განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
21 დეკემბერი, 2018წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ------- მ--------ე
სტაჟიორ-პროკურორი - გ------- მ-------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი----- წ---–-----ი
ბრალდებული - კ-------ი ა-----–ის ძე პ---–---–ი, დ----------–-------–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------–------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-----------, დაახლოებით 18:05 საათზე, ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- ელ. გ-------------------- მიმდებარედ, ა/მანქანა „შ----------------“ (სახელმწიფო ნომრით F------), რომელსაც ვ----–---------–---–ი მართავდა, წინა მარცხენა მხარეს შეეჯახა ა/მანქანა „ჰ-----------ს“ (სახელმწიფო ნომრით O------), რომელსაც კ-------ი პ---–---–ი მართავდა და ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს. აღნიშნულის შემდეგ ა/მანქანა „შ----------------“ შეეჯახა ტროტუართან გაჩერებულ ა/მანქანა „მ-------------–ს“ (სახელმწიფო ნომრით M------). აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე--------------------ემ და ზ------------–--ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა კ-------ი პ---–---–ის მხრიდან, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირებისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ-------ი პ---–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ზ------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს შ--------------–-------–-–--–-----------–--------------- თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ დღეს თავის მეწყვილესთან - ვ----–---------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, პატრულირებდა ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- (ქ------------------------–----–------------------–-----). დაახლოებით 18:00 საათზე, მათ საძახისის მეშვეობით შეიტყვეს, რომ ყ------–---–---------ს - ბ-------------ეს ქ. თბილისში, ხ------–---–ის ქუჩაზე სჭირდებოდა დახმარება. მოწმემ და მისმა მეწყვილემ საძახისის მეშვეობითვე დაუდასტურეს, რომ მივიდოდნენ დასახმარებლად, რის შემდეგაც მოატრიალეს ა/მანქანა ქ----ის ქუჩის მიმართულებით, ჩართეს შუქურა (ციმციმა), ხმოვანი სიგნალი, საძახისი (მოწმე საძახისის მეშვეობით აფრთხილებდა ყველას არ დაეწყოთ მოძრაობა) და საყვირი (დამატებითი სიგნალის მექანიზმი, რაც საპატრულო ა/მანქანებს აქვთ დაყენებული). მოწმე საყვირისთვის მახასიათებელი დიდი ხმისა და ქ----ის ქუჩის ნაკლებ დატვირთულობის გათვალისწინებით გამორიცხავს, რომ მათი ხმა ქუჩაში მყოფი, რომელიმე პირისთვის გაუგებარი ყოფილიყო. მოწმის განმარტებით, საძახისს და საყვირს აკონტროლებდა თავად, ხოლო შუქურას (ციმციმას) და ხმოვან სიგნალებს - მისი მეწყვილე მძღოლი. მოწმემ დაადასტურა, რომ გზად, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ტროტუართან დაინახეს ა/მანქანა „ჰ----------“, რომელშიც ჯდებოდა ქალბატონი. მოწმემ აღნიშნულ ა/მანქანის მძღოლსაც მოუწოდა თავი შეეკავებინა მოძრაობის დაწყებისგან, მოწმის მეწყვილემ კი თავის დაზღვევის მიზნით, ნახევარი ბორბლებით გადაკვეთა წყვეტილი ხაზი, რადგან საპირისპირო მხრიდან მოძრაობა საერთოდ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ა/მანქანა „ჰ-----------სთან“ მიახლოებისას, აღნიშნული ა/მანქანის მძღოლმა დაძრა ა/მანქანა და მოხვევის მიზნით გადავიდა მათ გზაზე, რამაც გამოიწვია ავარია. შეჯახების შემდეგ განვითარებული მოვლენები მოწმეს არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს.
3.3. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–---------–---–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ ავარიის შემდეგ, იგი შეეჯახა იქვე მდგარ „მ---------ის“ ფირმის ა/მანქანას.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ე--------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-----------, ქ. თბილისში, თ-----------------–--–ის გავლით, კ-------ი პ---–---–თან ერთად მიდიოდა გ-–--------------–-----ზე. გზად გაახსენდათ, რომ არ ჰქონდათ სანთლები, რის გამოც კ-------ი პ---–---–მა მოატრიალა ა/მანქანა და ერთ ქალბატონს, ისე რომ არ გადმოსულან ა/მანქანიდან, ჰკითხა, თუ სად შეეძლოთ სანთლების შეძენა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ქალბატონმა მიასწავლა სავაჭრო ჯიხური, კ-------ი პ---–---–მა მოუხვია მარცხნივ, რის შემდეგაც დაეჯახათ პატრულის ა/მანქანა. მოწმემ დაადასტურა, რომ შეჯახებამდე დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით დაინახა გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი პატრულის ა/მანქანა, რომელსაც შუქურა (ციმციმა) ან სიგნალი ჩართული არ ჰქონია. შეჯახების შემდეგ განვითარებული მოვლენები მოწმეს არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ კ-------ი პ---–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-----------, ქ. თბილისში, თ-----------------–--–ის გავლით, ე--------------------ესთან ერთად მიდიოდა გ-–--------------–-----ზე. მათ გზად გაახსენდათ, რომ არ ჰქონდათ სანთლები, რის გამოც მან მოატრიალა ა/მანქანა და ერთ ქალბატონს, ისე რომ არც თავად და არც მისი მგზავრი გადმოსულან ა/მანქანიდან, ჰკითხა, თუ სად შეეძლო სანთლების შეძენა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ქალბატონმა მიასწავლა იქვე არსებული სავაჭრო ჯიხური, მოწმემ ჩართო მაშუქი და მოუხვია მარცხნივ. იგი მეორე ზოლში გადასული იყო თითქმის ნახევრად, რომ გაიგო ერთჯერადი სიგნალის და პატრულის ა/მანქანის დაჯახების ხმა. მოწმემ დაადასტურა, რომ მანევრის განხორციელებამდე იგი დარწმუნდა მის უსაფრთხოებაში, კერძოდ, გაიხედა როგორც წინ, ისე უკან, რა დროსაც დაინახა შორიდან (დაახლოებით 120-130 მეტრიდან) მომავალი ა/მანქანა, რომელზეც არც შუქურა (ციმციმა) შეუნიშნავს და არც საყვირის ხმა გაუგია (მოწმემ დაადასტურა, რომ მანევრის მომენტში მას ა/მანქანის ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა). მოწმის განმარტებით, იგი ასეთის არსებობის შემთხვევაში არ დაიწყებდა მოძრაობას. შეჯახების შემდეგ, მოწმე და მისი მგზავრი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყვნენ გათიშულ მდგომარეობაში.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------------–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-----------, დაახლოებით 18:00 საათზე, თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან (მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–--–ი) მდგარ საკუთარ „მ---------ის“ ფირმის ა/მანქანაში თავჩახრილი აკეთებდა რაღაცას, რა დროსაც გაიგო შეჯახების ხმა. მოწმის განმარტებით, იგი გადაარჩინა დროულმა რეაქციამ - მან შეჯახების ხმაზე სწრაფად ამოსწია თავი და შევიდა ეზოში. იგი მალევე გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა მოგროვებული ხალხი და დაზიანებული ა/მანქანები - „ჰ----------“ და „შ----------------“. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ მას საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალი არ გაუგია.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ბ-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს შს-------------–-------–-–--–----–---------ის თანამდებობაზე. მითითებულ დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, თავის მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა, რა დროსაც ნარკოტიკული ნივთიერების ქონის ფაქტზე გააჩერეს „ო---–ის“ ფირმის ა/მანქანა, რომელშიც მძღოლის ჩათვლით იყო ხუთი მოქალაქე. აღნიშნული პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მან და მისმა მეწყვილემ საძახისის მეშვეობით ითხოვეს დახმარება, თუმცა რატომ არ არის აღნიშნული გამოძახება დაფიქსირებული, მისთვის უცნობია. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო, რომ ქ. თბილისში, ქ----ის ქუჩიდან მათ დასახმარებლად წასული საპატრულო ეკიპაჟი (ზ------------–--ის და ვ----–---------–---–ის შემადგენლობით) მოყვა ავარიაში.
3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი-----–------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს შ--------------–-------–-–--–------------------------–ის თანამდებობაზე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აგრეთვე კ-------ი პ---–---–ისგან და ვ----–---------–---–ისგან აიღო სისხლის ნიმუშები.
3.9. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და თანდართული სქემიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- ელ. გ-------------------- მიმდებარედ, სადაც სავალი ნაწილის სიგანე, ორმხრივი მოძრაობისათვის შეადგენს 10 მეტრს და იგი გაყოფილია ორ სამოძრაო ზოლად წყვეტილი ხაზით. ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ს------–----–----ის მხრიდან ქ----ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტისათვის განკუთვნილ საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ა/მანქანა „ჰ-----------ზე“ გვერდის ავლის მიზნით, უკვე გადასული იყო ა/მანქანა „შ----------------“, რომელიც თავისი წინა მარჯვენა კუთხით შეეჯახა, ა/მანქანა „ჰ-----------ს“ წინა მარცხენა ნაწილში, რომელიც დგომის ადგილიდან ასრულებდა მარჯვნიდან მარცხნივ მოხვევის მანევრს, თავისი სამოძრაო ზოლიდან და მან საფრთხე მოძრაობაში შექმნა მას შემდეგ, როდესაც გადაკვეთა სავალი ნაწილების გამყოფი წყვეტილი ხაზი და დაიწყო გადასვლა საპირისპირო მოძრაობის ზოლში.
3.10. ქ-------------------–-------------------------- №0-------- და №0-------- დასკვნების თანახმად, ვ----–---------–---–ისა და კ-------ი პ---–---–ის სისხლის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი და ნარკოტიკული საშუალებები.
3.11. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ე---–-----მ.
3.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს შ--------------–-------–-–--–-------------–-- თანამდებობაზე. მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები.
3.13. ს------–---- ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ე--------------------ეს აღენიშნებოდა მარცხენა ლავიწის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა ცდომით და თავის ტვინის შერყევა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს.
3.14. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ--–------------–---–მა.
3.15. ს------–---- ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ზ------------–--ის მიმართ დიაგნოზით (ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობა შუბლ-თხემის არეში მარჯვნივ, გულმკერდის დახურული ტრავმა, გულმკერდის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, პოსტტრავმული პერიკარდიტი (ჰემორაგიული), მუხლის მიდამოს დაჟეჟილობა, შუბლისა და მარჯვენა მუხლის მიდამოში ექსკორაციები, Th1-Th5 მალთა სხეულების მოტეხილობა, არასრული კონსოლიდაციით) დადგენილი დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
3.16. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ------- მ-------ემ.
3.17. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ს--------------------------------------------- №0-------- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „შ----------------ს“ მძღოლ ვ----–---------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ა/მანქანა „ჰ-----------ს“ მძღოლ კ-------ი პ---–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
3.18. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - დ------------–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ კვლევის ჩატარებისას იგი დაეყრდნო გამომძიებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ა/მანქანა „შ----------------ს“ ჩართული ჰქონდა წითელი და ლურჯი შუქურა (ციმციმა) და ხმოვანი სიგნალი.
3.19. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ს----------------------------------------–--------- ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ა/მანქანა „შ----------------ს“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში „ჰ-----------ს“ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
3.20. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - დ----------–-----მა. მანვე ხაზგასმით განმარტა, რომ აღნიშნული კვლევა აწარმოა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპატრულო პოლიციის ა/მანქანას მაშუქი და სიგნალი ჩართული არ ჰქონია (აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შესახებ, შენიშვნის სახით მიუთითა დაცვის მხარემ).
3.21. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისას დასაშვებ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული დამატებითი ს--------------------------------------------- კ----------ი დასკვნა. სასამართლომ აგრეთვე დააკმაყოფილა აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელ პირთა (დ------------–ი, ლ--------------–---–ი) დაკითხვის მოთხოვნა.
3.22. ს--------------------------------------------- №0-------- კ----------ი დასკვნის თანახმად, თუ ა/მანქანა „შ----------------ს“ ჩართული ჰქონდა ლურჯი და წითელი ფერის შუქურა, სპეციალური ხმოვანი სიგნალი და ასრულებდა სამსახუროებრივ დავალებას, რომელიც გავლის უპირატესობას ანიჭებს, მაშინ მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება, იმის გამო, რომ ავტომობილ „ჰ-----------ს“ მძღოლს კ-------ი პ---–---–ს მოცემულ სიტუაციაში მისთვის უნდა დაეთმო გზა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ა/მანქანა „შ----------------ს“ ჩართული არ ჰქონდა ლურჯი და წითელი ფერის შუქურა, აგრეთვე სპეციალური ხმოვანი სიგნალი, მას უნდა ემოქმედა ჩვეულებრივი ა/მანქანისთვის დასაშვები 40 კმ/სთ სიჩქარით. ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან იქნებოდა აცილებული. იმ პირობებში, როდესაც გაცემულია ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნა, უნდა დადგინდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ საპატრულო პოლიციის ა/მანქანა „შ----------------ს“ ჰქონდა თუ არა ჩართული ლურჯი და წითელი შუქურა და ხმოვანი სიგნალი, რაც სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა. აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ექსპერტ დ------------–ის ან დ----------–-----ის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.
3.23. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - დ------------–მა და ლ--------------–---–მა.
3.24. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე B--------------------------------------------------------------). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო ევროპულ სასამართლოსთან შედარებით უკეთეს პოზიციაშია, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე B-----------------------------------------------. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
3.25. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20---–-–--------------------–-------–----------------------------.
3.26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, მიმოიხილავს და შეაფასებს, არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთთან თანხვედრაში და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ს--------------------------------------------- №0-------- დასკვნას, რომელიც ცალსახად ადანაშაულებს ა/მანქანა „ჰ-----------ს“ მძღოლ კ-------ი პ---–---–ს, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის შეფასებისას გათვალისწინებელია ის გარემოება, მისი შედგენისას ექსპერტი დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ა/მანქანა „შ----------------“ უპირატესობის მიღების მომენტში მოძრაობდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, მას ჩართული ჰქონდა წითელი და ლურჯი ციმციმები და ხმოვანი სიგნალი. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ანალოგიური სახის ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული ასახავს სრულიად საპირისპირო სურათს, კერძოდ, ავარიის მიზეზად ასახელებს ა/მანქანა „შ----------------ს“ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფას. ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტმა კვლევა ჩაატარა იმ მოცემულობით, რომ საპატრულო პოლიციის ა/მანქანა „შ----------------ს“ შუქურა (ციმციმა) და ხმოვანი სიგნალი ჩართული არ ჰქონია. ვინაიდან მხარეთა მიერ სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოდგენილი იყო ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდების მხარემ ჩაატარა დამატებითი ს--------------------------------------------- კ----------ი დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში (ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შემთხვევაში), უნდა დადგინდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ საპატრულო პოლიციის ა/მანქანა „შ----------------ს“ ჰქონდა თუ არა ჩართული ლურჯი და წითელი შუქურა და ხმოვანი სიგნალი. სწორედ ამ უკანასკნელი ფაქტის დადგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ექსპერტ დ------------–ის ან დ----------–-----ის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამოყენება.
3.27. სასამართლო განმარტავს, რომ კითხვაზე - ჰქონდა თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ საპატრულო პოლიციის ა/მანქანა „შ----------------ს“ ჩართული ლურჯი და წითელი შუქურა და ხმოვანი სიგნალი, პასუხის მისაღებად აუცილებელია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სიღრმისეული შეფასება. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლოს შეფასებით, პ---–-–---–--ის ვ----–---------–---–ისა და ზ------------–--ის ჩვენებები, რომელზეც აპელირებდა ბრალდების მხარე თავის დასკვნით სიტყვაში ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის კრიტერიუმს, ვინაიდან წინააღმდეგობაში არიან საქმეში არსებულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხვისას ვ----–---------–---–მა და ზ------------–--ემ დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს მიდიოდნენ გამოძახებაზე, რა დროსაც ჩართული ჰქონდათ შუქურა (ციმციმა), ხმოვანი სიგნალი, საძახისი და საყვირი. ზ------------–--ე ამ უკანასკნელი მოწყობილობის მეშვეობით მოუწოდებდა ქუჩაში მყოფთ, რომ თავი შეეკავებინათ საგზაო მოძრაობისგან. პ---–-–---–--ის ზემოაღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ე--------------------ის, კ-------ი პ---–---–ის და ზ---------------–ის ჩვენებებს. წინააღმდეგობა გამოიხატება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შუქურის (ციმციმას) და ხმოვანი სიგნალების ჩართვის დაუდასტურებლობის ფაქტში. კერძოდ, ე--------------------ემ, რომელიც ზუსტად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს, უარყო საპატრულო პოლიიციის ა/მანქანის (რომელიც მან დაინახა შეჯახებამდე) მხრიდან შუქურის (ციმციმას) ან ხმოვანი სიგნალის ჩართვის ფაქტი. ანალოგიურად განაცხადა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა კ-------ი პ---–---–მა. რაც შეეხება ერთჯერადი სიგნალის გაგების ფაქტს, ამ უკანასკნელის განმარტებით, აღნიშნული სიგნალი მან გაიგო უშუალოდ შეჯახების მომენტში (შეჯახების პარალელურად), რაც უტყუარად არ მოიაზრებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ (გონივრული ვადით ადრე) აღნიშნული სიგნალით სარგებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო მოწმეთა ჩვენებები რაოდენობით უტოლდება ერთმანეთს, მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილზე მყოფი ნეიტრალური მოწმის - ზ---------------–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ავარიამდე საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალი არ გაუგია (იხ. პუნქტი 3.6.). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ზ---------------–ის ჩვენების ამ უკანასკნელი ნაწილის შეფასებისას იმსჯელებს, თუ რამ განაპირობა საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალის „არ გაგება“ - გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულმა ხმაურმა (მაგ., ა/მანქანათა მოძრაობით), თუ ასეთი ხმოვანი სიგნალის შესაძლო არ არსებობამ.
3.28. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვ----–---------–---–მა, ზ------------–--ემ და კ-------ი პ---–---–მა დადასტურებულად განაცხადეს, რომ „შ----------------სა“ და „ჰ-----------ს“ შეჯახების მომენტში საპირისპირო მხრიდან მოძრაობა საერთოდ არ ყოფილა. მოწმეთა ჩვენებებში არც მათ მხარეს მომავალი რაიმე სატრასპორტო საშუალების მოძრაობა იკვეთება, რასაც შეეძლო გამოეწვია ხმაური. იმ გარემოების შეფასებისას, არსებობდა თუ არა რაიმე გარეგანი ფაქტორი, რასაც შეეძლო დაეხშო საპატრულო პოლიციის საყვირის ხმა, სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან არ დგინდება. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზ------------–--ის ჩვენების იმ ნაწილს, როდესაც მან საპატრულო პოლიციის საყვირისთვის დამახასიათებელი დიდი ხმისა და ქ----ის ქუჩის ნაკლებ დატვირთულობის გათვალისწინებით, გამორიცხა, რომ მათი ხმა, ქუჩაში მყოფი რომელიმე პირისთვის გაუგებარი დარჩენილიყო. სასამართლო სრულად იზიარებს ზ------------–--ის აღნიშნულ განმარტებას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ხმოვანი სიგნალისა და საყვირის გამოყენების შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეუძლებლად მიიჩნევს ზ---------------–ის მიერ მისი ხმის ვერ გაგებას, ვინაიდან საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალი, როგორც წესი გათვლილია დიდ მასშტაბზე. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ზ---------------–ის მიერ საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალის „არ გაგება“ გამოწვეულია მისი შესაძლო არ არსებობით.
3.29. სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე-პოლიციელის ბ-------------ის ჩვენებაზეც, რომელმაც დაადასტურა, რომ 2----–-–-----------, დაახლოებით 18:00 საათზე, საპატრულო ეკიპაჟი ზ------------–--ისა და ვ----–---------–---–ის შემადგენლობით, გავიდნენ მის დასახმარებლად. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ მსჯელობს საკითხზე - შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს, არამედ მისი კვლევის საგანია დაადგინოს ჰქონდათ თუ არა ამ უკანასკნელთ უპირატესობის მისაღებად ჩართული სპეციალური შუქურა (ციმციმა) და ხმოვანი სიგნალი. შესაბამისად, ბ-------------ის ინფორმაციის (ზ------------–--ის და ვ----–---------–---–ის გამოძახების თაობაზე) ფაქტად მიღების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს იმის გარანტია, რომ გამოძახებაზე წასულ საპატრულო ეკიპაჟს ხმოვანი სიგნალი და შუქურა (ციმციმა) ჩართული ექნებოდა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია მოწმეთა ჩვენებები, განსაკუთრებით კი ობიექტურ პირთა განმარტებები, რათა დადგინდეს საქმის რეალური ვითარება.
3.30. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი ფაქტების ურთიერთშეჯერების შედეგად, სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა გამოძიების არასრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით: რატომ არ გამოკითხა პოლიციამ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები? აღნიშნულ პირებს თავიანთი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით (მოწმე ზ---------------–მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ საპატრულო ა/მანქანის „შ----------------ს“ მიერ მის ა/მანქანაზე შეჯახების შემდეგ იგი მომენტალურად შევიდა ეზოში, რის შემდეგაც მალევე გავიდა გარეთ, სადაც ბევრი ხალხი მოგროვებულიყო), ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგონათ შემთხვევამდე საპატრულო პოლიციის მიერ სპეციალური ხმოვანი სიგნალის ხმა ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც გაამყარებდა ზ------------–--ისა და ვ----–---------–---–ის ჩვენებებს, თუმცა ამგვარი ქმედება არ განუხორციელებიათ.
3.31. ვინაიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, საგზაო მოძრაობის დროს უპირატესობის მისაღებად ექსპერტი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით კუმულაციურად ადგენს ორ კომპონენტს (შუქურის და ხმოვანი სიგნალის ჩართვას), რომელიმე ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში, მათ კანონიერად ეკრძალებათ პრიორიტეტით სარგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევამდე საპატრულო პოლიციის ხმოვანი სიგნალის „არ გაგება“ გამოწვეული იყო მისი შესაძლო არ არსებობით, ამ დროს აზრი ეკარგება იმის დადგენას ჰქონდა თუ არა ჩართული აღნიშნულ ა/მანქანას შუქურა (ციმციმა).
3.32. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების შეფასებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი: 1. რელევანტურობის, 2. დასაშვებობის; 3. უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქმე №1/1/548, §11). მტკიცებულების უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი მონაცემები) ჭეშმარიტებას. მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება - პ---–-–---–--ის ზ------------–--ის და ვ----–---------–---–ის ჩვენება, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობა მტკიცებულებათა შეფასებისას ეხელმძღვანელა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ს------------------------------ ექსპერტიზის №0-------- დასკვნით. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე კი შეუძლებელია პირის დამნაშავედ ცნობა.
3.33. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ პროკურორის პოზიციას კ-------ი პ---–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია კ-------ი პ---–---–ის ბრალეული ქმედების შესახებ, რამაც გამოიწვია ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მოიცავს უფლებას, სასამართლო პროცესზე მოუსმინონ მხარეებს. პროცესში ჩართულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თავად, ან სათანადოდ წარმოდგენილი სამართლებრივი წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლოები ვალდებულნი არიან, სათანადოდ გამოიკვლიონ მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი ან მტკიცებულება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანი განხორციელების წინაპირობაა, ორივე მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ჰქონდეთ ინფორმაცია საქმეში არსებულ დოკუმენტებსა და მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz-Mateos v. Spain, №12952/87, 23/06/1993, §63).
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის.
5.2. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (2012 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.“
5.3. ამდენად, ზემოაღნიშნული კანონის მითითებული მუხლის თანახმად, თუ საპატრულო პოლიციის ა/მანქანა „შ----------------ს“ სურდა ესარგებლა უპირატესობით, მას უნდა ჩაერთო ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ამავე კანონით დადგენილ ცალკეულ მუხლებისგან (მაგ., „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისგან, რომელიც ითვალისწინებს სიჩქარის შეზღუდვას) გადახვევას. ასეთ შემთხვევაში სხვა ა/მანქანის მძღოლს დაეკისრებოდა ვალდებულება სპეციალური შუქ-სიგნალიზაციით მოძრავი ა/მანქანისთვის, რომელიც იძლეოდა ხმოვან მითითებებს, დაეთმო გზა. რაც შეეხება იმას, ნამდვილად მიდიოდა თუ არა ა/მანქანა „შ----------------ს“ მძღოლი გამოძახებაზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია განსაზღვროს მოძრაობის მონაწილემ აღნიშნული ფაქტი.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა კ-------ი პ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან უტყუარად არ დგინდება საპატრულო პოლიციის ა/მანქანა „შ----------------ს“ მხრიდან უპირატესობის მისაღებად განხორციელებული მოქმედებების (მაგ., სიჩქარის გადაჭარბება) დროს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტის - სპეციალური ხმოვანი სიგნალის ჩართვის ფაქტი.
5.5. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5.6. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
5.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლელულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.
5.8. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი და ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საზოგადოებრივი უშიშროების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია კ-------ი პ---–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, კ-------ი პ---–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება) წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ-------ი პ---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი