გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’
წარმომადგენელი - თ--------------–--ე
მოპასუხე - თ------------–---–ი
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „თ----------ის“ სასარგებლოდ მოპასუხე თ------------–---–ს დაეკისროს:
1.1. 2016 წლის 09 ივნისის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6163.84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4700.55 ლარი, პროცენტი - 509.53 ლარი, ჯარიმა - 948.19 ლარი და დაზღვევა - 5.57 ლარი;
1.2. 2016 წლის 15 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (ოვერდრაფტის ბარათზე) გამომდინარე დავალიანების 684.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 425 ლარი, პროცენტი - 16 ლარი და ჯარიმა - 243.31 ლარი;
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
1. 2016 წლის 09 ივნისს "თ----------სა" და მოპასუხე თ------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, სწრაფი სამომხმარებლო სესხი, შემდეგი პირობებით; თანხა 7000 ლარი; კრედიტის ვადა 1217 დღე; საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 115 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 18.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22.81%; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის 240.01 ლარის გადახდის გზით; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%; ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მოპასუხის სიცოცხლის დაზღვევა;
ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2016 წლის აგვისტოში (მოპასუხემ სრულად არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი სესხის დასაფარად), რაზედაც მას ყოველი ვადაგადაცილებისათვის ერიცხებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა დაფიქსირდა 2017 წლის 29 დეკემბერს. აღნიშნულის შემდეგ გადახდა არ ფიქსირდება, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
მოპასუხეს მოცემულ ხელშეკრულებაზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხა 2299.45 ლარი, პროცენტი - 1550.85 ლარი და პირგასამტეხლო - 515.48 ლარი;
2. 2016 წლის 15 ნოემბერს სს "თ----------სა" და მოპასუხე თ------------–---–ს შორის გაფორმდა N--------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ოვერდრაფტის ბარათზე) შემდეგი პირობებით; თანხა 240 ლარი; კრედიტის ვადა 14391 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%; ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-მდე უნდა შემცირებულიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს ყოველ 30 დღეში. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა, მოპასუხე არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს, ბოლო შენატანი ფიქსირდება 2017 წლის 29 დეკემბერს (მოპასუხემ არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი სესხის დასაფარად) აღნიშნულის შემდეგ გადახდა არ ფიქსირდება, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო;
მოპასუხეს მოცემულ ხელშეკრულებაზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხა 2795.49 ლარი, პროცენტი - 37.46 ლარი და პირგასამტეხლო - 109.12 ლარი;
საკრედიტო ვალდებულებები მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია.
წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით თ------------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამაზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა დამატებით ცნო 425 ლარის ნაწილში, კერძოდ: ძირითადი თანხის 4700.55 ლარის ნაწილში, 5.57 ლარი დაზღვევის ნაწილში და 425 ლარი ოვერდრაფტის ძირი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 09 ივნისს "თ----------სა" და მოპასუხე თ------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, სწრაფი სამომხმარებლო სესხი, შემდეგი პირობებით; თანხა 7000 ლარი; კრედიტის ვადა 1217 დღე; საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 115 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 18.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22.81%; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის 240.01 ლარის გადახდის გზით; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%; ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მოპასუხის სიცოცხლის დაზღვევა;
ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2016 წლის აგვისტოში (მოპასუხემ სრულად არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი სესხის დასაფარად), რაზედაც მას ყოველი ვადაგადაცილებისათვის ერიცხებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა დაფიქსირდა 2017 წლის 29 დეკემბერს. აღნიშნულის შემდეგ გადახდა არ ფიქსირდება, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
მოპასუხეს მოცემულ ხელშეკრულებაზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხა 2299.45 ლარი, პროცენტი - 1550.85 ლარი და პირგასამტეხლო - 515.48 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.06.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2. 2016 წლის 15 ნოემბერს სს "თ----------სა" და მოპასუხე თ------------–---–ს შორის გაფორმდა N--------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ოვერდრაფტის ბარათზე) შემდეგი პირობებით; თანხა 240 ლარი; კრედიტის ვადა 14391 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%; ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-მდე უნდა შემცირებულიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს ყოველ 30 დღეში. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა, მოპასუხე არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს, ბოლო შენატანი ფიქსირდება 2017 წლის 29 დეკემბერს (მოპასუხემ არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი სესხის დასაფარად) აღნიშნულის შემდეგ გადახდა არ ფიქსირდება, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.11.2016 წლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ------------–---–ს სს „თ----------ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ აქვს შესრულებული და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დროისთვის (6.8.2018 წელი) ერიცხება შემდეგი დავალიანება: 2016 წლის 9 ივნისისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან სწრაფი სამომხმარებლო სესხიდან გამომდინარე 6163.84 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4700.55 ლარი, პროცენტი - 509.53 ლარი, ჯარიმა - 948.19 ლარი და დაზღვევა - 5.57 ლარი, ხოლო 2016 წლის 15 ნოემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 684.31 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 425 ლარი, პროცენტი - 16 ლარი და ჯარიმა - 243.31 ლარი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
აღნიშნული თანხებიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ბანკის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხების ნაწილში, კერძოდ: სესხის ძირი თანხის 4700.55 ლარის ნაწილში, 5.57 ლარი დაზღვევის ნაწილში და 425 ლარი ოვერდრაფტის ძირი თანხის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 6/8/2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ------------–---–ისთვის დავალიანების ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრება.
5.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).
ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საკრედიტო ხელშეკრულებაზე კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანებას. აღნიშნულ ნაწილში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო საკმარის საფუძვლად მიიჩნევს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.
5.2. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ------------–---–ისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც შესაბამისობაშია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე (6848.15 ლარის ნაწილში) გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 205.45 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 5131.12 ლარის ნაწილში, სს „თ----------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის პროპორციული ბაჟის თანხა - 153.93 ლარი. ასევე ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა თ------------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 51.51 ლარის გადახდა.
მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. თ------------–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს:
2.1. 2016 წლის 09 ივნისის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6163.84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4700.55 ლარი, პროცენტი - 509.53 ლარი, ჯარიმა - 948.19 ლარი და დაზღვევა - 5.57 ლარი;
2.2. 2016 წლის 15 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (ოვერდრაფტის ბარათზე) გამომდინარე დავალიანების 684.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 425 ლარი, პროცენტი - 16 ლარი და ჯარიმა - 243.31 ლარი;
3. თ------------–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 51.51 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. სს ,,თ----------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 24.08.2018წ. N2 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (205.45 ლარიდან) 153.93 ლარი (გადამხდელი სს ,,თ----------ი“, (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,თ----------ი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი - TBCBGE22), როგორც ზედმეტად გადახდილი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე