გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210117001914195
საქმე #2/320-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ა--ი’’
წარმომადგენელი - თო-----------------ა
მოპასუხე - შპს ,,G--’’
წარმომადგენელი - ალ---------------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი”
წარმომადგენელი - გი-----------–---–--ა
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება, სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს შპს ,,G--’’-ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის ნომერი - 2014 25016R);
1.2. აეკრძალოს შპს ,,G--’’-ის სასაქონლო ნიშნის (რეგისტრაციის ნომერი - 2014 25016R) ნებისმიერი სახით გამოყენება.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტში” შპს ,,ა--ის“ სახელზე რეგისტრირებულია საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები (რეგისტრაციის №2014 24632 და რეგისტრაციის №2014 24631) და დიზაინი №დ558 (რეგისტრაციის №2013 000745). შპს ,,ა--ი’’ უკვე მრავალი წელია აღნიშნული სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის გამოყენებით პროდუქციის წარმოებას ახორციელებს, რამაც მომხმარებლებში კონკრეტული სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის კონკრეტული კომპანიის პროდუქტთან ასოცირება განაპირობა. 2013 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,ა--ის“ სახელზე დარეგისტრირდა შემდეგი დიზაინი - ,,გურჯაანის ნაყინი”. დიზაინის მოწმობით განსაზღვრულია აღნიშნული სიტყვების გრაფიკული მონახაზი, ხაზები, კონტურები, ფერი, შრიფტი, ფორმა და სხვა. 2014 წლის 31 მარტს შპს ,,ა--ის“ სახელზე ასევე დარეგისტრირდა გამოსახულებითი და სიტყვიერი შემდეგი სასაქონლო ნიშნები: ,,გურჯაანის ნაყინი თავადური ესკიმო თხილით” და ,,გურჯაანის ნაყინი ბუმი ვანილით ესკიმო შოკოლადის სარკალში”. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს G-- - ს საკუთრებად, 2014 წლის 8 ივლისს, დარეგისტრირდა შემდეგი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი: ,,G-- გურჯაანის”. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის ნაწილი, კერძოდ ,,გურჯაანის”, არის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული დიზაინისა და სასაქონლო ნიშნის ნაწილის ,,გურჯაანის” იდენტური. იდენტურია კონტურები, ფერები, ფორმები, შრიფტი და სხვა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
შპს ,,ა--ი’’ წლების განმავლობაში წამყვანი ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რამაც მომხმარებელთა შორის გურჯაანის ნაყინის ბრენდის მიმართ გარკვეული ნდობა წარმოშვა. შპს G---ს მიერ აღნიშნული ნიშნით პროდუქციის წარმოების და რეალიზებისას მომხმარებელი შეცდომაში შედის, რადგან ეს უკანასკნელი თვლის, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქცია უკვე ბაზარზე ცნობილი კომპანიის შპს ”ა--ის” მიერ არის წარმოებული. ვინაიდან საქპატენტის მიერ შპს ,,ა--ზე“ უკვე რეგსტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშნის შპს ,,G--“ - სათვის რეგისტრაცია მოხდა, ამით ერთმნიშვნელოვნად დაირღვა და დღემდე ირღვევა მოსარჩელის, როგორც დიზაინისა და სასაქონლო ნიშნების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები. გამომდინარე აქედან უნდა მოხდეს შპს G---ს სახელზე №2014 25016 R სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება და შპს ,,G--“- სათვის აღნიშნული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაცვის ობიექტს წარმოადგენს ,,გურჯაანის ნაყინი თავადური ესკიმო თხილით” და ,,გურჯაანის ნაყინი ბუმი ვანილით ესკიმო შოკოლადის სარკალში”. ცალკე სიტყვა ,,გურჯაანის“ სასაქონლო ნიშნით დაცვის ობიექტს არ წარმოადგენს, იგი საქონლის წარმოების ადგილს მიუთითებს და ამავდროულად მოსარჩელე მხოლოდ ნაყინს აწარმოებს, ხოლო შპს ,,G--” აწარმოებს ხორც-პროდუქტებს. შესაბამისად, აღრევას ადგილი ვერ ექნება. დიზაინის შესახებ კანონით კი დაცვის ობიექტს მთლიანი პროდუქტის ერთიანი გამოხატულება წარმოადგენს და არა ამოგლეჯილად ერთი კონკრეტული გამოსახულება. შესაბამისად, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მესამე პირმა ,,საქპატენტის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისას ტარდება ექსპერტიზები. ამ შემთხვევაში ექსპერტმა მსგავსება ვერ ნახა, თუმცა არაერთ მსგავ შემთხვევაში სასამართლოების მხრიდან მომხდარა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელეს საქაპტენტში დარეგისტრირებული აქვს დიზაინი - 1) გრაფიკული სიმბოლო ,,გურჯაანის ნაყინი“ და 2) გრაფიკული კომბინაცია, სადაც გამოყენებულია გრაფიკული სიმბოლო ,,გურჯაანის ნაყინი“. დიზაინზე განაცხადის შეტანის თარიღია - 05 აპრილი 2013 წელი, რეგისტრაციის თარიღი 10 ოქტომბერი 2013 წელი, რეგისტრაციის ნომერი GE D 2013 558 S, რეგისტრაცია ძალაშია 2023 წლის 05 აპრილამდე.
3.1.2. მოსარჩელეს საქპატენტში რეგისტრირებული აქვს შემდეგი სასაქონლო ნიშნები:
· გამოსახულებითი და სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,გურჯაანის ნაყინი თავადური ესკიმო თხილით“, რეგისტრაციის ნომერი 24632, განაცხადის შეტანის თარიღი - 05 აპრილი 2013 წელი, რეგისტრაციის თარიღი 31 მარტი 2014 წელი, რეგისტრაციის ვადა 31 მარტი 2024 წელი. სასაქონლო ნიშანი დაცულია საქონლის და მომსახურების ნიცის კლასიფიკაციის 30 კლასში (რძის ნაწარმი, ნაყინი).
· გამოსახულებითი და სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,გურჯაანის ნაყინი ბუმი ვანილით ესკიმო შოკოლადის სარკალში“, რეგისტრაციის ნომერი 24631, განაცხადის შეტანის თარიღი - 05 აპრილი 2013 წელი, რეგისტრაციის თარიღი - 31 მარტი 2014 წელი, რეგისტრაციის ვადა - 31 მარტი 2024 წელი. სასაქონლო ნიშანი დაცულია საქონლის და მომსახურების ნიცის კლასიფიკაციის 30 კლასში (რძის ნაწარმი, ნაყინი).
3.1.3. მოპასუხეს საქპატენტში რეგისტრირებული აქვს გამოსახულებითი და სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,G-- გურჯაანის“, რეგისტრაციის ნომერი 25016, განაცხადის შეტანის თარიღი - 23 მა--ი 2013 წელი, რეგისტრაციის თარიღი - 08 ივლისი 2014 წელი, რეგისტრაციის ვადა - 08 ივლისი 2024 წელი. სასაქონლო ნიშანი დაცულია საქონლის და მომსახურების ნიცის კლასიფიკაციი 29, 30, 32 და 35 კლასში.
3.1.4. მოპასუხის სასაქონლო ნიშანში გამოყენებული სიტყვა ,,გურჯაანის“ თავისი შესრულებით არის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნებში და გრაფიკულ სიმბოლოში გამოყენებული სიტყვა ,,გურჯაანის“ იდენტური. იდენტურია ამ სიტყვის შესრულებისთვის გამოყენებული შრიფტი, კონტურები, ფერები, ფორმები, განლაგება.
3.1.5. მოსარჩელემ 2016 წლის 15 ნოემბრის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი დიზაინის და სასაქონლო ნიშნის მფლობელ პირს, რომელშიც გამოყენებულია გრაფიკული კონბინაცია და გრაფიკული სიმბოლო - ,,გურჯაანის ნაყინი“ და რომელიც მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანში გამოყენებული სიტყვა ,,გურჯაანის“ იდენტურია. მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ იგი სიტყვა ,,გურჯაანის“ შესრულების დიზაინზე საქპატენტში რეგისტრირებული განსაკუთრებული უფლების მფლობელია და მოპასუხისგან წარმოებული პროდუქციის შეფუთვაში ამ დიზაინის იდენტური გამოსახულების გამოყენებით შეფუთული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვა მოითხოვა.
3.1.6. მოპასუხემ მოსარჩელის 2016 წლის 15 ნოემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ მითითებული სასაქონლო ნიშანი მათი კუთვნილებაა. ამ სასაქონლო ნიშნით მიმდინარეობს ნახევარფაბრიკატების წარმოება და მომავალში ასორტიმენტის გაზრდას აპირებს. მათ შორის რძის პროდუქტების წარმოებაც იგეგმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დიზაინის რეგისტრაციის მოწმობა № D558 (ს.ფ. 17-19; 133-134);
- შპს ,,ა--ის“ სახელზე სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის მოწმობები (ს.ფ. 135-136);
- შპს G-- -ს სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 22, 137);
- მოსარჩელის და მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილები (ს.ფ. 43-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 24.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
,,დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დიზაინერი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა დიზაინი; ხოლო დიზაინის მფლობელი არის პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად.
სასამართლო განმარტავს, რომ დიზაინი არის სახვითი ხელოვნების ნაირსახეობა, რომელიც ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად იქმნება და მასზე საკუთრების უფლება დაცულია როგორც ქვეყნის კონსტიტუციითა და შიდა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, დიზაინები დაცულია კავშირის ყველა ქვეყანაში.
დიზაინის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. პროდუქტი კი არის ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული პროგრამის გარდა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალურია; მე-5 პუნქტის თანახმად, დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი; ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.
სასამართლო განმარტავს, რომ დიზაინი წარმოადგენს პროდუქტის გარეგან სახეს, რომლის დაცვის ფარგლებსაც მისი გამოსახულება განსაზღვრავს. მოქმედი კანონმდებლობით დიზაინზე საქპატენტში უფლების რეგისტრაცია განსაკუთრებული უფლების მოპოვებას განაპირობებს. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები კი წარმოიშობა საქპატენტში რეგისტრაციის შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღიდან და მასზე (დიზაინზე) გაიცემა მოწმობა. განმცხადებელი უფლებამოსილია საქპატენტში რეგისტრაციაში გაატაროს დიზაინი ერთი ან რამდენიმე 5-წლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნტის თანახმად, მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელეს საქაპტენტში დარეგისტრირებული აქვს დიზაინი - 1) გრაფიკული სიმბოლო ,,გურჯაანის ნაყინი“ და 2) გრაფიკული კომბინაცია, სადაც გამოყენებული გრაფიკული სიმბოლო ,,გურჯაანის ნაყინი“. დიზაინზე განაცხადის შეტანის თარიღია 05 აპრილი 2013 წელი, რეგისტრაცია ძალაშია 2023 წლის 05 აპრილამდე და დიზაინზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა, ხოლო სასაქონლო ნიშანზე განაცხადები შეტანილია 2013 წლის 05 აპრილს და რეგისტრაცია განხორციელდა 2014 წლის 31 მარტს. აგრეთვე დადგენილია, რომ მოპასუხეს საქპატენტში 2014 წლის 08 ივლისიდან რეგისტრირებული აქვს გამოსახულებითი და სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,G-- გურჯაანის“. სასაქონლო ნიშანზე განაცხადის შეტანის თარიღია 2013 წლის 23 მა--ი. მოპასუხის სასაქონლო ნიშანში გამოყენებული სიტყვა ,,გურჯაანის“ თავისი შესრულებით არის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნებში და გრაფიკულ სიმბოლოში გამოყენებული სიტყვა ,,გურჯაანის“ იდენტური. იდენტურია ამ სიტყვის შესრულებისთვის გამოყენებული შრიფტი, კონტურები, ფერები, ფორმები, განლაგება. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული დიზაინი და სასაქონლო ნიშნებში ჩართული სიტყვიერი ნაწილი ,,გურჯაანის“ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანში გამოყენებული სიტყვიერი ნაწილის ,,გურჯაანის“ იდენტურია. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სიტყვა ,,გურჯაანის" დაუცველი ნაწილის სახითა ჩართული სასაქონლო ნიშანში, თუმცა დაცვას ექვემდებარება არა თვად სიტყვა არამედ ამ სიტყვის გამოსახულება, ანუ შესრულების თავისებურება, მისი დიზაინი (განსხვავებული და ინდივიდუალური შესრულება).
სასამართლო განმარტავს, რომ დიზაინის და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მიზნად ისახავს განსაკუთრებული უფლების მოპოვებას ამ დიზაინის მქონე პროდუქტზე, რომელიც ასევე გამიზნულია სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად და თუ დიზაინი სრულად, ან მისი შემადგენელი ელემენტი იმდენად ემთხვევა დაცულ სასაქონლო ნიშანს, რომ მისმა გამოყენებამ შესაძლებელია მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის მწარმოებლის შესახებ, მაშინ დიზაინის და სასაქონლო ნიშნის მფლობელი უფლებამოსილია აკრძალოს მსგავსი დიზაინის გამოყენებით შექმნილი სასაქონლო ნიშნის გამოყენება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცალკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები. ამავდროულად, სასაქონლო ნიშანზე უფლების რეგისტრაცია არ ხდება თუ იგი საქართველოში დაცული დიზაინის ან საქართველოში დაცული სასაქონლო ნიშნების და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოების მსგავსია.
მოსარჩელის და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების იდენტურობის შემოწმების მიზნით საქმეში წარმოდგენილია დიზაინის და სასაქონლო ნიშნების ფერადი გამოსახულებები. გამოსახულებების ურთიერთშედარება ცხადყოფს, რომ დიზაინში და მოსარჩელის სასაქონლო ნიშანში ჩართული სიტყვა ,,გურჯაანის“ მოპასუხის სასაქონლო ნიშანში ჩართული სიტყვა ,,გურჯაანის“ იდენტურია. როგორც უკვე აღინიშნა, სიტყვაში ჩართული ასოების მოხაზულობის თავისებურება, შესრულების სტილი, გამოყენებული ფერები, კონტურები და სხვა ნიშნები მათი შესრულების იდენტურობაზე მიუთითებს.
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, დადგენილია შემდეგი: არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მტკიცებულებების ურთიერთშედარების შედეგად დადასტურდა, რომ მოპასუხე შპს ,,G--’’-ის სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტაციის შესახებ განაცხადის წარდგენამდე შპს ,,ა--ის“ უკვე წარდგენილი ჰქონდა განაცხადი იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, რომელში ჩართული სიტყვიერი გამოსახულება ,,გურჯაანის“ არის მოპასუხის მიერ წარდგენილი სასაქონლო ნიშანში ჩართული სიტყვიერი გამოსახულება ,,გურჯაანის“ იდენტური. ამავდროულად, მოსარჩელეზე სიტყვის ,,გურჯაანის“ გრაფიკული კომბინაცია საქპატენტში 2013 წლის 10 ოქტომბრიდან არის რეგისტრირებული. შესაბამისად, სიტყვა ,,გურჯაანის“ გამოსახულება (დიზაინი), მოპასუხის სახელზე სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე საქპატენტში მოსარჩელის სახელზე იყო რეგისტრირებული და იგი, როგორც ინტელექტუალურ საკუთრება, დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. გამომდინარე აქედან, სახეზეა სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები და რაც, ამავე კანონის 28-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა--ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,G--”-ს მიმართ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წინასწარ გადახდილია ქვს სახელმწიფო ბაჟი 250 ლარი. სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე შეადგენს 100 ლარს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარი (გურჯაანის რაიონული სასამართლოს 08.05.2017 წლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა) უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 100 ლარი მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ა--ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,G--”-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,G--’’-ის სახელზე სასაქონლო ნიშნის (2014 წლის 08 ივლისი, რეგისტრაციის ნომერი 25016) რეგისტრაცია;
1.2. აეკრძალოს შპს ,,G--’’-ის სასაქონლო ნიშნის (2014 წლის 08 ივლისი, რეგისტრაციის ნომერი 25016) ნებისმიერი სახით გამოყენება.
2. მოპასუხე შპს ,,G--”-ს მოსარჩელე შპს ,,ა--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელე შპს ,,ა--ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 100 ლარი (საგადახდო დავალება №13190701; გადახდის თარიღი 04.05.2017 წელი; ბანკი - სს ,,ლიბერთი ბანკი“; გადამხდელი შპს ,,ა--ი“; გადახდილი თანხა - 250 ლარი)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე