გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2592958-2/653-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - მუ------–--–--ე
წარმომადგენელი - ვა-–----------–-----ნი
მოპასუხე - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
წარმომადგენელი - ან----–--------ია, თა--------------ია
დავის საგანი: სამსახურიდან გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის N1----კ ბრძანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის მუ------–--–--ის ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 8 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ შრომითი ურთიერთობის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ მუ------–--–--ის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება და უზენაესმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა „ბათილად იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2016 წლის 1 დეკემბრის 1474/კ ბრძანება და მუ------–--–--ე დადგენილ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება“. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების გამოტანისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 14 ივნისის ას-499-499-2018 საქმე 120210017001973588 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბრძანება 1538/კ საფუძველზე, მუ------–--–--ე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. აღნიშნულ „სამსახურში აღდგენა“ გაგრძელდა 24 საათის მანძილზე, 18 ივლისის ბრძანება 1----კ-ს საფუძველზე მუ------–--–--ე გადაყვანილ იქნა 3 რანგით დაბალ თანამდებობაზე, ისე რომ 18 ივლისის 1----კ ბრძანება არ გაუქმებულა და მოსარჩელე მუ------–--–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ მიუთითებია, ისევე როგორც ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი არათუ არ მიუთითა, არამედ გაურკვეველი გახადა ის საკანონმდებლო წყარო რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა; ამდენად, ფორმალობა, რომელიც სატყეო სააგენტომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნით შეასრულა, ემსახურებოდა არა დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენას, არამედ მუ------–--–--ისადმი ანგარიშსწორებასა და უკანონო დევნას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის (საქმე Nას-499-499-2018) გადაწყვეტილების შესაბამისად ნამდვილად დაკმაყოფილდა მუ------–--–--ის საკასაციო საჩივარი და ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2016 წლის 1 დეკემბრის N1474/კ ბრძანება, თუმცა ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები განიხილება დავის საგანთან მიმართებით, რასაც წარმოადგენს „სამუშაოდ გათავისუფლებისა და სხვა სამუშაოზე გადაყვანის ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა:, დამატებით აღნიშნავს რომ უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით მთლიანად გაზიარებული იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებები და აღინიშნა რომ სააგენტოს შეეძლო გამოეყენებინა უფრო მსუბუქი სანქცია, ვიდრე სამსახურიდან გათავისუფლება შესაბამისად, სააგენტოს არ განუხორციელებია კანონსაწინააღმდეგო ქმედება მუ------–--–--ის სატყეო უბნის პოზიციაზე გადაყვანით.
საქართველოს უზენაესი სასმართლოს 2018 წლის 8 ივნისის (საქმე ას-499-499-2018)გადაწყვეტილების შესაბამისად მუ------–--–--ე აღდგენილ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. სააგენტომ აღასრულა უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 ივლისისN1538/კ ბრძანებით მუ------–--–--ე აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე.
უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებები. სასამართლომ შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები მიიჩნია დადასტურებულად, თუმცა აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მოცემულ შემთხვევაში იყო უკიდურესი ზომა და სააგენტოს უნდა გაეტარებინა უფრო მსუბუქი დისციპლინური ღონისძიება. ვინაიდან, სააგენტოს შინაგანაწესის შესაბამისად დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა წარმოადგენს ერთერთ დისციპლინურ სახდელს, სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის N1----კ ბრძანებით, მოხდა მუ------–--–--ის გადაყვანა ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მუ------–--–--ე 01.07.2016 წლიდან დაინიშნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მას 2016 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღევევის სამართლებრივი საფუძვლით, აგრეთვე, ბრძანებას საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტისუფროსის 2016 წლის 04 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 04 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.06.2018წ Nას-499-499-2018 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 19);
3.1.2. მუ------–--–--ემ სარჩელი აღძრა სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. 2018 წლის 8 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ შრომითი ურთიერთობის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების გამოტანისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.06.2018წ Nას-499-499-2018 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 19);
3.1.3. 2018 წლის 14 ივნისის ას-499-499-2018 საქმეზე N120210017001973588 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის N1538/კ ბრძანების საფუძველზე, მუ------–--–--ე აღდგენილ იქნა სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის 17 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 16.07.2018 წ. N1538/კ ბრძანება (იხ.ს.ფ. 30);
3.1.4. 2018 წლის 18 ივლისს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის N1----კ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსი მუ------–--–--ე გადაყვანილ იქნა ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 18.07.2018 წ. N1----კ ბრძანება (იხ.ს.ფ. 31);
3.1.5. 2018 წლის 18 ივლისს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის N1----კ ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 ნოემბრის N323 დასკვნა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 ივლისის N13928/05 მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 18.07.2018 წ. N1----კ ბრძანება (იხ.ს.ფ. 31);
3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 ივლისის N13928/05 მოხსენებითი ბარათში შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებს, რომელთა თანახმად „მუ------–--–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპეტენციის ფარგლების გაცდენას, მისი ქმედებით დაირღვა მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები. სასამართლოს არ უარყვია და დადასტურებულად მიიჩნია დასკვნა მუ------–--–--ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შესახებ რაც ქმნიდა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 ივლისის N13928/05 მოხსენებითი ბარათი. (იხ.ს.ფ. 32-33);
3.1.7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N317/ს შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესი (იხ.ს.ფ. 76);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მუ------–--–--ის გადაყვანა ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოადგენს უკიდურესი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას და უთანაბრდება სამსახურიდან განთავისუფლებას იგივე დარღვევის გამო, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაში დადგენილ იქნა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 8 ივნისს გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „გამოვლენილ დარღვევთან დაკავშირებით დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სააგენტოს განეხილა დასაქმებულის მიმართ დადგენილი წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკითხი. დასკვნაში მიცემული რეკომენდაციის შესასრულებლად კი, სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა დაწერა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით მან მიიჩნია, რომ მომხდარი ფაქტის და დასაქმებულის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, სახეზე იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ქვეპუნქტით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია დასაქმებულის მიმართ სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ ყოფილიყო გამოყენებული. მით უფრო, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის შინაგანაწესი ითვალისწინებდა სხვა სახის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც როგორიცაა, „შენიშვნა“/„სიტყვიერი გაფრთხილება“; „წერილობითი გაფრთხილება“; „საყვედურის გამოცხადება“; „სასტიკი საყვედურის გამოცხადება“; „თანამდებობიდან დაქვეითება“ დასხვ. მართალია აღნიშნული შინაგანაწესის მიხედვით სააგენტო შეუზღუდავი იყო არათანმიმდევრული პრინციპით გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და თვითონ გადაეწყვიტა რა ვითარებაში, რომელ კონკრეტულ ზომას მიმართავდა, თუმცა, მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, სააგენტოს ხელმძღვანელი შეუზღუდავი არ არის და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 30-ე მუხ.), ხოლო დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით, რაც დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობაში ვლინდება.
ამდენად, დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულ დარღვევაზე რეაგირების მოხდენა სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, რა დროსაც, სააგენტოს უნდა დაეცვა ზომიერი ბალანსი დასაქმებულის მიერ განხორციელებულ დარღვევასა და გამოყენებულ დისციპლინარულ ღონისძიებას შორის“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.06.2018წ Nას-499-499-2018 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 19);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს წარმოადგენს „---- საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა)...“ ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
დადგენილია, რომ მუ------–--–--ე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომელიც გადაყვანილ იქნა ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. შესაბამისად მასზე ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
ამავე კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივლისს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის N1----კ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსი მუ------–--–--ე გადაყვანილ იქნა ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 ნოემბრის N323 დასკვნა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 ივლისის N13928/05 მოხსენებითი ბარათი, სადაც შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებს, რომელთა თანახმად „მუ------–--–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპეტენციის ფარგლების გაცდენას, მისი ქმედებით დაირღვა მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები. სასამართლოს არ უარყვია და დადასტურებულად მიიჩნია დასკვნა მუ------–--–--ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შესახებ რაც ქმნიდა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველს“.
შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენა დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა, რაც ფაქტიურად უთანაბრდება საჯარო სამსახურის კანონით გათვალიწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესს ზომას სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მუ------–--–--ე სასამართლოს მიერ აღდგენილ თანამდებობაზე აღარ დარჩა სამუშაოდ. რაზეც უზენასმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საკასაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია დასაქმებულის მიმართ სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ ყოფილიყო გამოყენებული. მით უფრო, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის შინაგანაწესი ითვალისწინებდა სხვა სახის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც როგორიცაა, „შენიშვნა“/„სიტყვიერი გაფრთხილება“; „წერილობითი გაფრთხილება“; „საყვედურის გამოცხადება“; „სასტიკი საყვედურის გამოცხადება“; „თანამდებობიდან დაქვეითება“ დასხვ. მართალია აღნიშნული შინაგანაწესის მიხედვით კომპანია შეუზღუდავი იყო არათანმიმდევრული პრინციპით გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და თვითონ გადაეწყვიტა რა ვითარებაში, რომელ კონკრეტულ ზომას მიმართავდა, თუმცა, მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, კომპანიის ხელმძღვანელი შეუზღუდავი არ არის და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 30-ე მუხ.), ხოლო დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით, რაც დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობაში ვლინდება. ამდენად, დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულ დარღვევაზე რეაგირების მოხდენა სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, რა დროსაც, სააგენტოს უნდა დაეცვა ზომიერი ბალანსი დასაქმებულის მიერ განხორციელებულ დარღვევასა და გამოყენებულ დისციპლინარულ ღონისძიებას შორის“.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
,,ევროპის სოციალური ქარტიის" პირველი ნაწილის მეორე პუნქტის თანახმად, ხელმომწერი მხარეები აღიარებენ საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც ასევე წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე დაწესებულების შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათქმაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას. ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები.
საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებული სააგენტოში მუშაობის პერიოდში ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. იმავდროულად, დადგენილია, რომ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევას მანამდე არასდროს ჰქონია ადგილი. ... დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულ დარღვევაზე რეაგირების მოხდენა სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, რა დროსაც სააგენტოს უნდა დაეცვა ზომიერი ბალანსი დასაქმებული მიერ განხორციელებულ დარღვევასა და გამოყენებულ დისციპლინარულ ღონისძიებას შორის.“
დადგენილია, რომ მუ------–--–--ის მხრიდან სხვა რაიმე გადაცდომას მისი აღდგენის შემდგომ კვლავ არ ჰქონია ადგილი, მის მიმართ პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველს წარმოადგენდა ის დარღვევა, რაზეც საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ აღნიშნული დარღვევის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იყო არათანაზომიერი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა, რაც ფაქტიურად სასამართლოს მიერ აღდგენილ თანამდებობიდან განთავისუფლებას წარმოადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება არ უნდა გახდეს სადამსჯელო ხასიათის მატარებელი, არამედ იგი გონივრული და რაციონალური განსჯის შედეგად უნდა შეეფარდოს სამსახურებრივი მოვალეობის დამრღვევ პირს, რომლის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოუყენებლობით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამსახურებრივი წესრიგი/დისციპლინა.
შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის N1----კ ბრძანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის მუ------–--–--ის ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
რაც შეეხება დაუყონებლივ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ამ პუნქტის მოქმედება შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე/საკონსტიტუციო სასამართლოს 2.11.2015 N1/6/675 საოქმო ჩანაწერი).
ამავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება, კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველზე მითითება, ავტომატურად რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროვებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს. ამგვარი მიდგომა, გარკვეულწილად, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსპობს პირის ინსტანციური (აპელაცია/კასაცია) დავის ინტერესს და უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის პირობებში არ არის წარმოჩენილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მოსარჩელისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად აღნიშნული კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
აღნიშნულიდან გამომდინარე რადგან ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეებს არ ეკისრებათ მისი გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მუ------–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის N1----კ ბრძანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს სა-–------------ის სატყეო სამსახურის უფროსის მუ------–--–--ის ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
3. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე