გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
010210018002241801
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002241801

№2/21-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

მოსარჩელე - და--თ ჯა-------ე

წარმომადგენელი- თინა იმ---ე, ჯუ---რ ქა-------–-–---–ი

მოპასუხე- სს „ბ--------კი“

წარმომადგენელი- თი-----ნ ნა----–--ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ნოტარიუსის მიერ, 2017 წლის 21 ნოემბერს გაცემული N171408654, N171363357, N171362111 და N171363559 საღსრულებო ფურცლების გაუქმება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, სხდომის ოქმი 18/06/18წ.).

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 19 თებერვალს, სს „ბ--------კსა“ და და--თ ჯა-------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. 2017 წლის 20 მარტს, გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, ხოლო ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკის ხელშეკრულებებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ სესხს იხდიდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, თუმცა, ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებების გამო, ბოლო ორი თვის მანძილზე ვერ შეძლო დადგენილი გრაფიკით ვალდებულების შესრულება, რის გამოც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბანკთან. ბოლო შეთანხმება კრედიტორთან ჰქონდა 2017 წლის 20 ნოემბერს, რასაც წინ უსწრებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბანკის მიერ სარჩელის შეტანა, რომელიც გამოხმობილი იქნა ბანკის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს და სარჩელი დარჩა განუხილველი. აღნიშნულის მიუხედავად, 2017 წლის 21 ნოემბერს, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლების გაცემის მოთხოვნით.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 9.1, 9.4.1 და 11.1 პუნქტებით დადგენილი პირობები. წინასწარ არ შეატყობინა ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ და არათანაბარ პირობებში ჩააყენა. და--თ ჯა-------ე მიუთითებს, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს მის მიერ განხორციელდა სესხის ნაწილობრივი დაფარვა, სწორედ, ამის შემდეგ შეთანხმდნენ მხარეები სარჩელის გამოხმობაზე და ვალის ნაწილ-ნაწილ დაფარვაზე. სააღსრულებო ფურცლების აღებით, მოპასუხემ დაარღვია მოცემული შეთანხმება. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო სააღსრულებო ფურცლები უნდა გაუქმდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მხარის წარმომადგენლის პოზიციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელის გამოხმობა განპირობებული იყო არა მხარეთა შეთანხმებით, არამედ დავის საგნის არარსებობის გამო. 2016 წელს ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და--თ ჯა-------ის, შპს „DVD_ROM GROUP”-ის და შპს „like“-ის მიმართ, 2013 წლის 17 მაისის გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო. 2017 წლის 19 თებერვალს, ბანკმა მოახდინა ახალი გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების დადების გზით, ძველი ვალდებულებების რესტრუქტურიზება და მხარეთა შორის წარმოიშვა ახალი საკრედიტო ურთიერთობები. იმის გამო, რომ აღარ არსებობდა დავის საფუძველი, სს „ბ--------კმა“ გამოიხმო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელის გამოხმობა მოხდა, არა 2017 წლის 19 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების, არამედ კონკრეტულ სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო.

 

მოპასუხის პოზიციით, სააღსრულებო ფურცლების გაცემა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მსესხებლის მხრიდან სისტემატურად ირღვეოდა სესხის გრაფიკით დაფარვის ვალდებულება, რის გამოც არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, თუმცა, ბანკისათვის ცნობილ მისამართზე შეტყობინებები ვერ ჩაბარდა. მოპასუხის მიერ გამოყენებული იქნა, ასევე, კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებლის მიერ მოვალისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ვადამოსული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, ბანკი დაკარგავდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. აღნიშნულის მიუხედავად, მსესხებლის მიერ ეს შესაძლებლობაც არ იქნა გამოყენებული.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და კანონიერად მოითხოვა სააღსრულებო ფურცლების გაცემა. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 19 თებერვალს, ერთის მხრივ სს „ბ--------კს“ და მეორეს მხრივ და--თ ჯა-------ეს, შპს „DVD_ROM GROUP”-ს და შპს „like“-ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ. ხელშეკრულება განსაზღვრავდა იმ საკრედიტო პროდუქტების საბაზისო პირობებს, რომლებითაც კლიენტებს შეეძლოთ ესარგებლად, როგორც სოლიდარულ მოვალეებს ერთად ან ინდივიდუალურად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 წლით, ხოლო ვალდებულების ზღვრული ოდენობა 800 000 აშშ დოლარით.

 

გენერალური ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-ვალდებულებების ძირითადი პირობები, რომლის თანახმად: კლიენტი ვალდებულია დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის დაცვით (მუხლი 3.8); დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება, ავტომატურად გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, რაც წარმოშობს ბანკის უფლებას, უარი უთხრას კლიენტს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებაზე, შეაჩეროს დაწყებული მომსახურება, მოითხოვოს ყველა ან რამოდენიმე საკრედიტო პროდუქტის დაუყოვნებლივ, ვადამდე დაფარვა და გამოიყენოს წინამდებარე და დანართი ხელშეკრულებებით მისთვის მინიჭებული უფლებები (მუხლი 3.21); კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით და დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებების გამოყენების რიგითობა, გამოიყენოს კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და 5.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებით (უზრუნველყოფა) გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოახდინოს მიქცევა კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებაზე (მუხლი 5.3); კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 9.4 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ან ყველა დანართი ხელშეკრულება, კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მათ ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ, ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მუხლი 9.1); 9.1 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ბანკი თავისუფლდება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (მუხლი 9.2); თუ კლიენტი გადააცილებს დანართი ხელშეკრულების გრაფიკით/ხელშეკრულებით დადგენილ ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადას, ან ამ ვადისათვის, არასრულად დაფარავს შენატანს მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევას-არ დაფარავს დავალიანებას (კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის გრაფიკით გათვალისწინებულ ულუფას, მასზე დარიცხულ სხვა გადასახდელებლთან ერთად) მეორე ვადაგადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე/დანართი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა (მუხლი 9.4,1).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური ხელშეკრულება N34.0321166.001 (ს.ფ. 16-24)

 

3.1.2. 2017 წლის 20 მარტს, გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბა---------ა“ და და--თ ჯა-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 20/03/17 წ-დან 05/04/27 წ-მდე პერიოდით, სარგებელი -0.83%-ით თვეში (წლიური 10%), სესხის აღების მიზანი-რესტრუქტურიზაცია. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გადაეხადა ხელშეკრულების დანართის მიხედვით.

 

საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 მუხლის საფუძველზე, 6.3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოეთხოვა მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრული გადახდა. 6.2 მუხლით მსესხებელი ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დაებრუნებინა კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლო/საკომისიოსთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ამავე ხელშეკრულების 6.3.1 მუხლით ბანკს შეეძლო ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა თუ: წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადახდილი არ იქნებოდა კრედიტის ძირი თანხის გრაფიკით განსაზღვრული ნაწილი და/ან მასზე დარიცხული სარგებელი და აღნიშნული ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27)

 

3.1.3. 2017 წლის 20 თებერვალს, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები: 1. შპს „DVD_ROM GROUP“-თან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 05.35.23.017; 2. და--თ ჯა-------ესთან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 05.23.22.010.02.514; 3. ალ--ა ჯა-------ესთან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 05.23.21.010.01.062; 4. ას-–-ნ ბა-----------ან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 05.23.21.009.01.049.

 

აღნიშნული ხელშეკრულებების 4.2.2. მუხლით იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით, როგორც ვადადამდგარი ვალდებულების აღსასრულებლად, ისე ვადადაუმდგარი მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილებისათვის, თუ კლიენტი დაარღვევს გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და იპოთეკარს წარმოეშვება მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილების მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 28-39)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტილათვის მნიშვნელოვანია.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის საკრედიტო ხელშეკრულებებით დარიცხული ვალდებულების ოდენობას და ვალდებულების დარღვევის ფაქტს. დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება და შესაბამისად, სანოტარო წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლების კანონიერება. ამ თვალსაზრისით მოსარჩელე უთითებს რამდენიმე სადავო ფაქტობრივ გარემოებაზე.

 

მოსარჩელის პოზიციით, საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, მხარეებს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რის გამოც, 2017 წლის 15 ნოემბერს, სს „ბაზის ბანკმა“ გამოიხმო მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოპასუხეების და--თ ჯა-------ის, ალ--ა ბაკურაძის, რომან ზაქარაძის, შპს „N GROUP” -ის, შპს „DVD GROUP“-ის და შპს „DVD_ROM GROUP“-ის, მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის შესაგებელსა და ახსნა-განმარტებაში მითითებულ პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს „ბ--------კის“ მიერ 2016 წელს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არ ეხებოდა 2017 წლის 19 თებერვალს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრებასა და ამავე კრედიტის ფარგლებში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას. აღნიშნული სარჩელით მოთხოვნილი იქნა მხარეებს შორის 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხისა და ამავე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, მხარეებს შორის, გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, დავის საგნის არარსებობის გამო გამოთხოვილი იქნა სასამართლოდან. ამდენად, 2016 წელს შეტანილი სარჩელის გამოხმობის ფაქტი არავითარ კავშირში არ არის 2017 წლის 19 თებერვალს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება (ს.ფ.31-34)

-გენერალური ხელშეკრულება 17/05/2013წ (ს.ფ. 88-90)

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 91-93)

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ სისტემატურად ირღვეოდა კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია სესხის გადახდის გრაფიკები, რომლის თანახმად, სესხის გაცემისთანავე მოსარჩელის მიერ დაირღვა სესეხის გადახდის ვალდებულება და ვალდებულების შეუსრულებლობა შემდგომშიც გაგრძელდა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია, რაც დააფიქსირა ახსნა-განმარტებაში. იგი სადავოდ არ ხდის არც დარიცხული სარგებლის ან პირგასამტეხლოს ოდენობას. მოსარჩელემ სადავოდ გახადა, ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლების გაცემის მართლზომიერება, რასაც სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-სესხის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 209-212)

 

3.2.3. 2017 წლის 16 ნოემბერს, სს „ბ--------კმა“ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს საარსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. განცხადების საფუძველზე 2017 წლის 21 ნოემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლები N171408654, N171363357, N171362111 და N171363559.

 

მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სააღსრულებო ფურცლებში მითითებულ ვალდებულების ოდენობას ან ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამდენად, მოცემულ დავაში აღნიშნული საკითხი ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. მოსარჩელე უთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ არ მიუღია შეტყობინება საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მხარე მიიჩნევს, რომ ბანკს შეტყობინების გაგზავნამდე ხელშეკრულება არ უნდა შეეწყვიტა, ამით დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურა, ვინაიდან, არ მიეცა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა საკრედიტო ურთიერთობა გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობა 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაიწყო აღსრულების პროცესი და მოსარჩელეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ. 152-208)

-უკუგზავნილი (ს.ფ. 216)

-სააღსრულებო წარმოება, წინადადება აღსრულების შესახებ (ს.ფ. 19-27, 45-46)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, უდავო და დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“

-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.

 

მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2017 წლის 19 თებერვალს სს „ბაზის ბანკს“ და მეორეს მხრივ და--თ ჯა-------ეს, შპს „DVD_ROM GROUP”-ის და შპს „like“-ის შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია არა მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ, არამედ კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების შესახებ, პროცედურული დარღვევის საფუძვლით. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არის არა ვალდებულებიდან განთავისუფლება, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მან დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის გადახდის გრაფიკი და დღემდე ვალდებულება არ შეუსრულებია. ასევე, არ შეცილებია იმ გარემოებას, რომ დარღვევას ჰქონდა სისტემატური და არაერთჯერადი ხასიათი, რაც მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტაზე წინასწარი შეტყობინების არარსებობას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა გენერალური ხელშეკრულების 9.1 და 9.4.1 მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით მოხდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მითითებული მუხლები სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლთან ერთობლიობაში განსაზღვრავს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. გენერალური ხელშეკრულების 9.1. მუხლით კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 9.4. პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ან ყველა დანართი ხელშეკრულება, კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მათ ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ, ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო 9.4.1. მუხლით თუ კლიენტი გადააცილებს დანართი ხელშეკრულების გრაფიკიტ/ხელშეკრულებით დადგენილ ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადას, ან ამ ვადისათვის, არასრულად დაფარავს შენატანს მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევას-არ დაფარავს დავალიანებას (კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის გრაფიკით გათვალისწინებულ ულუფას, მასზე დარიცხულ სხვა გადასახდელებლთან ერთად) მეორე ვადაგადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე/დანართი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. იგივე შინაარსისაა საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 მუხლი, რომლის თანახმად, ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში (ვალდებულების დარღვევა) ბანკი უფლებამოსილია შეეწყვიტოს ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოითხოვოს მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრული გადახდა. 6.2 მუხლით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლო/საკომისიოსთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მიერ აღნიშნული მუხლების სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ არც სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით და არც ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლებით ხელშეკრულების მართლზომიერი შეწყვეტის სავალდებულო პირობად მითითებული არ არის მხარისათვის წინასწარი შეტყობინება, ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ. ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს არა წინასწარი შეტყობინების, არამედ სათანადო პირობების არსებობისას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინების ვალდებულება. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სათანადო პირობები ანუ ვალდებულების დარღვევა სახეზეა და მოსარჩელის მიერ ეს გარემოება შეცილებული არ ყოფილა.

 

სამართლის დოქტრინაში დადგენილი შეხედულებით, ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი მხარის ნების გამოვლენის არსებობა, ხოლო სამართლებრივი შედეგი დგება იმის მიუხედავად არსებობს თუ არა შეწყვეტილი გარიგების მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი გარიგებით მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის მესამე პირის თანხმობა აუცილებელი არ არის, მაგრამ მან, სულ ცოტა, უნდა შეიტყოს უფლებამოსილი პირის განზრახვის შესახებ. ამიტომ ასეთი გარიგებები ნამდვილია ადრესატისათვის ნების გამოვლენის მისვლის მომენტიდან“ (ლ. ჭანტურია სამოქალაქო კოდექსის კომენტარი). ამდენად, მნიშვნელოვანია არა ის, მოხდა თუ არა წინასწარი შეტყობინება ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, არამედ ის მიუვიდა თუ არა მოსარჩელეს კრედიტორი ცალმხრივი ნების გამოვლენა ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

 

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ ბანკის მიერ მოვალისათვის გაგზავნილი იქნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატს ადგილზე არყოფნის გამო. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეტყობინებას უთანაბრდება სააღსრულებო წარმოების დაწყება, რომლის საფუძველზეც მხარეს მიუვიდა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სააღსრულებო ფურცლების გაუქმების მართლზომიერი საფუძველი.

 

6.3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მოწმდება შემდეგი ფაქტობრივი წინამძღვრების არსებობა: 1) სახეზე უნდა იყოს ვადამოსული მოთხოვნა, 2) უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, 3) სანოტარო აქტში წერილობით უნდა იყოს განმარტებული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგები, 4) არ უნდა იყოს გასული ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეს სადავოდ არ გაუხდია ვადამოსული მოთხოვნის არსებობა; მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილია მხარეთა ნება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე; სანოტარო აქტი შეიცავს განმარტებას სააღსრულებო ფურცლის სამართლებრუივი შედეგების შესახებ და შეცილებული არა ხანდაზმულობის ვადა.

აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის და 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. და--თ ჯა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (საქმე N429-უზრ/2017) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2017 წლის 21 ნოემბერს ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის მიერ გამოწერილი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N171362111) სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსრულება (სააღსრულებო საქმე N17134332).

 

4. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2017 წლის 21 ნოემბერს ნოტარიუს ხათუნა კ--–--------–---–-- მიერ გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N171363357) სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსრულება (სააღსრულებო საქმე NA 17134331 კრედიტორი სს ბ--------კი ს/კ 203841833); შეჩერდა 2017 წლის 21 ნოემბერს ნოტარიუს ხათუნა კ--–--------–---–-- მიერ გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N171363559) სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსრულება (სააღსრულებო საქმე N A171334333 კრედიტორი სს "ბ--------კი" ს/კ 203841833).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე