გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
330210017002144193
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29269-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ბ-------------ა

 

მოპასუხე: შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ი“

წარმომადგენელი: ნ------------ე

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს - 7 692.16 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სს „ტ----------–----------------–-------------------------------–--–------------ის“ სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა №პ-------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ შეისყიდა ხელშეკრულების დანართი №2-ში ჩამოთვლილი სამედიცინო მოწყობილობები, რომლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში (12/01/2017წ. ჩათვლით), ხოლო ამავე დანართში 28-ე და 30-ე პოზიციებში დაფიქსირებული აპარატების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (26/02/2017წ. ჩათვლით). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 530 000 ლარს.

 

ხელშეკრულების 7.1.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება საქონლის მიწოდება განეხორციელებინა დროულად და ხარისხიანად, ხოლო 15.2. პუნქტის თანახმად, კი შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ დაირღვა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - სამედიცინო აპარატურის მიწოდების ვადები, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში -18 292.16 ლარის ოდენობით. კერძოდ:

 

1. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 60 900 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 20 იანვარს, 8 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (60 900 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 487.20 ლარი.

2. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 5 568 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 13 თებერვალს, 32 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (5 568 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 178.24 ლარი.

3. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 10 400 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 15 თებერვალს, 34 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (10 400 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 353.60 ლარი.

4. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 1185 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 28 თებერვალს, 47 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (1185 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 55.93 ლარი.

5. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 54 736 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 13 მარტს, 60 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (54 736 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 3 284.40 ლარი.

6. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 4 308 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 24 მარტს, 71 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (4 308 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 305.87 ლარი.

7. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 25 940 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 29 მარტს, 76 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (25 940 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 1 971.44 ლარი.

8. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 4 599 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 24 აპრილს, 107 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (4 599 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 492.09 ლარი.

9. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 4 463 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს, 121 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (4 463 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 540.02 ლარი.

10. სამედიცინო აპარატურის ნაწილის (ღირებულება - 149 625 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს, 71 დღის გადაცილებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების (149 625 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 10 623.37 ლარი.

 

შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ი“ 02/06/2017წ. №01/3---- და 23/06/2017წ. №01/4---- წერილებით გაფრთხილებულ იქნა ვალდებულების დარღვევის შესახებ და მოეთხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა აღნიშნულს მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

28/11/2017წ. ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სს „ს----------–----------“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით (ღირებულებით 10 600 ლარი). შესაბამისად, სამინისტროს მიერ, არსებული დავალიანების ფარგლებში, განხორციელდა საბანკო გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა 10 600 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხის მიერ გადასახდელი დარჩა პირგასამტეხლო - 7 692.16 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად „ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) გამყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით“. აღნიშნულიდან გამომდინარე კი განმარტა, რომ პირგასამტეხლოს რეკომენდაციის შესაბამისად დათვლის შემთხვევაში, მისი ოდენობა იქნებოდა მოსარჩელის მიერ დაკისრებულ ოდენობაზე 5-ჯერ ნაკლები. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო გარანტის სახით მოსარჩელეს მოპასუხისაგან უკვე მიღებული 10 600 ლარი, მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით პირგასამტეხლოს სახით - 7692.12 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №პ/3------, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სს „ტ----------–----------------–-------------------------------–--–------------ის“, სხვადასხვა სახის სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის (C---------) თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 530 000 ლარით.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის აღწერილობა და ფასები განისაზღვრა ელექტრონულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტების დანართი №2-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების 4.4.1. პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: 1. დანართი №2-ის (ფასების ცხრილი) 28-ე და 30-ე პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში; 2. სხვა დანარჩენი საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 15.2. პუნქტის თანახმად, შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.

 

3.1.2. 28.11.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №პ/3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ (ბენეფიციარი) შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ (პრინციპალი) ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა სს „ს----------–----------“ მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს გაცემული №P------ 16 - ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით. საბანკო გარანტიის საერთო თანხა განისაზღვრა - 10 600 ლარის ოდენობით.

 

3.1.3. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 28.11.2016წ. დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ დარღვეულ იქნა საქონლის ნაწილის მიწოდების ვადები. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:

 

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 60 900 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 20 იანვარს, 8 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 5568 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 13 თებერვალს, 32 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 10 400 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 15 თებერვალს, 34 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 1185 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 28 თებერვალს, 47 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 54 736 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 13 მარტს, 60 დღის გადაცილებით;

 

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 4 308 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 24 მარტს, 71 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 25 940 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 29 მარტს, 76 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 4 599 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 24 აპრილს, 102 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 4 463 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს, 116 დღის გადაცილებით;

- სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 149 625 ლარი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს, 71 დღის გადაცილებით (ხელშეკრულების დანართი №2-ის 28-ე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი);

 

3.1.4. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ 28.11.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქონლის ნაწილის (იხ. 3.1.3. პუნქტი) მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თითოეული შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 18 292.16 ლარი.

 

3.1.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 02 ივნისის №01/3---- წერილით შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ ეცნობა 28.11.2016წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მიეცა წინადადება ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო მისი გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა უშედეგოდ.

 

3.1.6. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ 28.11.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიმართა სს „სა---------–--------ს“ და გამოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რის საფუძველზეც სს „ს----------–----------“ მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადარიცხულ იქნა 10 600 ლარი.

 

3.1.7. სს „ს----------–----------“ მიერ №P------ 16 საბანკო გარანტიის ფარგლებში გადარიცხული თანხა - 10 600 ლარის ოდენობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩათვლით იქნა შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ, 28.11.2016წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (იხ. 3.1.4 პუნქტი) ანგარიშში.

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით, №2/29269-17 სამოქალაქო საქმეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (დღეისათვის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) და შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №პ/3------ „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სს „ტ----------–----------------–-------------------------------–--–------------ის“, სხვადასხვა სახის სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის (C---------) თაობაზე. ამავე ხელშეკრულებითა და მისი დანართით განისაზღვრა მისაწოდებელი საქონლის აღწერილობა, ფასები და მიწოდების ვადები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

დადგენილია, ასევე, რომ შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 28.11.2016წ. დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. კერძოდ, მის მიერ დარღვეულ იქნა საქონლის ნაწილის მიწოდების ვადები. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულების 15.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2016 წლის 28 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 15.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ შპს „მ--–-------------–-------------–-------------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, რის გამოც მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის, ჯამში - 18 292.16 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 7 692.16 ლარის გადახდის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 28.11.2016წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის ვადადარღვევით მიწოდებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში - 18 292.16 ლარის ოდენობით. ამასთან, სს „ს----------–----------“ მიერ საბანკო გარანტიის ფარგლებში გადარიცხული თანხა - 10 600 ლარის ოდენობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩათვლით იქნა შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ისათვის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს ანგარიშში, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა განსაზღვრულია მოპასუხისათვის დაკისრებული და დარჩენილი, გადაუხდელი პირგასამტეხლოს ოდენობით - 7692.16 ლარით. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობისა და თანაზომიერების დადგენა უნდა მოხდეს 28.11.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობის გათვალისწინებით.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უკვე მიღებული აქვს - 10 600 ლარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი ნორმატიული დანიშნულებიდან გამომდინარე, სცდება გონივრულობის ფარგლებს და უკვე მიღებული პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება სწორედ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით - 7692.16 ლარით, შედეგი გარემოებების გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო გარანატიის სახით მოსარჩელის მიერ მიღებული 10 600 ლარი სრულად აკომპენსირებს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებულ სავარაუდო ზიანს და უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. შესაბამისად, გარდა მიღებული საბანკო გარანტიის თანხისა, დამატებით პირგასამტეხლოს სახით - 7692.16 ლარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ემსახურება არა კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას, არამედ მის გამდიდრებას, რის გამოც მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს სწორედ - 7692.16 ლარით - იმ ოდენობამდე, რა ოდენობის თანხაც აქვს მოსარჩელეს მიღებული საბანკო გარანტიის ფარგლებში (10 600 ლარი).

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 7692.16 ლარის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯი

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

საქმე №2/29269-17

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

 

15 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ბ-------------ა

 

მოპასუხე: შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ი“

წარმომადგენელი: ნ------------ე

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი