გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310018002370902
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/1873-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,დ----“

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ს--–--------–--ე

 

დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულების დადების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შპს ,,დ----სთან’’ იჯარის ხელშეკრულების დადება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისში, უ-–-------ს ქ. №-2-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №7-----------, 2000 წლის 21 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4975.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 7--1--1--1--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №-).

 

3.1.2. ქ. თბილისში, უ-–-------ს ქ. №-2-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №7-----------, 2015 წლის 04 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,დ----ს’’ სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3256.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 7--1--1--1--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №-, №3, №4, №5, №6).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 03.02.2016 (ს.ფ. 58-59);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 01.12.2015 (ს.ფ. 21-22).

 

3.1.3. 2017 წლის 13 აპრილს, შპს ,,დ----ს’’ დირექტორმა ნი--- ბ----–---მა №4------ განცხადებით, ხოლო 2017 წლის 27 აპრილს №3------- დაზუსტებული განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,დ----ს’’ დირექტორის ნ---- ბ----–---ის 2017 წლის 13 აპრილის №4------ განცხადება (ს.ფ. 51-52);

- შპს ,,დ----ს’’ დირექტორის ნ---- ბ----–---ის 2017 წლის 27 აპრილის №3------- დაზუსტებული განცხადება (ს.ფ. 57).

 

3.1.4. 2017 წლის 25 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №6------ წერილით მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სთხოვა შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინა საკუთარი პოზიცია ქ. თბილისში, უ-–-------ს ქ. №-2-ში მდებარე 4975.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით: №7-----------) იჯარის უფლებით გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.

 

3.1.5. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 28 აპრილის №--------- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა: ,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის: ზაჰესი-ნატახტარის და ზუმათელეთი-ნახშირღელეს მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის, საზღვარი) საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიის საზღვარი) საავტომობილო გზის და თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგანაც რეკონსტრუქცია-მოდენიზაციის სამუშაოების დასრულებამდე შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწის გამოსყიდვა და ახლად განთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების მოყოფასთან იქნება დაკავშირებული’’.

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №6------ წერილით შპს ,,დ----ს’’ ეცნობა, რომ სააგენტოში შესული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 28 აპრილის №--------- წერილის გათვალისწინებით, სააგენტოს, იმ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შპს ,,დ----ს’’ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №6------ წერილი (ს.ფ. 62);

- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 28 აპრილის №--------- წერილი (ს.ფ. 63-64);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №6------ წერილი (ს.ფ. 65).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,დ----ს’’ მიერ აღძრული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის შპს ,,დ----სთან“ იჯარის ხელშეკრულების დადების დავალება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ - ქონების სააგენტო). ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ იჯარის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემას წინ უსწრებს ბრძანების გამოცემა მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ აუქციონის ჩატარების თაობაზე, აუქციონის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა და მხოლოდ ამ სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ არის შესაძლებელი ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ პირთან. აუქციონის გვერდის ავლით ქონების სარგებლობაში გადაცემა კი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამდენად, დაუშვებელია შესაბამისი პროცედურების ჩატარების გარეშე (ბრძანების გამოცემის, აუქციონის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე) იჯარის ხელშეკრულების დადება ნებისმიერ პირთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აპრილს, შპს ,,დ----ს’’ დირექტორმა ნ---- ბ----–---მა №4------ განცხადებით, ხოლო 2017 წლის 27 აპრილს №3------- დაზუსტებული განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 25 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №6------ წერილით მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სთხოვა შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინა საკუთარი პოზიცია ქ. თბილისში, უ-–-------ს ქ. №-2-ში მდებარე 4975.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით: №7-----------) იჯარის უფლებით გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელის 2017 წლის 28 აპრილის №--------- წერილით კი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა: ,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის: ზაჰესი-ნატახტარის და ზუმათელეთი-ნახშირღელეს მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის, საზღვარი) საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიის საზღვარი) საავტომობილო გზის და თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგანაც რეკონსტრუქცია-მოდენიზაციის სამუშაოების დასრულებამდე შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწის გამოსყიდვა და ახლად განთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების მოყოფასთან იქნება დაკავშირებული’’.

 

შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №6------ წერილით შპს ,,დ----ს“ ეცნობა, რომ სააგენტოში შესული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 28 აპრილის №--------- წერილის გათვალისწინებით, სააგენტოს, იმ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შპს ,,დ----ს’’ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრების იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ქონების მმართველის დისკრეციულ უფლებამოსილებას და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განმკარგველ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამავე კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უძრავი ნივთის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით, ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს, როგორც კერძო პირთა უფლებების, ასევე საერთო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება იჯარის უფლებით გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის შპს ,,დ----სთან’’ იჯარის ხელშეკრულების დადების დავალებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,დ----ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,დ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი