განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
170100119002804117
დავის ტიპი
162
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

5 თებერვალი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - აფ--------–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–---------–--ს, პირადი ნომერი - 5----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული: წა-–---------------------–---------ი და მცხოვრები: ქ. მა-------–------------------------.

 

ადვოკატი - ლე-–-----------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თარჯიმანი - ელ------------ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----–-, #22-ე საარჩევნო უბანზე, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ხმის მისაცემად მისულმა აფ--------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში გაარტყა იმავე საარჩევნო უბნის კომისიის წევრს ამ----------------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII). განსახილველ საქმეში ბრალდებულ აფ--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. წინასასამართლო სხდომაზე აფ--------------მა (მისთვის შესაბამისი განმარტების შემდეგ) ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ამ----------------------ის განმარტებით საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო წა-–--ს 25-ე საარჩევნო ოლქის #22-ე უბანის კომისიის წევრი, კენჭისყრის დღეს დილით უბანზე მივიდა ამომრჩეველი აფ--------------ი, რომელმაც ჰკითხა, თუ რას აკეთებდა და მოულოდნელად ხელი გაარტყა სახის არეში და დაუწყო გინება, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც დაადასტურა; მოწმე აზ---------------მა (საუბნო კომისიის თავმჯდომარე) განაცხადა, რომ აფ--------------სა და ამ----------------------ს შორის იყო გარკვეული კონფლიქტი; მოწმე - ეკ---------------–--მა (კომისიის მდივანი) აღნიშნა, რომ მან მხოლოდ ამ----------------------ის ხმა გაიგო, რომელიც ყვიროდა „აქ შენ ხომ არ ცხოვრობ, მარნეულში ცხოვრობ და რა გინდა აქ“, თან იგინებოდა ქართულ ენაზე უწმაწური სიტყვებით; ანალოგიური განაცხადა მოწმე სა--------–---მა (კომისიის წევრი); მოწმეების - სა-------------ის (კომისიის წევრი), ჯა---–-----------ისა (კომისიის წევრი) და მუ-------–---------ის (დამკვირვებელი) განმარტებით, აფ--------------ი მოხვდა რეგისტრატორ ამ----------------------თან, ბრალდებულმა მას უთხრა, რომ შემოეტრიალებინა ჟურნალი და ისე მოაწერდა, რადგან სწორად არ გამოდიოდა, რაზეც დაზარალებულმა მას დედა შეაგინა, რასაც მოჰყვა ბრალდებულის მიერ სილის გარტყმა მარჯვენა ხელით; ბრალდებულმა აფ--------------მაც დაადასტურა მის მიერ მსუბუქად სილის გარტყმა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა დედა აგინა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ოთახში; იმავეს აცხადებენ მოწმეები - სარ------–-–-----------ი და ფი-------–---------ი (დამკვირვებლები), რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს აფ--------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტი ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობაა, ხოლო დამატებითი ობიექტია არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. [ცემა ან] სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს მაგალითად ერთხელ ფეხის ჩარტყმაში ან ხელის გარტყმაში, ხელის გადაგრეხვაში, თმაზე მოქაჩვაში და ა.შ.

 

6. სასამართლოს შეფასებით დასტურდება აფ--------------ის მიერ ამ----------------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება). სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა აფ--------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა აფ--------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც აფ--------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. აფ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს შეურიგდა და ამ უკანასკნელს არ აქვს პრეტენზია მის მიმართ, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღსანიშნავია დაზარალებულის ვიქტიმურობა.

 

8. აფ--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რაც განხორციელდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში და იმ პირის მიმართ ვინც უშუალოდ ჩართული იყო კენჭისყრის პროცესში და რაც ბუნებრივია შესაბამის შედეგებს იქონიებდა კენჭისყრის პროცესზე, სასამართლო გამორიცხავს აფ--------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად და რაც ჯარიმის გამოყენებით ვერ მიიღწევა მისი ხასიათის გამო.

 

13. აფ--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს არანაირი პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია, მხოლოდ ერთელ გარტყმას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულის გამომწვევ მოქმედებას, რაც დეტალურად ასახულია განაჩენის მე-4 პუნქტში, ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს და მისი ჩადენის ადგილს და მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული ზომა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელ და გარდაუვალ საჭიროებას არ წარმოადგენს აფ--------------ის მიერ დანიშნული სასჯელის რეალური აღსრულება პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მიზნების შესრულება მისი პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაშიც სრულებით რეალური და პროპორციულია. ამასთან, გამოსაცდელი ვადად 1 წლის განსაზღვრა ადეკვატური დროა მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აფ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

3. აფ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი