განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
010100119002794193
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002794193

საქმე N1-2/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29.01. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------------–--ლი

 

ბრალდებული: გუ----------ძე

მამის სახელი: მე--–----ი

დაბადებული: 1--02.1954 წელი

პირადი ნომერი: 6---------6

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, შ. ხი-–--–---–------------------.

 

ადვოკატი - ჯი-–------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171071218016

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 07 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. ბათუმში, შე---------–--–---–-------------–---------------------ში ყოფნისას გუ----------ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვნების ნი---------------------ის თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნა------–-----------ეს ყელში ხელების მოჭერით, ფეხებზე დარტყმებითა და თმებში მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.1. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (არსებითი სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა გუ----------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს, არასრულწლოვნების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნა------–-----------ეს, მოინანია ჩადენილი ქმედება; (იხ ოქმი);

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.6. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ გუ----------ძე არის ქორწინებაში ნა------–-----------ესთან.

 

2.7. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ნა------–-----------ის, იუ------------------------------------------------------–---------–---–----------–---–--–-ძის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გუ----------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გუ----------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გუ----------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა არასრულწლოვნების თანდასწრებით;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გუ----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის ასაკს, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, ისინი აგრძელებენ თანაცხოვრებას;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო ჩადენილი დანაშაულის და ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება მოხდეს საზოგადოებისაგან, ზემოთმითითებული დადგენილი გარემოებების და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გახდება პრენვენციული დანიშნულების და შესაბამისობაში იქნება, როგორც ბრალდებულის პიროვნებასთან, ისე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სახესთან;

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გუ----------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ცხოვრობს მეუღლესთან ერთად - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გუ----------ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთმტკიცების საკითხი

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, გუ----------ძის ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე , 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გუ----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორასოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 61-62-ე მუხლების შესაბამისად გუ----------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 07 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 20 საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ გუ----------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - რა----------ძეს (პ/ნ 6---------1) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (დასტურის №ა 0-----).

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, გუ----------ძის ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე