გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს "L-------------------------------------------------------------------"
წარმომადგენელი - შ--–------------ე
მოპასუხე - შპს ,,ლ---------------"
წარმომადგენელები - თ---------------------------------–---------------–------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შპს ,,ლ---------------"-ს მოსარჩელე შპს "L-------------------------------------------------------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 76861 აშშ დოლარისა და 7441.90 აშშ დოლარის გადახდა;
მხარეებს შორის 2011 წლიდან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად აწვდიდა საკანცელარიო ნივთებს, ხოლო შპს ,,ლ---------------" იხდიდა მათ ღირებულებას.
მხარეთა შორის ხელშეკრულებები იდებოდა ყოველწლიურად თითო წლის ვადით, შესაბამისად ერთი და იგივე შინაარსის ხელშეკრულებები დადებულია 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში.
მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეს მოთხოვნილ საკანცელარიო საქონელს, თუმცა მოპასუხე ყოველ ჯერზე ამცირებდა გადახდებს და საბოლოოდ დაუგროვდა ვადამოსული გადაუხდდელი დავალიანება 130 000 აშშ დოლარზე მეტი.
2014 წლის 05 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა დავალიანების გადახდის გრაფიკი, სადაც ფასდაკლების შედეგად მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით და გაიწერა ყოველთვიური გადახდის თანხები. აღნიშნული დავალიანებიდან მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 15 000 აშშ დოლარი.
ვინაიდან გრაფიკი დარღვეული იქნა მოპასუხის მიერ, 2014 წლის 19 ნოემბერს მხარეებს შორის კვლავ შედგა ვალის გადახდის ახალი შეთანხმება, სადაც დაფიქსირდა საბოლოო დავალიანება 105 000 აშშ დოლარი და გაიწერა ყოველთვიური გადახდის თანხები. აღნიშნული დავალიანებიდან მოპასუხის მიერ სულ გადახდილია 28139 აშშ დოლარი და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 76861 აშშ დოლარს.
2016 წლის 26 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით კიდევ მიაწოდა 7441.90 აშშ დოლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი, რომლის ღირებულებაც ასევე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი.
მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ მთლიანობაში შეადგენს 84302.90 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო 7441.90 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს გასაყიდად აწვდიდა საკანცელარიო საქონელს შემდგომი გადახდით, მას შემდეგ რაც მოხდებოდა საქონლის რეალიზაცია. 2014 წლის 05 მარტის ვალის აღიარების ხელშეკრულების შედგენის დროს მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს პარალელურად უნდა მიეწოდებინა ახალი პროდუქციაც, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა.
76861 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის შემდეგ გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან მოსარჩელმ სარჩელი წარადგინა სასამართლოში 2018 წლის 07 აგვისტოს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის 2011 წლიდან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად აწვდიდა საკანცელარიო ნივთებს, ხოლო შპს ,,ლ---------------" პერიოდულად იხდიდა მათ ღირებულებას.
აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების (2011, 2012, 2013 და 2014) თანახმად შეთანხმებული იყო შემდეგი ძირითადი პირობები:
გამყიდველი (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას მყიდველისათვის (მოპასუხის) მიეწოდებინა საკანცელარიო საქონელი და ფართო მოხმარების საქონელი. საქონლის თითოეული პარტიის შეთანხმებული ასორტიმენტი, ფასი და მოცულობა მიეთითება გამყიდველისგან მიღებულ ინვოისში.
მყიდველი იღებს ვალდებულებას მიიღოს საქონლის სპეციფიკის და მისი მწარმოებლის მიხედვით განახორციელოს წინასწარი გადახდა ან გადაიხადოს საქონლის თითოეული პარტიის მიღების შემდეგ.
მიწოდება უნდა განხორციელებულიყო სტამბულიდან თბილისში პარტიებად, ავტოტრანსპორტით ან კონტეინერებით.
საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დადებისას მიღებულ ნიმუშებს და სტანდარტებს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01/11, 01/12, 01/13 და 01/14 ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. პროდუქციის მიწოდება, ხდებოდა სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების საშუალებით. ანგარიშსწორება ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით საბანკო გადარიცხვებით. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2016 წლიდან აღარ გაგრძელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურები, საბაჟო დეკლარაციები;
- საბანკო გადახდის ქვითრები.
-
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მთლიანობაში 84302.90 აშშ დოლარია. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლება საქმეში არსებული სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურები, საბაჟო დეკლარაციები, გადახდის გრაფიკები საბანკო გადახდის ქვითრები.
სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ - თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე მოპასუხეს საკუთრებაში გადასცემდა პროდუქციას, რაც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს. აღნიშნულ ურთიერთობაში მოსარჩელე წარმოადგენს გამყიდველს, ხოლო მოპასუხე შემძენს, სადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის და მოთხოვნილი თანხის დაკისრების წინაპირობების დადასტურება, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს - თანხის გადახდის დადასტურება, მაგალითად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მას შეეძლო წარედგინა შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი სავალო საბუთი, ან მოეხდინა 442-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და სხვა.
მოსარჩელე მოითხოვს იმ პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას, რაც მოპასუხის მიერ არც დაბრუნებულა და არც ფულადი სახით ანაზღაურებულა. მოპასუხე არ უარყოფს მითითებულ დავალიანებას და 7441.90 აშშ დოლარის მოთხოვნას ეთანხმება და განმარტავს, რომ ამ თანხას გადაიხდის პერიოდულად, ხოლო 76861 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც არ უარყოფს დავალაინებას, მაგრამ მიუთითებს, რომ 76861 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, შესაბამისად ამ ნაწილში არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ მიუთითა სარჩელზე თანდართულ საბანკო გადახდის ქვითარზე, რომლის შესაბამისად მოპასუხემ 01/14 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილის ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნულ გადახდას არ უარყოს არც მოპასუხე. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს სათანადო შედავება არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 23 დეკემბრის გადახდის ქვითარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 361-ე, 477-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
6.1.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ 01/14 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილის ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნულის ნორმის ანაზილიდან გამომდინარე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბოლო გადახდის თარიღიდან ე.ი. 2016 წლის 23 დეკემბრიდან, შესაბამისად მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილი იქნა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, ამიტომ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ 76861 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მისი შესრულების ან იმ გარემოებების არსებობის მტკიცება, რაც გამორიცხავს შესრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ არ გახადა დავალიანების არსებობა, თუმცა ვერ შეძლო მისთვის სავალდებულო მტკიცების ტვირთის რეალიზება, შესაბამისად შპს "L-------------------------------------------------------------------"-ს მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი. მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის ნაწილი 441 ლარი, ხოლო დარჩენილი 4559 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ დავის საგნის ღირებულების 84302.9 აშშ დოლარის 2%-ის - 1686 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის ათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "L-------------------------------------------------------------------" - ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ლ---------------"-ს შპს "L-------------------------------------------------------------------"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 76861 აშშ დოლარის გადახდა.
3. შპს ,,ლ---------------"-ს შპს "L-------------------------------------------------------------------"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 7441.90 აშშ დოლარის გადახდა.
4. შპს ,,ლ---------------"-ს შპს "L-------------------------------------------------------------------"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4559 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. შპს "L-------------------------------------------------------------------" -ს (ს.კ. 3-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 06.08.2018წ. N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (5000 ლარიდან) - 441 (ოთხასორმოცდაერთი) ლარი (გადამხდელი შ--–------------ე, (პ/ნ 0----------) გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი - TBCBGE22);
6. შპს ,,ლ---------------"-ს შპს "L-------------------------------------------------------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 1686 აშშ დოლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე