გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/24-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - თე--------- ნა-------–---–-
წარმომადგენელი - სუ-–--- ხმ--–---
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლე--- ბა--------–---
მესამე პირი (ასკ 16.1.) - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - თე---- მღ-----–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 1------------- №---- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-ს სასარგებლოდ, მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, 2018 წლის იანვრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებამდე, ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
2.2. მესამე პირმა - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- 2008 წლის ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონში.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილმა წარმომადგენლის მეშვეობით 2017 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
2017 წლის 1--------------- მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1--- წლის 8----------- დაიბადა ა---–-----–-, 1--- წელს იქორწინა ა---–-----–-, 1--- და 1--- წლებში შეეძინა შვილები ქ. თბილისში, 2--- წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში ს-----------------–----------------–-- მისი მეუღლე 1--- წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბ--–---------–---–-----–-- მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–-, რომელიც ომის გამო, იძულებით დატოვა 2----–-–----------------.
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიულმა ორგანომ, 2013 წლის 1--------–- მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილზე გასცა ცნობა, სადაც აღნიშნა, რომ იგი 2008 წლის ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- მუდმივი მაცხოვრებელი.
ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8----–---- დასკვნით, მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- ხშირად ჩადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------–- და ეწეოდა მეურნეობას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2017 წლის 2--------------- წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- მუდმივი მაცხოვრებელი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 2-------------- ცნობით, მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- მუდმივი მაცხოვრებელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2017 წლის 1-------------- წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- 2008 წლამდე არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჭ---–---------------–---------–-.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ. 141);
- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 1-------------- გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 151-154);
- ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8----–---- დასკვნა (ს.ფ. 19);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 1--------–-- ცნობა (ს.ფ. 143);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2-------------- ცნობა (ს.ფ. 139);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 2-------------- ცნობა (ს.ფ. 143);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 6-------------ს ცნობა (ს.ფ. 155);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. წარმოების განმავლობაში მიღებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მოამზადა დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 1------------- №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 156-158);
- „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 1------------- №---- ბრძანება (ს.ფ. 138);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თე--------- ნა-------–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 1------------- №---- ბრძანებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - თე--------- ნა-------–---–-ს მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური (ოჯახური) კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩე---ით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1--------------- მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1--- წლის 8----------- დაიბადა ა---–-----–-, 1--- წელს იქორწინა ა---–-----–-, 1--- და 1--- წლებში შეეძინა შვილები ქ. თბილისში, 2--- წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში ს-----------------–----------------–-- მისი მეუღლე 1--- წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბ--–---------–---–-----–-- მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–-, რომელიც ომის გამო, იძულებით დატოვა 2----–-–----------------.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-ს ოჯახი სადავო პერიოდში ცხოვრობდა ქ. თბილისში, მისი შვილები 1--- და 1--- წლებში დაიბადნენ ქ. თბილისში, 2--- წლიდან დღემდე იგი მუშაობს ქ. თბილისში, ს-----------------–----------------–-- მისი მეუღლე 1--- წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბ--–---------–---–-----–-- მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, ოჯახის ერთიანობის ზოგადი წესიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- მუდმივად ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–- ცხოვრობდა ოჯახისაგან მუდმივად განცალკევებით.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8----–---- დასკვნის თანახმად, მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- ხშირად ჩადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------–- და ეწეოდა მეურნეობას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. იმავე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2017 წლის 2--------------- წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 2-------------- ცნობით, მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–- 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- მუდმივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, თვითონ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მისმა ტერიტორიულმა ორგანომ გააქარწყლა მის მიერ, 2013 წლის 1--------–- მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილზე გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნა, რომ იგი 2008 წლის ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- მუდმივი მაცხოვრებელი.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა მოწმემ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა - ტ------–----–---- განმარტა, რომ მან უშუალოდ გამოკითხა ახალგორის რაიონის სოფელ ს---------- შესაბამისი მაცხოვრებლები, რომელთა უმრავლესობამ უარყო მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-ს სოფელ ს--------–- მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ამის საფუძველზე გასცა ზემოთ აღნიშნული ცნობა, ხოლო სასამართლოში, ასევე მოწმის სახით გამოძახებულმა კორინთის თემის ყოფილმა რწმუნებულმა განმარტა, რომ იგი ხშირად ვერ ხედავდა მოსარჩელე თე--------- ნა-------–-ილს, თუმცა ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი მეურნეობას აწარმოებდა სოფელ ს--------–-, სადაც მას სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი 2008 წლამდე არ ადასტურებს მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-ს ქ. თბილისში, ჭ---–---------------–---------–- ცხოვრების ფაქტს, თუმცა არც სოფელ ს--------–- ცხოვრების ფაქტზე შეიცავს ცნობებს.
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე, არ იყო ახალგორის რაიონის სოფელი ს---------. პერიოდულად, თუნდაც გარკვეული ხნით აღნიშნულ სოფელში ყოფნა ვერ განსაზღვრავს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მისი ოჯახური, სამუშაო და სხვა ყოფითი პირობების დადგენის საფუძველზე განისაზღვრება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი”. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე თე--------- ნა-------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თე--------- ნა-------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დავით წერეთელი