411, გადამხდელის ბანკი ს/ს ,,თიბისი ბანკი’’, TBCBGE22, გადამხდელი შპს „ე-------” ს/კ 404969414), ხოლო 19.83 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე