განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
130100118002556932
დავის ტიპი
126 2 ა
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/144-2018

(027010718001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი, 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ-------- წ--–---–-–---–ი, დაბადებული 1982 წლის 01 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------–ში

 

ადვოკატი - მანანა გელაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტები და 2731 მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - საჯარო

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბ-------- წ--–---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ-------- წ--–---–-–---–ი მსჯავრდებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით - სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩათვლილია პირობითად ერთი წლის გამოსაცდელი ვადით. მან 2018 წლის პირველ ივლისს, შუადღის საათებში, ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------–ში, საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - არასრულწლოვან შვილს დ----- წ--–---–-–---–ს სახეში ფეხსაცმლის და ხელის გარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი; მას შემდეგ, რაც ნათია ნოზაძემ მეუღლისგან (ბრალდებულისგან) მოითხოვა, შეეწყვიტა ბავშვის ცემა, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მასაც (ნათია ნოზაძეს) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ მკლავებში მოკიდა ხელი და წააქცია, წაქცეული ათრია თმით და თავი არტყმევინა იატაკზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბ-------- წ--–---–-–---–მა ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის პირველ ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------–ში ბ-------- წ--–---–-–---–ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულია, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, გამომშრალი მარიხუანა წონით 22,35 გრამი. მითითებული ნარკოტიკული საშუალება ბ-------- წ--–---–-–---–ის მიერ უკანონოდ იყო შეძენილი, რის შენახვასაც ასევე უკანონოდ ახდენდა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბ-------- წ--–---–-–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ):

 

ოჯახში ძალადობის ნაწილში - მოწმეების თემურ ზეინკლიშვილის, მაია ქართველიშვილის, დაზარალებულების ნათია ნოზაძისა და დ----- წ--–---–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება, ნივთიერი მტკიცებულებები, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N N 005242818; 005243918 დასკვნები.

 

ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენისა და შენახვის ნაწილში - მოწმეების თემურ ზეინკლიშვილის, ნათია ნოზაძის გამოკითხვის ოქმები, საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის N1595/სქ-1888/ქრ დასკვნა, ბრალდებულის აღიარება, ნივთიერი მტკიცებულება, ნარკოლოგიური შემოწმების N 302373 დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ოჯახში ძალადობის ჩადენისთვის ნასამართლევმა ბ-------- წ--–---–-–---–მა არასრულწლოვანი შვილის დ----- წ--–---–-–---–ისა და არასრულწლოვანის (დ----- წ--–---–-–---–ის) თანდასწრებით მეუღლის, ნათია ნოზაძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ-------- წ--–---–-–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია განცხადება, რომლის მიხედვითაც დაზარალებული ნათია ნოზაძე შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზიები; ამავე განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ არასრულწლოვანი დ----- წ--–---–-–---–იც შეურიგდა მამას (ბრალდებულს). აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არამხოლოდ არასრულწლოვანის თანდასწრებით, არამედ არასრულწლოვანის მიმართაც, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნებსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს; მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბრალდებული გასამართლებულია მეუღლის, ნათია ნოზაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და მან, პირობით მსჯავრდებულმა, გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

მოცემულ შემთხვევეში სახეზეა დანაშაულის რეციდივი, თუმცაღა ნასამართლობა მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რაც მხედველობაში უნდა მიიღოს სასამართლომ სასჯელის ვადის განსაზღვრისას.

 

ბ-------- წ--–---–-–---–ს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაც უნდა აღემატებოდეს ამ დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალურ ვადას, თუმცაღა, ვინაიდან ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, იგი (სასჯელი) არ უნდა განისაზღვროს მაქსიმალური და არც მაქსიმალურთან მიახლოებული ვადით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - მისი ჩადენისთვის ბ-------- წ--–---–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------- წ--–---–-–---–ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ბ-------- წ--–---–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები უნდა შეეზღუდოს ამავე კანონით გათვალისწინებული ვადით.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ საერთო წონით 22,35 გრამი, ჩიბუხი და ვერცხლისფერი ქაღალდი უნდა განადგურდეს; ყელსაბამი, თმის სამაგრი, საყურე და ბავშვის ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ-------- წ--–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ბ-------- წ--–---–-–---–ი ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასსამოცი საათის ვადით;

 

სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-------- წ--–---–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი) დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი (10 თვე და 14 დღე) მთლიანად შთანთქას ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბ-------- წ--–---–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლაც დაიწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 01 ივლისიდან;

 

ბ-------- წ--–---–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

ბ-------- წ--–---–-–---–ის 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ საერთო წონით 22,35 გრამი, ჩიბუხი და ვერცხლისფერი ქაღალდი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ყელსაბამი, თმის სამაგრი, საყურე და ბავშვის ფეხსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი