გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310018002633898
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/5870-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივნები - ანა მგელაძე, ბეჟან ნემსაძე

 

მოსარჩელე - ლ----------------

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ-------------------

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - გ-------------------

 

მესამე პირი (16.1) - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

წარმომადგენელი - კ-----------------–------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 აგვისტოს Nბ---0-------- ბრძანება (სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 7);

 

1.2 დაევალოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ----------------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ნ-----–----------------–---, 360 კმ, ს/კ #0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ (სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 8);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი ლ----------------ს სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი ლ----------------ს სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

3.2. მესამე პირს - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შესაგებელი წერილობითი ფორმით არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის განმარტებით მოსარჩელის მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან გარკვეულ მანძილზე გავრცელებულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიას, რომელზედაც კონტროლს ახორციელებს შპს ,------------–-------------------------------------------- და რომელზეც იკრძალება ნებისმიერი სახის შენობის და/ან ნაგებობის მშენებლობა. შესაბამისად მესამე პირმა განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ქ. თბილისში, დ-----–-------------–-----, 360-ე კილომეტრი, საკადასტრო კოდით: N0---------------, 2018 წლის 01 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ----------------ს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 745.00კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 01.02.2019 (ს.ფ. 22-23).

4.2. 2018 წლის 08 მაისს ლ----------------მ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა 1-ლი კლასის, 60 მ2-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე შენობის, ახალ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №3------ გადაწყვეტილებით ლ----------------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ ვინაიდან მის მიერ მოთხოვნილი ფუნქციით საპროექტო ობიექტი არ წარმოადგენს ამ ზონისთვის დასაშვებ სახეობას, პირველ რიგში საკითხი უნდა დააყენოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ოფიციალურ პორტალზე Urban.tbilisi.gov.ge-ზე შესაბამისი მოთხოვნით.

 

4.3. 2018 წლის 21 მაისს ლ----------------მ კვლავ მიმართა განცხადებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა 1-ლი კლასის, 60 მ2-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე შენობის, ახალ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №3------ გადაწყვეტილებით ლ----------------ს განემარტა, რომ ვინაიდან მის მიერ მოთხოვნილი ობიექტი არ წარმოადგენს რზ-2-ისთვის დასაშვებ სახეობას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს მისი განცხადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-30);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 51-53).

 

4.4. 2018 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული იქნა N6------------- დასკვნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ ვინაიდან საპროექტო ტერიტორია მდებარეობს „ვ-–-----------------–--ის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალის გაზსადენის შეზღუდვის არეალში, რომელიც წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც შეზღუდულია ყველა სახის შენობა-ნაგებობის განთავსება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას N0--------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის 60კვ.მ. განთავსების მიზნით, გასცეს სპეცალური (ზონალური) შეთანხმება.

 

4.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 აგვისტოს Nბ---0-------- ბრძანებით ლ----------------ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ნ-----–-------------------–------- 360 კვ.მ-ზე მდებარეს მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 აგვისტოს დასკვნა N6------------- (ს.ფ. 59-61);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 აგვისტოს Nბ---0-------- ბრძანება (ს.ფ. 62).

 

4.6. საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიის 2018 წლის 7 სექტემბრის N1--------- წერილით ლ----------------ს მისი განცხადების პასუხად, რომელიც ეხებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 0--------------- სამშენებლო სამუშაოების წარმოებას ეცნობა, რომ შპს ,------------–-------------------------------------------- წინააღმდეგია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, გარდა დაცვის მეორე ზონის გარეთ მდებარე (გაზსადენის ღერძიდან 25 მეტრი) მონაკვეთისა, აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები. ამასთან განემარტა, რომ შპს ,------------–-------------------------------------------- უფლება აქვს, უპირობოდ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრკოლებლად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, შევიდეს გაზსადენის 50 (ორმოცდაათი) მეტრიან დერეფანში, გეგმიურ-პროფილაქტიკური ან სხვა გადაუდებელი (ავარიული სიტუაცია) სამუშაოების ჩატარების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიის 2018 წლის 7 სექტემბრის N1--------- წერილი (ს.ფ. 135-136).

 

4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის N6------------ წერილით იურიდიული საქალაქო სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ს------ ბ------ეს ეცნობა, რომ N0------------ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორია (საკადასტრო კოდი: N0---------------) მდებარეობს ,,ვ-–-----------------–--ის’’ DN 700-მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის შეზღუდვის არეალში, რომელიც წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც შეზღუდულია ყველა სახის შენობა-ნაგებობის განთავსება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის N6------------ წერილი (ს.ფ. 83).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ----------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №1---- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილება, საქართველოს მთავრობის N365-ე დადგენილება მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის Nბ---0-------- ბრძანების ბათილად ცნობის საკითხის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

7.2. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა (,,თანაბარი შესაძლებლობების სივრცე’’).

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,განაშენიანების რეგულირების წესებით’’ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური(ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება ,,განაშენიანების ძირითადი დებულებებითა’’ და ,,განაშენიანების რეგულირების წესებით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №1---- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

7.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №1---- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ნ-----–-------------------–------- 360-ე კმ-ზე მდებარეს მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (სზ-2). ამასთან, ამავე წესების დანართი N1-ის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობებიდან ერთ-ერთს რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N1------ დადგენილებით დამტკიცებული წესების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესს და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე. რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. იმავე განაშენიანების რეგულირების წესების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ობიექტის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვებია, თუ დასაბუთდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება: ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის; ბ) არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოთხოვნას ნებართვის მაძიებელმა უნდა დაურთოს შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი კვლევა ამ წესების მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების ანალოგიით და შეთანხმების გაცემის მიზანშეწონილობის დასაბუთება, საჯარო და კერძო ინტერესების ჩვენებით.

 

ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კვლევის არეალი განისაზღვრება ყველა ცალკეულ შემთხვევაში ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმდებარე ტერიტორიის კვლევა მოიცავს: ა) საკვლევი ტერიტორიის აეროფოტო გადაღებას; ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას; გ) ინფორმაციას საკვლევი ტერიტორიის გამოყენების არსებულ სახეობაზე; დ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწიs ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით); nე) ინფორმაციას საკვლევი ტერიტორიის გეგმარებითი სტრუქტურის, განაშენიანების სართულიანობის (სიმაღლეების) შესახებ; ვ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტებს; ზ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს; თ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტებს; ი) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემებს, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინონ კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლო საქმიანობის მიზნით განვითარებაზე; კ) საკვლევის ტერიტორიის განვითარების საპროექტო წინადადებას;

7.4. მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის N365-ე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მაგისტრალურ მილსადენებს აქვთ დაცვის ორი ზონა, კერძოდ I ზონა და II ზონა, ასევე უსაფრთხოების III ზონა და საკონსულტაციო IV ზონა.

„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - „დაცვის I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს", ხოლო ამავე კანონქვემდებარე აქტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კი - „დაცვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრებიდან: 21 მეტრზე - მაღალი წნევის გაზსადენისათვის".

 

ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. დასაშვებია სხვა ხაზობრივი ნაგებობებით მაგისტრალური გაზსადენის გადაკვეთა. ამ ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ოპერატორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და მისი წარმომადგენლის მეთვალყურეობით. ამავე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები კი ადგენენ, რომ:

 

2. დაცვის I ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, კერძოდ: ა) ხეების დარგვა; ბ) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მაგისტრალური მილსადენის პატრულირებას და სხვა საექსპლუატაციო საქმიანობას; გ) რაიმე სახის მასალის, მათ შორის, ნაგვის ან ნარჩენების განთავსება - ნაგავსაყრელის მოწყობა; დ) ნებისმიერიდანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა; ე) ნებისმიერი ფორმით მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; ვ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულ ობიექტებზე ზემოქმედება ან მათი დაზიანება; ზ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების აგება; თ) ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა; ი) ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენისათვის ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტისათვის ზიანის მიყენება.

3. დაცვის I ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება: ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მიწის სამუშაოები; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების გამოყენება; გ) არსებული არხებისა და სადინრების გაწმენდა-გასუფთავება; დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების მოძრაობა, რომელთა წონა აღემატება 1.5 ტონას; ე) საკომუნიკაციო ან სატრანსპორტო ხაზობრივი ნაგებობის, კაბელების ან მილების დამონტაჟება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია; ვ) ღობეების დამონტაჟება; ზ) ნიადაგიდან სინჯების აღება; თ) მდინარის ნაპირების ან მიმდებარე ტერიტორიის შეცვლა ან მოშლა, ნაპირებზე ნარგავების გაჩეხვა ან ამოღება; ი) ნებისმიერი სახის ზემოქმედება მდინარის დინებაზე ან კალაპოტზე, მათ შორის, მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება.

5. დაცვის II ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, კერძოდ: ა) ნებისმიერი სახის შენობის და/ან ნაგებობის მშენებლობა; ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება; გ) ნებისმიერი სახის შედუღება, ცეცხლის დანთება ან/და ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება; დ) ადვილად აალებადი, კოროზიული ან ტოქსიკური სითხეების შენახვა ან დაღვრა; ე) ფურაჟის, სასუქის და სხვა მასალების შენახვა; ვ) მანქანების ან სხვა მოძრავი აგრეგატების გასაჩერებლად სადგომების მოწყობა; ზ) დაღვრილი ნავთობის შეგროვების და გავრცელების შეკავების მიზნით მოწყობილი საცავების, არხების ან თხრილების შეცვლა ან დაზიანება; თ) მაგისტრალური მილსადენის დამცავი ნაგებობების შეცვლა ან დაზიანება ი) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზონის დატბორვა; კ) იმ სახეობის ნარგავების დარგვა, რომლებიც არ არის ნებადართული ამ წესის დანართში მოცემული ნარგავების განთავსების სქემით.

6. დაცვის II ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა; ბ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების გაყვანა; გ) მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; დ) ნებისმიერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოთი (ს.ფ. 132), რომელზეც დატანილია ,,ვ-–-----------------–--ის“ DN 700-მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი და დაცვითი ზონები, დასტურდება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი (საპროექტო ტერიტორია) მოქცეულია დაცვის I და II ზონაში (დიდი ნაწილი I ზონაშია), რაც სასამართლოს მოსაზრებით გამორიცხავს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 2018 წლის 14 აგვისტოს №ბ---0-------- ბრძანების, მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მისი ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე - ლ----------------, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ----------------ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ---------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი