განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010100117002113269
საქმე N1-866/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ი-----–------------–--------–-----------–---–-
ადვოკატი - ტ---------–---
თარჯიმანი - ზ-------------------
ბრალდებული: გ--–--------------
მამის სახელი: ა----–----
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 1--0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ---------–-----------------------------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ--–--------------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ--–--------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,091738 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 10 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამშვების პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
სასამართლო სხდომაზე გ--–--------------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
გ--–--------------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, გ---------–---------------- პატაკით და ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 09 სექტემბერს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ--–-------------- იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი გადაადგილდებოდა ,,ოპელ-ასტრას" მარკის ავტომანქანით და შესაძლებელია პირადად და ავტომანქანაში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
ბ) გ--–--------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 სექტემბერს, 00:17 საათიდან 01:25 საათამდე დროის შუალედში, გ--–--------------მ პირადი ჩხრეკის დაწყებამდე თავისი სპორტული ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და წარმოადგინა სიგარეტის კოლოფი, წარწერით ,,PHILIP MORRIS”, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ცალი მთლიანი და სამი ცალი კონვალუტის ჩამონაჭერი, გარედან წარწერით „SUBOXONE”. მთლიან კონვალუტაზე განთავსებულია შვიდი ცალი ტაბლეტი, ხოლო ორ ცალ ჩამონაჭერ კონვალუტაზე ორ-ორი ცალი ტაბლეტი. ერთ ჩამონაჭერ კონვალუტაზე, რომლის ბუდეც დარღვეულია - ტაბლეტის ნატეხი. სულ თერთმეტი ცალი მთლიანი და ერთი ცალი ნახევარი ტაბლეტი, რომლებიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
გ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო მოქმედების (გ--–--------------ს პირადი ჩხრეკა) ჩამტარებელი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ლ--------------- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლები - გ------------------ და გ------------------- მათ დაადასტურეს გ--–--------------ს პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 10 სექტემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/375 დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 1 (ერთ) ცალ კონვალუტაში და 2 (ორ) ცალ კონვალუტის მონაჭერში განთავსებული ლოგო „8“-ის მქონე, სულ 11 (თერთმეტი) ცალი ტაბლეტი და კონვალუტის 1 (ერთ) მონაჭერში არსებული ტაბლეტის 1 (ერთი) ცალი ნატეხი, მათი საერთო წონის 4,5869 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0, 091738 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, მ----------–-----
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 10 სექტემბერს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №9011130 დასკვნის თანახმად, გ--–--------------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის, ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ა------------------–-----
ვ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებათა მე-2 სიის მე-10 გრაფაში შეტანილია ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29-ე გრაფის შესაბამისად, 0, 091738 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს დიდ ოდენობას.
ზ) სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება, საჩუქრად მიღება, პოვნა), ხოლო უკანონო შენახვა - ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას (შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ).
2017 წლის 10 სექტემბერს შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ--–-------------- დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს ინახავდა მისი ტანთმოსილი სპორტული ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბეში. მას ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შეძენა-შენახვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–--------------მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დიდი ოდენობით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება უკავშირდება არა სასჯელის სიმკაცრეს, არამედ მის გარდაუვალობას. არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი მხოლოდ დასჯის მიზნის მქონეა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
გ--–--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს), ბრალდებულის პიროვნებას (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ გ--–--------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ--–--------------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებული გ--–-------------- დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
4. მსჯავრდებულ გ--–--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან.
გ--–--------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.
5. მსჯავრდებული გ--–-------------- მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ--–--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ ა----–-------------------------------------, ნ-----–---------------------------------------------------–---------------------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა (------------------------------------------–------------------------------------- 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ნივთმტკიცება - გ--–--------------საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გ--–--------------ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ავტომანქანა „ოპელ -ასტრა“ სახელმწიფო ნომრით I------- ავტომანქანის ტექ. პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის გასაღები, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი