გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2018
საქმის ნომერი
330310018002584238
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/5067-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები - ეკატერინე კალმახელიძე,მამუკა გიორგანაშვილი,გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - ე---------------------------------------ი

წარმომადგენელი - ს---–------------

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №---------- გადაწყვეტილება ე---------------------------------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---------------------------------------ის მიმართ, რომლითაც განახლდება 2018 წლის 3 ივლისის ე---------------------------------------ის N---------- განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ე--------------------------------------- (დაბადებული 1----–-–----------–---------) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 4 ივლისის ამონაწერის თანახმად, ე---------------------------------------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 82-83);

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 84-87);

- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 88-89);

- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 101);

- საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 79);

 

3.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 28 ივნისის N---------- განცხადება ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ე---------------------------------------ის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 101);

 

3.3. ე---------------------------------------ს 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილებით დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები: კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი 12 ივლისამდე, ხოლო ცნობა ნასამართლეობის შესახებ 26 ივლისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილები (ს.ფ. 71-73);

 

3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 3 ივლისის N---------- განცხადება ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ე---------------------------------------ის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის პირველი სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შპს „მ--------“-სა და ე---------------------------------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული სამუშაოსთვის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1250 ლარს.

 

შპს „მ--------“-ს 2018 წლის 2 ივლისის N-- ცნობის თანახმად, ე---------------------------------------ი ნამდვილად მუშაობს შპს „მ--------“-ში საწყობის გამგის პოზიციაზე 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 93-95);

- ცნობა (ს.ფ. 100);

 

3.6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის S---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ე---------------------------------------ისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის S---------------- წერილი (ს.ფ. 78);

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №---------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ე---------------------------------------ის 2018 წლის 3 ივლისის განცხადება №---------- შრომითი ბინადრობის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-18).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---------------------------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №---------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.

6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის 15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე---------------------------------------ს 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილებით დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები: კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი 12 ივლისამდე, ხოლო ცნობა ნასამართლეობის შესახებ 26 ივლისამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 3 ივლისის N---------- განცხადება ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ე---------------------------------------ის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე. 2018 წლის 6 ივლისს ე---------------------------------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N---------- გადაწყვეტილება. ასევე განუმარტა, რომ თუ აღნიშნული ვადა არ იქნებოდა საკმარისი ხარვეზის შევსების საფუძვლად, დამატებით განესაზღვრათ ვადა მის შესავსებად (იხ. განცხადება, ს.ფ. 75).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა თუ არა ვალდებულება გაეთვალისწინებინა ე---------------------------------------ის 2018 წლის 6 ივლისის განცხადების მოთხოვნა. თავის მხრივ, აღნიშნული გარემოების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N---------- გადაწყვეტილებით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების პერიოდი (2018 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე) ჩაითვლებოდა თუ არა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის საკმარის დოკუმენტად. ამისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, თუ რა პერიოდს მოიაზრებს კანონი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადად და შრომითი ბინადრობის მოთხოვნისათვის დადგენილი საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღიანი ვადა შეიძლება თუ არა გახანგრძლივდეს ბინადრობის მოთხოვნის თაობაზე განცხადების განხილვამდე საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, უცხოელი ვალდებულია შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

 

ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ამავე მუხლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ამავე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების თანახმად: 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

 

ამდენად, კანონმდებელი აძლევს რა შესაძლებლობას უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადების განხილვის მიზეზით მოითხოვოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება და ამისათვის განსაზღვრავს პროცედურულ ვადას (საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე სააგენტოსათვის მიმართვის აუცილებლობას); ამასთან, ბინადრობის მოთხოვნის განცხადების საფუძვლით საქართველოდან გასვლის გადავადება დასაშვებია ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული პროცედურა არ უგულვებელყოფს უცხოელის ვალდებულებას შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე და ასევე არ ემსახურება ბინადრობის მოთხოვნის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, 40 დღიანი ვადის შევსებას. არამედ, აღნიშნული შესაძლებლობა გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც უცხოელს არ აქვს დაგეგმილი ბინადრობის მოთხოვნის წარდგენა სააგენტოსათვის და ეს აუცილებლობა წარმოიშვება ბინადრობის უფლების მომთხოვნის პირისაგან დამოუკიდებლად, რაიმე ობიექტური გარემოებებით, რომლის დადასტურების ვალდებულებაც უცხოელს ეკისრება. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებას, კერძოდ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომ უცხოელი ვერ ასრულებს საქართველოდან გასვლის ვალდებულებას, რაც არ გულისხმობს ამ ვალდებულების საკუთარი შეხედულებისამებრ შეუსრულებლობას. აღნიშნული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ბინადროების ნებართვის მოთხოვნის წარდგენა ამართლებდეს ნორმატიული აქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენის ვადის დარღვევას და იძლეოდეს გაცდენილი ვადის შევსების შესაძლებლობას საქართველოდან გასვლის გადავადების უფლების გამოყენებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს, რომ საქართველოში ბინადრობის მსურველი უცხოელი, რომელიც საქართველოში იმყოფება შესაბამისი საფუძვლით, ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით დადგენილი სააგენტოსათვის მიმართვის ვადა და წესი.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ჰქონდეს დარჩენილი საქართველოში ყოფნის ვადა არანაკლებ 40 დღისა და გაცდენილ ვადაში არ ჩაითვლება საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------------------------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №---------- გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------------------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე