განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/23-19
(№021090818001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი: გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული: თ----------------------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი №1----------, ს----------–----------–--ე, ს-–----–----------–---თ, დ------------–ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–------------–----------–------------------;
ადვოკატი: ნიკოლოზ ბიბილაშვილი,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათზე, გ--------------------------–---------–--–ი, გ----------–---–ის სახლის ეზოს ჭიშკართან, თ----------------------სა და რ----–-----------ს შორის პირადი წყენის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, თ----------------------მა ხელი ჰკრა რ----–-----------ს, ჩააგდო იგი საწვიმარ არხში, რის შედეგადაც ხელ-ფეხი ურტყა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში და მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, რ----–-----------ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, თ----------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ფოტოცხრილს, დაზარალებულ რ----–-----------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: გ-----------–---–ის და ს--–------------------ის გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაციას, რ-----–-----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნას, ბიოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 29 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 5 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: რ----–-----------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობები კეფის და მარჯვენა ყურის ნიჟარის მიდამოებში, კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში, ექსკორაციები გულ-მკერდის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის ქმედების ძალადობად დაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ რ----–-----------ისთვის მიყენებული დაზიანებები ერთობლიობაში ქმნის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას და დასკვნაში არ არის გამიჯნული დაზიანებების მიყენების მექანიზმი. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული სასამართლო-სამედიცინო დასკვნა მხარეთა შორის შეთანხმებული უდავო მტკიცებულებაა და ბრალდების მხარემ სწორედ დასკვნაზე დაყრდნობით შეაფასა ბრალდებულის ქმედება. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაკვალიფიცირების საფუძველია დამდგარი შედეგი ჯანმრთელობის დაზიანების სახით და არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე. დაზარალებულის მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები ადასტურებს ბრალდებულის მიერ რ----–-----------ისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტს, თუმცა დაზიანებები მიეკუთვნება თუ არა მსუბუქ ხარისხს, განისაზღვრა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შესაბამისად მოსაზრება, რომ მსუბუქი ხარისხის დაზიანებად ვერ ჩაითვლება მხოლოდ მარჯვენა ყურის მიდამოსა და გულ-მკერდის მიდამოში არსებული ექსკორაციები, ხოლო კეფის არეში მიყენებული დაჟეჟილი ჭრილობა არ უნდა შეერაცხოს ბრალდებულს, ვინაიდან იგი მიყენებულია დაცემის შედეგად - საფუძველს მოკლებულია. ამ გარემოების დასადგენად არარელევანტურია დაზარალებულის ჩვენებების იმ ნაწილზე მითითება, სადაც იგი შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვადასხვა პირებს ასახელებს, ბრალდებულის დარტყმა გამოიწვევდა თუ არა მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, დასკვნაში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოდ დადგენისთვის დაცვის მხარეს აქცენტი უნდა გაეკეთებინა დასკვნისა და მასთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაზე და არა დაზარალებულის ჩვენებებზე. ამ შემთხვევაში სასამართლოს არ აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი და მიაჩნია, რომ მასში ასახული გარემოებები სრულად შეესაბამება სხვა მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს.
ამდენად. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
თ----------------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი და არის ერთადერთი მარჩენალი, აღენიშნება მარცხენა იდაყვის სახსრის ანკილოზი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, თ----------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ეკონომიურ, ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაზარალებულის დამოკიდებულებას და კონფლიქტის წარმოშობის პირობებს (დაზარალებული ბრალდებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას) ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია და ძირითადი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
თ----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდის ნიმუში, რ----–-----------ის სისხლის ნიმუში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო „I------s“ მოდელის მობილური ტელეფონი თავის შალითით, ფეხსაცმელი, რ----–-----------ის მაისური, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. თ----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდის ნიმუში, რ----–-----------ის სისხლის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო „I------s“ მოდელის მობილური ტელეფონი თავის შალითით, ფეხსაცმელი, რ----–-----------ის მაისური, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს. (ინახება საქართველოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში).
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე