გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002406462
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11590-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაკა ჭედია

სხდომის მდივანი - კახა კომლაძე

 

მოსარჩელე რუ--------------–---

 

მოპასუხე სადაზღვევო კომპანია სს „პ--------------“

წარმომადგენელი ეკ---------------–---------, ლე----------------

 

დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სადაზღვევო კომპანია სს "----------------------" მოსარჩელე რ----------------–---ს სასარგებლოდ 3016.8 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა "მ------------–ს" ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის, რადგან ჰქონდა მწვავე ტკივილები მუცლის არეში.

 

2017 წლის 01 მარტს მიმართა კლინიკა შპს "ი------" სამედიცინო შემოწმებისა და კონსულტაციისათვის, ექიმის რეკომენდაციით საჭიროებდა განმეორებით გამოკვლევასა და ოპერაციას. 2017 წლის 15 მარტს მოსარჩელემ ჩაიტარა განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევა. 2017 წლის 16 მარტს კლინიკა შპს "ი------" ექიმის კონსულტაციით გადაწყდა ოპერაციის ჩატარება. კლინიკის მიერ გაიცა სამედიცინო ცნობა ფორმა 100/ა და სამედიცინო მომსახურების კალკულაცია.

 

2017 წლის 23 მარტს მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით, მოხდა საკვერცხის სხვა დაუზუსტებელი კისტების და საკვერცხის ცისტის ამოკვეთა, ასევე ქალის მენჯის პერიტორიუმის შეხორცებების მოცილება პერიტონეუმის ღრუდან ლაპარასკოპიული მეთოდით. ჩატარებული ოპერაცია სრულად შეესაბამებოდა ჩასატარებელ სამედიცინო პროცედურებს.

 

სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ სს "პ--------------სა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველის მე-14 პუნქტის 14.4. ქვეპუნქტის მიხედვით, რადგან მისთვის დასმული დიაგნოზი უშვილობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს და ოპერაცია ჩატარებულია რეპროდუქციული სისტემის შეფასების და მისი ფუნქციის აღდგენის მიზნით.

 

სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯია 2760 ლარი, ექიმის კონსულტაციისა და მედიკამენტების ხარჯები 592 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის მოტივად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ „ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ეროვნული პროტოკოლის თანახმად, დიაგნოზები, რომლებიც დაუდგინდა რუ--------------–---ს იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას (უნაყოფობას), რომლის სამკურნალოდ მოწოდებულია მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა. ამ შემთხვევაში, არჩეული მკურნალობის ტაქტიკა გამოიყენება ენდომეტრიოზთან ასოცირებული უნაყოფობის მკურნალობის მიზნით. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიამ მიიჩნია, რომ დაზღვეულის მიერ გაღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები უკავშირდება უნაყოფობას, რაც დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სადაზღვევის კომპანია სს „პ--------------სა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუ--------------–--- დაზღვეული იყო სს „პ--------------ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2017 წლის 07 აპრილის წერილი,3.1.2. ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება. 8.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურება ითვალისწინებს სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურებისას, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მკურნალობის (ოპერაციული მკურნალობა - ნებისმიერი გაუტკივარებით) ხარჯების ანაზღაურებას. ამავე პუნქტის 8.3. ქვეპუნქტის მიხედვით, არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას, დაზღვეული იხდის შესაბამისი მომსახურების ღირებულებას სრულად და სათანადო დოკუმენტაციის მზღვეველთან წარდგენის შემდეგ ანგარიშსწორებას დაზღვეულთან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს მზღვეველი.

 

დაზღვევის პირობების ითვალისწინებს მედიკამენტების მომსახურებისა და ექიმის კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის პირობები.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3.დაზღვევის პირობების მე-15 პუნქტის 15.6. ქვეპუნქტის თანახმად, არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მზღვეველს უნდა წარუდგინოს სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია, მათ შორის ფორმა NIV-100ა, ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დაზღვევის ხელშეკრულების პირობები.

 

3.1.4. შპს „ი------“ მიერ გაცემული ფორმა NIV -100ა, მიხედვით, რ----------------–---ს დიაგნოზია: მარჯვენა საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტა, მარცხენა საკვერცხის მრავალკამერიანი ენდომეტრიოდული კისტა, ენდომეტრიოზი III ხარისხის, შეხორცებითი პროცესი მუცლის ღრუში.

 

პაციენტს ჩაუტარდა: ოპერაციული მკურნალობა: ლაკარასკოპია, შეხორცებების გათიშვა, საშვილოსნოს მრგვალი იოგების დამოკლება, ქრომოპერტუბაცია, კისტექტომია, ენდომეტრიოდული ჰეტეროტოპიების კოაგულაცია, მუცლის ღრუს დრენირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ცნობა ფორმა 100/ა.

 

3.1.5. სამედიცინო მომსახურების ხარჯებმა შეადგინა 2760 ლარი. ექიმის კონსულტაციისა და მედიკამენტების ხარჯებმა შეადგინა 592 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ანგარიშფაქტურა.

ხარჯთაღრიცხვა.

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ქვითრები.

 

3.1.6. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ სს "პ--------------სა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 პუნქტის 14.4. ქვეპუნქტის მიხედვით, რადგან მისთვის დასმული დიაგნოზი უშვილობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს და ოპერაცია ჩატარებულია რეპროდუქციული სისტემის შეფასების და მისი ფუნქციის აღდგენის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2017 წლის 07 აპრილის წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე არ დგინდება დაზღვევის პირობების მე-14 პუნქტის 14.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო პირობის არსებობა, რაც გამორიცხავს დაზღვეულის მიერ მიღებული

სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოპასუხე სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის მოტივად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ „ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ეროვნული პროტოკოლის თანახმად, დიაგნოზები, რომლებიც დაუდგინდა რუ--------------–---ს იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას (უნაყოფობას), რომლის სამკურნალოდ მოწოდებულია მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა. ამ შემთხვევაში, არჩეული მკურნალობის ტაქტიკა გამოიყენება ენდომეტრიოზთან ასოცირებული უნაყოფობის მკურნალობის მიზნით. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიამ მიიჩნია, რომ დაზღვეულის მიერ გაღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები უკავშირდება უნაყოფობას, რაც დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

ამ შემთხვევაში, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დამზღვევმა შეასრულა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქირურგიული მკურნალობის ჩატარების საჭიროება რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას (უნაყოფობას) რომ უკავშირდება, ეს გარემოება წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის ვარაუდს, რაც ეფუძნება ეროვნულ პროტოკოლს. საქმის მასალებში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც ასევე სადაზღვევო კომპანიას წარედგინა, დადგენილი არ არის ის ფაქტი, რომ ენდომეტრიოზმა გამოიწვია პაციენტის უშვილობა, რომლის სამკურნალოდაც გადაწყდა ქირურგიული ჩარევა. შესაბამისად, მხოლოდ სადაზღვევო კომპანიის ვარაუდი, დაზღვეულის მიერ უშვილობის სამკურნალოდ სამედიცინო მომსახურების მიღების თაობაზე, სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული. ამასთან, სამედიცინო დოკუმენტებიდან დგინდება, რომ დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, დაინიშნა ქირურგიული ჩარევა. დიაგნოზით თანახმად, კი უშვილობა არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, მოპასუხის აპელირება რეპროდუქციული სისტემის აღდგენის მიზნით, ოპერაციის ჩატარებაზე უსაფუძვლოა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, თუკი მოვლენათა ერთობლიობიდან გამოვრიცხავთ ენდომეტრიოზს, აღმოჩნდება, რომ ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ იარსებებდა, რადგან ამ დიაგნოზის არარსებობა გამორიცხავდა მოპასუხის ვარაუდს დაზღვეულის უშვილობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზღვეულის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღება უშუალოდ უკავშირდება ენდომეტრიოზს და არა ამ დიაგნოზთან დაკავშირებულ უნაყოფობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

გარდა ამისა, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად, აპელირება, ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა: დაზღვეულისათვის გაწეული მომსახურების უხარისხობა, სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის დაუცველობა და აქედან გამომდინარე ხარჯების არაეფექტურობა, როდესაც დასტურდება დაზღვეულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი, რაც წარმოშობს სადაზღვევო კომპანიის შემხვედრ ვალდებულებას გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე. (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი), მოთხოვნის შემწყვეტი შედავების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ ხელშემკვრელ მხარეს, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით. ამ შემთხვევაში, პროტოკოლის დაუცვლება, ვერ მიიჩნევა ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად, რადგან თუ დასტურდება, რომ დადებულია ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ერთ-ერთი ხელშემკველი მხარე ასრულებს მას, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, წარმოიშობა შემხვედრი ვალდებულება შესრულების ანაზღაურებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აანაზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის მიერ გეგმიური ჰოსპიტალური, მედიკამენტებისა და კონსულტაციის მომსახურების მიღება, რაც დაზღვეულს რუ--------------–---ს უფლებამოსილებას ანიჭებს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დაზღვევის პირობების გათვალისწინებით სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების 90%-ის - 3016.8 ლარის გადახდევინება, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სადაზღვევო თანხა მოთხოვნილი ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რ----------------–---ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ნახევარი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე რ----------------–---ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე სადაზღვევო კომპანია სს "პ--------------ს" მოსარჩელე რ----------------–---ს სასარგებლოდ 3016.8 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე სადაზღვევო კომპანია სს "პ--------------ს" მოსარჩელე რ----------------–---ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე რუ--------------–---ს 2018 წლის 19 აპრილის N- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ნახევარი 50 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია