გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
150210018002759452
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150210018002759452

2/240-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ არარატ ესოიან

სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე

მოსარჩელე: რ-------ა ხ------------ (პ/ნ 0----------);

მოპასუხე: მ----–-- ბ------------ (პ/ნ 3----------);

დავის საგანი: დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის 156 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მ----–-- ბ------------მა 2018 წლის 10 სექტემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამის გამო მოსარჩელეს დასჭირდა გარკვეული მკურნალობის ჩატარება და დღემდე მოიხმარს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, რაშიც საერთო ჯამში დახარჯა 126 ლარი, ასევე მოპასუხემ დაიხია მაისური, რომლის ღირებულებაც შეადგენს 30 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, დაუსაბუთებელი მიაჩნია, ამასთან აღიარა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს მოსარჩელეს მაისური დაუხია, მაგრამ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას არ ეთანხმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის N1/90-18 განაჩენით მ----–-- ბ------------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ რ-------ა ხ------------ის ცემის ფაქტზე. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერი ძალაში.

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, დ-------------------ში, რ-------ა ხ------------სა და მ----–-- ბ------------ს შორის მომხდარი ჩხუბისას, მ----–-- ბ------------მა თავის არეში ხელი დაარტყა რ-------ა ხ------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამასთან, საქმეზე ამოღებული იყო ნივთმტკიცება - რ-------ა ხ------------ის მაისური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის N1/90-18 განაჩენი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

3.2.1. მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ მ----–-- ბ------------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მას მაისური დაეხა, ამასთან მან მაისური შეეფასა 30 ლარად.

მოპასუხემ აღიარა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს მოსარჩელეს მაისური დაუხია, ამასთან ვერც ის უარყო, რომ მოსარჩელის მაისური 30 ლარი ღირს, ვინაიდან საწინააღმდეგო რაიმე განმარტება ან მოსაზრება არ წარმოადგინა.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----–-- ბ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით რ-------ა ხ------------ს მაისური დაეხა და მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 30 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის N1/90-18 განაჩენი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მ----–-- ბ------------ის ცემის შემდეგ მას დასჭირდა გარკვეული მკურნალობის ჩატარება და დღემდე მოიხმარს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, რაშიც საერთო ჯამში დახარჯა 126 ლარი.

მოპასუხე მხარემ უარყო აღნიშნული გარემოება და განაცხადა, რომ მოსარჩელე სხვა დაავადების გამო მკურნალობს და ასევე მოიხმარს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს.

მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოწმე სერგეი ივანიძე (მოსარჩელის შვილი), რომელმაც განმარტა, რომ დედამისი ცემის შემდეგ მკურნალობდა, მოიხმარდა ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, რომლებსაც მოწმე ყიდულობდა აფთიაქში, თუმცა რაიმე რეცეპტის გარეშე, მოწმემ არ მიუთითა შეძენილი მედიკამენტების ფასი და რაოდენობა.

ამასთან მოსარჩელის განმარტებით და მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სხვა დაავადების გამო მკურნალობს და ასევე მოიხმარს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, ამავდროულად მოსარჩელემ აღიარა, რომ არ გააჩნია ექიმის დანიშნულება და დასკვნა, რომ ცემის შედეგად დასჭირდა მკურნალობის ჩატარება სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული წამლებით.

შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეს მოპასუხე მ----–-- ბ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დასჭირდა გარკვეული მკურნალობის ჩატარება და დღემდე მოიხმარს მოსარჩელის მიერ მითითებულ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს და რაშიც საერთო ჯამში დახარჯა 126 ლარი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ამის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმის ჩვენება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე მ----–-- ბ------------ს რ-------ა ხ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 414-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამავე კოდექსის 408-ე მუხლით გათვალისწინებულია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა, აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ზუსტად და კონკრეტულად დადგენილი ზიანი (დაზარალებულის მიერ გაწეული ხარჯები), რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის N1/90-18 განაჩენით, რომელიც შესულია კანონიერი ძალაში, მ----–-- ბ------------ი (პ/ნ 3----------) რ-------ა ხ------------ის ცემის ფაქტზე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (იხ.3.1.1.).

ამასთან დადგენილია, რომ მ----–-- ბ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით რ-------ა ხ------------ს მაისური დაეხა და მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 30 ლარს (იხ.3.2.1.). ამავდროულად ვერ იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეს მოპასუხე მ----–-- ბ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დასჭირდა გარკვეული მკურნალობის ჩატარება და დღემდე მოიხმარს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს და რაშიც საერთო ჯამში დახარჯა 126 ლარი (იხ.3.2.2.).

აქედან გამომდინარე, ვალდებულების ძალით, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ზუსტად და კონკრეტულად დადგენილი ზიანის - 30 ლარის ფარგლებში (მაისურის ნაწილში).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით: 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. 3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 156 ლარი, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟი შეადგენს - 50 ლარი, მოსარჩელე გათავისუფლებულია გადახდისაგან, ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით (20%), რომლის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 10 ლარს.

შესაბამისად მოპასუხე მ----–-- ბ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დანარჩენ ნაწილს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 30916-30921-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

1. რ-------ა ხ------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე მ----–-- ბ------------ს რ-------ა ხ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 30 ლარის გადახდა;

1.2. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე მ----–-- ბ------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 (ათი) ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: არარატ ესოიან