გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5752-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე გ-----------------ე
წარმომადგენელი თ---------–--–---–ი
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი მ--–-----–---–---ე
მესამე პირი შპს „ფ----------------------------------ო“
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს „ფ----------------------------------ოს“ წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2015 წლის 14 აპრილს შპს „4--------ა“ (გამსესხებელი) და გ-----------------ეს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 650 ლარი 30 დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ელექტრონული ხელშეკრულება (ს.ფ. 83-91);
- №9---------- სესხის ხელშეკრულების სპეციალური პირობები (ს.ფ. 95);
- 14.04.2015წ. საგადახდო დავალება №---- (ს.ფ. 96).
4.1.2. 2017 წლის 20 თებერვალს შპს „4--------ა“ და შპს „კრ------------------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შპს „4-------მა“ 2015 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს „კრ------------------ს“ დაუთმო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 20 თებერვლის შეთანხმება (ს.ფ. 78).
4.1.3. 2017 წლის პირველ სექტემბერს შპს „კრ------------------სა“ და შპს „ფ----------------------------------ოს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შპს „კრ------------------მა“ 2015 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება (20.02.2017 წლის შეთანხმება) შპს „ფ----------------------------------ოს“ დაუთმო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის პირველი სექტემბრის შეთანხმება (ს.ფ. 79).
4.1.4. 2018 წლის 06 ივლისს შპს „ფ----------------------------------ომ“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გ-----------------ის მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შპს „ფ----------------------------------ომ“ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2017 წლის 20 თებერვლის და 01 სექტემბრის შეთანხმებაზე, სესხის ელექტრონულ ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულების სპეციალურ პირობებზე, საგადახდო დავალებასა და ცნობაზე დავალიანების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 06 ივლისის №------------------ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 63; 73-97).
4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინებით რესპოდენტ გ-----------------ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 06 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: შპს „ფ----------------------------------ოს“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს 2140.42 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, საგადახდო დავალება 14.04.2015წ. მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება 01.09.2017წ. მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთახმება 20.02.2017წ.. ამავე შეტყობინებით გ-----------------ეს მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
ზემოაღნიშნული შეტყობინება რესპონდენტს - გ-----------------ეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 28 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება (ს.ფ. 64-65);
- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 66).
4.1.6. 2018 წლის 14 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ 1--------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - გ-----------------ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2140.42 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „ფ----------------------------------ოს“ მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 14 აგვისტოს 1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 67).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეების და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რამე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 06 ივლისს შპს „ფ----------------------------------ომ“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გ-----------------ის მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შპს „ფ----------------------------------ომ“ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2017 წლის 20 თებერვლის და 01 სექტემბრის შეთანხმებაზე, სესხის ელექტრონულ ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულების სპეციალურ პირობებზე, საგადახდო დავალებასა და ცნობაზე დავალიანების თაობაზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სასამართლო შეტყობინებისა და ჩაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება რესპონდენტს - გ-----------------ეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 28 ივლისს.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - გ-----------------ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2140.42 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „ფ----------------------------------ოს“ მიმართ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „4--------ა“ (გამსესხებელი) და გ-----------------ეს შორის გაფორმებული 2015 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შპს „ფ----------------------------------ოსთვის“ მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას, შპს „ფ----------------------------------ო“ არ იყო უფლებამოსილი მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის. შესაბამისად, არ არსებობდა 2018 წლის 14 აგვისტოს №1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
7.2. სასამართლო მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლს, რომლის თანახმადაც, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპოდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე საკანონმდებლო აქტის 915 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას უპირველეს ყოვლისა ადგენს გააჩნია თუ არა აპლიკანტს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა რესპოდენტის მიმართ და აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს თუ არა ვადამოსულ ფულად ვალდებულებას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 თებერვლის შეთანხმებით შპს „4-------მა“ 2015 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს „კრ------------------ს“ დაუთმო, ხოლო 2017 წლის პირველ სექტემბრის შეთანხმებით შპს „კრ------------------მა“ 2015 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს „ფ----------------------------------ოს“ დაუთმო.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „4--------ა“ (გამსესხებელი) და გ-----------------ეს შორის 2015 წლის 14 აპრილს გაფორმებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს შპს „პ------–-------------------------ოს“, შპს „მ-----------ი“, შპს „P--------------------------NG“, შპს „ი----ო“, შპს „დ------------------------------------------ო“, შპს „პრ----–--------------–------------------–----რი“, შპს „პ------–-----------------------------------ტო“, შპს „კრ------------------ი“ არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარებაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე საკანონმდებლო აქტის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მოთხოვნის დათმობას, თუმცა, ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია. კერძოდ, მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ შეთანხმებას.
განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 14 აპრილს გაფორმებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ვალდებულების წარმოშობის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დათმობის სპეციალურ პირობაზე და ხელშეკრულებით ცალსახად განსაზღვრეს ის სუბიექტები, რომელთა სასარგებლოდაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მოთხოვნის დათმობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ შეთანხმებას გააჩნდა კრედიტორის უფლების შემზღუდველი ძალა და კრედიტორს მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას მხოლოდ შეთანხმებაში მითითებული სუბიექტების სასარგებლოდ ანიჭებდა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „კრ------------------ს“, რომლის მიმართაც შპს „4--------“ გააჩნდა მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობა, მოთხოვნები და უფლებები გადაეცა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოთხოვნის დათმობასთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა შპს „კრ------------------ზე“ და ვინაიდან მხარეთა შეთანხმება შპს „ფ----------------------------------ოსთვის“ მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, არ არსებობდა აღნიშნული სუბიექტისთვის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია შეამოწმოს აპლიკანტის განცხადების შინაარსობრივი მხარე, კერძოდ, დაადგინოს გააჩნია თუ არა აპლიკანტს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა რესპოდენტის მიმართ, ხოლო განსახილველ შეთხვევაში შპს „ფ----------------------------------ოს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მისი მოთხოვნის უფლება გ-----------------ის მიმართ წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „ფ----------------------------------ოს“ განცხადების საფუძველზე გამარტივებული წარმოების დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, ამ დარღვევების გათვალისწინებით მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაც უდავოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს 1--------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს PS1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
3. მოპასუხე აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელე - გ-----------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.№6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია