განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
190100118002781129
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-884-18

(№012291118011)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ბ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------–------------------–------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-----------------------------------------.

 

ადვოკატი: ეკატერინე ბერინაშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი -რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი რასის, კანის ფერის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი ჯანმრთელობისათვს საშიში ძალადობით,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 ნოემბერს ქ.რუსთავში, დაახლოებით 19:00 საათზე, მ------------------------ მიკროავტობუსით მგზავრობდა კამერუნის მოქალაქე მ---–---------------------------ე. მასთან ერთად ამავე მიკროავტობუსში იმყოფებოდა ბ-----------–---–ი, რომელიც არ იყო კეთილგანწყობილი ფერადკანიანების მიმართ, რის გამოც მ---–---------------------------ეს დანახვისთანავე მიმართა აგრესიული ტონით, მოიხსენიებდა რა მას ,,ზანგად“, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მ---–---------------------------ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ბ-----------–---–ი იგინებოდა მისი და ზოგადად ფერადკანიანების მიმართ დედის მისამართით და უყვიროდა, რომ წასულიყო თავის ქვეყანაში და აღარ დაბრუნებულიყო საქართველოში, რადგან როგორც შავკანიანს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო საქართველოში, რითაც არსებითად ხელყო მისი უფლებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, ბ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის მ---–---------------------------ეს, მოწმეების: დ-------------ის, გ-------–-------ის, ქ-----------------ის გამოკითხვის ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმებს, საპატრულო პოლიციის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს დისკრიმინაციის აკრძალვას. კერძოდ: ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ამდენად, კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის გარეშე ისეთ საფუძვლებზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილება, ქონება, დაბადება თუ სხვა სტატუსი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 2003 წლის 6 ივნისიდან დაემატა სსკ-ის 1421-ე მუხლი, რომლის მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ადგილი არ ექნება რასობრივ დისკრიმინაციას. აღნიშნული მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს რასობრივი დისკრიმინაციისათვის. მოცემული დანაშაულით დაცულია სხვადასხვა რასისა და ერის წარმომადგენელთა თავისუფლება და თანასწორობა, ასევე სხვადასხვა კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენელთა თანასწორობა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. 1966 წლის საერთაშორისო კონვენცია „რასობრივი დისკრიმანიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1999 წლის 16 აპრილს, ასევე 1958 წლის კონვენცია შრომისა და დასაქამების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ და სხვა. რასობრივი დისკრიმინაციისაგან დამატებით დაცულია პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. რასობრივი დისკრიმინაცია გამოიხატება ისეთ ქმედებში, რომელიც ჩადენილია ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, ადამიანის უფლებების პირდაპირ და არაპირდაპირ შეზღუდვაში ან ადამიანისათვის უპირატესობის დაწესებულებაში, რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით.

რაც შეეხება ქმედებას ჩადენილს ჯანმრთელობისათვს საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, აღნიშნული მდგომარეობს მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, იარაღის დემონსტირებით და სხვა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ბ-----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბ-----------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, პატიებას სთხოვს დაზარალებულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომელმაც განმარტა, რომ შერიგებულია ბრალდებულთან, ითვალისწინებს ბოდიშის მოხდას და არ ითხოვს მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანია ასევე სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რამაც არ უნდა დატოვოს უსამართლობის განცდა დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, ბ-----------–---–ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ბოდიში მოუხადა დაზარალებულს, რომელსაც არ აქვს მის მიმართ პრეტენზია და ითხოვა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება - სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 531 მუხლით გათვალისწინებულ ???????? ???????????? ???????? ებს, რომელიც ყველა შესაბამისი დანაშაულისათის არის დადგენილი, თუკი ქმედება ჩადენილია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება, რადგან 1421-ე მუხლში მითითებულია როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაევალოს დისკრიმინაციული ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

ბ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

2. ბ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ბ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი -2018 წლის 07 დეკემბრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. ბ-----------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს დისკრიმინაციული ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე